ოქტომბერი
პარასკევი, 1 ოქტომბერი
იეჰოვას თვალები აკვირდება მთელ დედამიწას, რომ თავისი ძალით დაეხმაროს მათ, ვინც მთელი გულით ემსახურება (2 მატ. 16:9).
უამრავი რამ მოწმობს იმაზე, რომ იეჰოვა დღეს ზრუნავს თავის ხალხზე. მაგალითად, ჩვენ ვქადაგებთ და ჭეშმარიტებას ვასწავლით ხალხს დედამიწის ყველა კუთხეში (მათ. 28:19, 20). ასეთი სახით ფარდას ვხდით ეშმაკის ბოროტ საქმეებს. დარწმუნებული იყავით: სატანას რომ შეძლებოდა, აუცილებლად შეაჩერებდა ჩვენს საქმიანობას; მაგრამ მას ამის გაკეთების ძალა არ შესწევს. ამიტომ არ უნდა გვეშინოდეს ბოროტი სულების. თუ იეჰოვასადმი ერთგულებას შევინარჩუნებთ, დემონები გამოუსწორებელ ზიანს ვერ მოგვაყენებენ. თუმცა თითოეული უნდა შევეწინააღმდეგოთ ბოროტ სულებს და მივენდოთ იეჰოვას. ასე მოქცევა უამრავ კურთხევას მოგვიტანს. სატანა ვერ შეგვაცდენს თავისი ტყუილებით და დემონების შიში ვერ შეგვაწყვეტინებს იეჰოვასადმი მსახურებას. რაც ყველაზე მთავარია, უფრო დავუახლოვდებით ჩვენს ღმერთს. მოწაფე იაკობი წერდა: „წინააღმდეგობა გაუწიეთ ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან. დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკ. 4:7, 8). w19.04 24 ¶15; 25 ¶18
შაბათი, 2 ოქტომბერი
ჯილდოა მუცლის ნაყოფი (ფსალმ. 127:3).
შვილები ჯილდოა ღვთისგან, „მემკვიდრეობა იეჰოვასგან“. მშობლებო, შვილების დაცვის პასუხისმგებლობა იეჰოვამ თქვენ მოგანდოთ! რა შეგიძლიათ გააკეთოთ, რომ ისინი სექსუალური ძალადობისგან დაიცვათ? პირველი, მოიძიეთ ინფორმაცია ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შესახებ. გაიგეთ, როგორი ადამიანები ძალადობენ ბავშვებზე და რა მეთოდებს მიმართავენ მათ შესაცდენად. ყურადღებით იყავით, თუ რაიმე საფრთხეს იგრძნობთ (იგავ. 22:3; 24:3). არ დაგავიწყდეთ, რომ ხშირ შემთხვევაში მოძალადე ის ადამიანია, ვისაც ბავშვი კარგად იცნობს და ენდობა. მეორე, კარგი კომუნიკაცია იქონიეთ შვილებთან (კან. 6:6, 7; იაკ. 1:19). გაითვალისწინეთ, რომ ბავშვებს, რომლებზეც სექსუალურად იძალადეს, ხშირად აშინებთ ამაზე საუბარი. ისინი შეიძლება ფიქრობენ, რომ არავინ დაუჯერებს; ან შესაძლოა მოძალადე დაემუქრა, რომ, თუ სხვებს ეტყოდა ამის შესახებ, რამეს დაუშავებდა. თუ ატყობთ თქვენს შვილს, რომ რაღაც აწუხებს, რბილად დაუსვით კითხვები და მოთმინებით მოუსმინეთ, რათა გაიგოთ მისი გულისნადები. მესამე, ასწავლეთ შვილებს. ასწავლეთ, რა თქვან ან როგორ მოიქცნენ, თუ ვინმე მათ შეუფერებლად შეეხება. w19.05 13 ¶19—22
კვირა, 3 ოქტომბერი
ამაყი გულის ადამიანი სძულს იეჰოვას (იგავ. 16:5).
რატომ სძულს იეჰოვას ამაყი ხალხი? ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ საკუთარ თავზე შეყვარებული ადამიანები, რომლებიც სხვებსაც ეგოიზმისკენ მოუწოდებენ, სატანის მსგავსად ქედმაღლები ხდებიან. წარმოიდგინეთ, სატანამ ისიც კი დაიჯერა, რომ იესო, რომელიც ღმერთთან ერთად ქმნიდა სამყაროს, დაემხობოდა და თაყვანს სცემდა მას! (მათ. 4:8, 9; კოლ. 1:15, 16). იმ ადამიანთა სიბრძნე, რომელთაც თავი დიდი ვინმე ჰგონიათ, უგუნურებაა ღვთისთვის (1 კორ. 3:19). თუმცა ბიბლია გვეხმარება, რომ საკუთარ თავზე გაწონასწორებული შეხედულება გვქონდეს. მასში ნათქვამია, რომ საკუთარი თავის ზომიერად სიყვარული მართებულიც კია. იესომ თქვა: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“ (მათ. 19:19). ეს იმას ნიშნავს, რომ გონიერების ფარგლებში საკუთარ მოთხოვნილებებზე უნდა ვიზრუნოთ. თუმცა ბიბლია არ მოგვიწოდებს, რომ სხვებს თავი გადავამეტოთ. პირიქით, ის ამბობს: „ნურაფერს გააკეთებთ მეტოქეობითა და პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით ჩათვალეთ სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად“ (ფილ. 2:3; რომ. 12:3). w19.05 24 ¶13, 14
ორშაბათი, 4 ოქტომბერი
ნუღარ იცხოვრებთ ქვეყნიერების ყაიდაზე, არამედ შეიცვალეთ აზროვნება და გარდაიქმენით (რომ. 12:2).
გაიხსენეთ, რა ცვლილებების მოხდენა მოგიწიათ, როცა ჭეშმარიტების გაგების შემდეგ იეჰოვასადმი მსახურება გადაწყვიტეთ. ბევრმა ჩვენგანმა მიატოვა არასწორი ცხოვრების წესი (1 კორ. 6:9—11). ძალიან მადლიერები ვართ, რომ იეჰოვა ცოდვილი მიდრეკილებების დაძლევაში დაგვეხმარა. არასდროს უნდა ვიფიქროთ, რომ ცვლილებების მოხდენა აღარ გვჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ნათლობამდე შევწყვიტეთ სერიოზული ცოდვების ჩადენა, კვლავაც ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ არ დავუბრუნდეთ ცოდვილ საქმეებს. ამისათვის ორი რამ მოგვეთხოვება. პირველი, აღარ უნდა ვიცხოვროთ ქვეყნიერების ყაიდაზე, ანუ აღარ უნდა მივცეთ ჩვენზე გავლენის მოხდენის საშუალება. და მეორე, აზროვნება უნდა შევიცვალოთ და გარდავიქმნათ. გარდაქმნა გარეგნულ ცვლილებაზე მეტს ნიშნავს. ის ჩვენი პიროვნების ყველა მხარეს მოიცავს. ჩვენ უნდა გარდავქმნათ გონება, რაშიც ჩვენი ფიქრები, მიდრეკილებები და თვისებები იგულისხმება. w19.06 9 ¶4—6
სამშაბათი, 5 ოქტომბერი
შენ ხარ ჩემი შემწე და ნუგეშისმცემელი, იეჰოვა! (ფსალმ. 86:17)
როცა თავს ვგრძნობთ დათრგუნულად ვგრძნობთ, ქრისტიანული შეხვედრები ძალას გვმატებს. როცა კრებებს ვესწრებით, იეჰოვას ჩვენი დახმარებისა და ნუგეშისცემის საშუალებას ვაძლევთ. კრება ის ადგილია, სადაც იეჰოვა წმინდა სულის, თავისი სიტყვისა და თავისი ხალხის მეშვეობით გვაძლიერებს. შეხვედრებზე საშუალება გვეძლევა, „გავამხნეოთ ერთმანეთი“ (რომ. 1:11, 12). ერთი და, სოფია ამბობს: „იეჰოვა და და-ძმები დამეხმარნენ, რომ ყველაფრისთვის გამეძლო. კრებაზე ყოფნა ჰაერივით მჭირდებოდა. შევნიშნე, რომ, რაც უფრო აქტიური ვიყავი კრებასა და მსახურებაში, მით უკეთ ვუმკლავდებოდი სტრესსა თუ საწუხარს“. გულგატეხილობის დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იეჰოვა არა მხოლოდ ერთხელ და სამუდამოდ მოგვაშორებს ყოველგვარ საწუხარს, არამედ დღესვე გვეხმარება ემოციურად დამთრგუნველ სიტუაციებთან გამკლავებაში. ის სურვილსაც გვიჩენს და ძალასაც გვაძლევს, რომ დავძლიოთ გულგატეხილობა და უიმედობა (ფილ. 2:13). w19.06 19 ¶17, 18
ოთხშაბათი, 6 ოქტომბერი
წადით და უთხარით ჩემს ძმებს, რომ გალილეაში წავიდნენ და იქ მნახავენ (მათ. 28:10).
მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესოს მაშინვე სურს მოწაფეებთან შეხვედრა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათ ძალიან მნიშვნელოვანი მითითებები უნდა მისცეს. მოწაფეებთან შეხვედრისას იესომ ისაუბრა უაღრესად მნიშვნელოვან დავალებაზე, რომელსაც პირველ საუკუნეში მისი მოწაფეები შეასრულებდნენ, და რომელსაც დღეს ჩვენ ვასრულებთ. იესომ თქვა: „ამიტომ წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან, . . . ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ“ (მათ. 28:19, 20). იესომ ქადაგების საქმე მხოლოდ 11 ერთგულ მოციქულს როდი მიანდო. მან ეს დავალება ყველა მოწაფეს მისცა. საიდან ვიცით ეს? როცა იესომ გალილეის მთაზე შეკრებილ თავის მიმდევრებს მოწაფეების მომზადება დაავალა, იქ მოციქულების გარდა სხვებიც იმყოფებოდნენ. გავიხსენოთ, რა უთხრა ანგელოზმა ქალებს: „იქ [გალილეაში] ნახავთ მას“ (მათ. 28:7). აქედან გამომდინარე, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთგული ქალებიც მთაზე შეკრებილებს შორის იყვნენ. w20.01 2, 3 ¶1—4
ხუთშაბათი, 7 ოქტომბერი
თქვენ ქვეყნიერების ნაწილი არ ხართ, მე გამოგარჩიეთ ქვეყნიერებისგან და ამიტომ სძულხართ მას (იოან. 15:19).
იესომ აგვიხსნა, რატომ არ უნდა გაგვკვირვებოდა წინააღმდეგობა. მან თქვა, რომ ჩვენ არ ვიქნებოდით ქვეყნიერების ნაწილი და ხალხი შეგვიძულებდა ამის გამო. ასე რომ, დევნა იეჰოვას კეთილგანწყობის დაკარგვას კი არ ნიშნავს, არამედ იმაზე მიუთითებს, რომ სწორად ვიქცევით ღვთის თვალში! ხალხის მხრიდან წინააღმდეგობა ვერასდროს შეაჩერებს ყოვლისშემძლე ღვთის, იეჰოვას თაყვანისმცემლობას. ბევრი შეეცადა ამის მიღწევას, მაგრამ ამაოდ! გავიხსენოთ, რა მოხდა II მსოფლიო ომის დროს. იმ პერიოდში არაერთი ქვეყნის მთავრობამ დაიწყო ღვთის ხალხის სასტიკი დევნა. იეჰოვას მოწმეების საქმიანობა არა მარტო ნაცისტებმა აკრძალეს გერმანიაში, არამედ ავსტრალიის, კანადისა და სხვა ქვეყნების მთავრობებმაც. თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. 1939 წელს, როცა ომი დაიწყო, მსოფლიოში 72 475 მაუწყებელი იყო, 1945 წელს კი, ომის დასასრულს, იეჰოვას კურთხევით მაუწყებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მათმა რიცხვმა 156 299-ს მიაღწია. w19.07 9 ¶4, 5
პარასკევი, 8 ოქტომბერი
ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, თუკი ერთმანეთი გეყვარებათ (იოან. 13:35).
მაშინაც კი, თუ ამჟამად არავის ასწავლით ბიბლიას, შეგიძლიათ მოწაფეების მომზადების საქმეს სხვა სახით დაუჭიროთ მხარი. მაგალითად, თუ გულთბილად მიიღებთ მათ, ვინც ახლახან დაიწყო კრების შეხვედრებზე სიარული, დაარწმუნებთ, რომ ჭეშმარიტ ქრისტიანებს სიყვარული გამოგვარჩევს. კრების შეხვედრებზე თქვენ მიერ გაცემული თუნდაც მოკლე პასუხები ასწავლის ახლებს, რომ თავიანთი რწმენა გულწრფელად და პატივისცემით გამოხატონ. გარდა ამისა, შეგიძლიათ ახალ მაუწყებელს მსახურება დაუგეგმოთ და ბიბლიური მუხლების საფუძველზე მსჯელობა ასწავლოთ. ასეთი სახით მას ქრისტეს მიბაძვას ასწავლით (ლუკ. 10:25—28). ბევრ ჩვენს და-ძმას გადატვირთული გრაფიკი აქვს, რადგან არაერთი მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აკისრია. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც პოულობენ დროს ბიბლიის შესწავლების ჩასატარებლად, რაც მათ დიდ სიხარულს ანიჭებს. w19.07 17 ¶11, 13
შაბათი, 9 ოქტომბერი
ვივიწყებ იმას, რაც უკან დარჩა, და ვისწრაფვი . . . მიზნისკენ (ფილ. 3:13, 14).
მოციქული პავლე წარსულ მიღწევებსა თუ შეცდომებს არ რთავდა ნებას, რომ ღვთის მსახურებიდან სხვა რამეზე გადაეტანა ყურადღება. როგორც თავად თქვა, იმის დავიწყება, „რაც უკან დარჩა“, აუცილებელი იყო, რათა ესწრაფა იმისკენ, რაც წინ იყო, ანუ ბოლომდე გაერბინა სარბიელი. რას შეიძლებოდა პავლეს ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა? პირველი, ის იუდეველებს შორის ძალიან წარმატებული იყო, თუმცა ამ ყველაფერს „დიდ ნაგვად“ მიიჩნევდა (ფილ. 3:3—8). მეორე, შესაძლოა პავლეს დანაშაულის გრძნობა აწუხებდა, რადგან ერთ დროს ქრისტიანების მდევნელი იყო, თუმცა ამ უარყოფით გრძნობას არ დართო ნება, ღვთის მსახურებაში უმოქმედო გაეხადა. და მესამე, მას არ უფიქრია, რომ საკმარისად გაისარჯა იეჰოვასთვის. სირთულეების დროს პავლე კვლავაც ბევრს აკეთებდა ღვთისთვის. ის არაერთხელ დააპატიმრეს, სცემეს, გაჯოხეს და ჩაქოლეს კიდეც; მან ხომალდის მსხვრევაც გადაიტანა, იყო პერიოდი, როცა საჭმელი და ტანსაცმელიც კი არ ჰქონდა (2 კორ. 11:23—27). მართალია, მან ბევრ ადამიანს უქადაგა და ბევრიც ეტანჯა, მაგრამ იცოდა, რომ კვლავაც გულმოდგინედ უნდა გაეგრძელებინა იეჰოვას მსახურება. ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ. w19.08 3 ¶5
კვირა, 10 ოქტომბერი
გგზავნით, როგორც ცხვრებს მგლებში (მათ. 10:16).
ბევრი და-ძმა, რომლებიც ისეთ ქვეყნებში ცხოვრობენ, სადაც კარდაკარ და საჯაროდ ქადაგება შეზღუდულია, ქადაგების სხვა საშუალებებს ეძებენ (მათ. 10:17—20). ერთ-ერთ ასეთ ქვეყანაში სარაიონო ზედამხედველმა მაუწყებლებს ურჩია, რომ თითოეულს საკუთარი „სამქადაგებლო უბანი“ შეექმნა, რომელშიც შევიდოდნენ ნათესავები, მეზობლები, კლასელები, თანამშრომლები და ნაცნობები. ორი წლის მანძილზე იმ რაიონში კრებების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. შეიძლება ჩვენს ქვეყანაში თავისუფლად ვქადაგებთ, თუმცა ამ მოხერხებული და-ძმებისგან მნიშვნელოვან გაკვეთილს ვსწავლობთ: თუ ყველანაირად ვეცდებით სხვებთან ქადაგებას, იეჰოვა აუცილებლად მოგვცემს ძალას, რომ დაბრკოლებების მიუხედავად არ შევწყვიტოთ ეს საქმე (ფილ. 2:13). დღეს განსაკუთრებულ პერიოდში ვცხოვრობთ, ამიტომ მოდი ყოველთვის დავრწმუნდეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია, ვიყოთ უმწიკვლოები, არ დავაბრკოლოთ სხვები და გამოვიღოთ „სიმართლის ნაყოფი“. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ, გავიღრმაოთ სიყვარული და დიდება მივაგოთ ჩვენს მზრუნველ მამას, იეჰოვას! w19.08 13 ¶17, 18
ორშაბათი, 11 ოქტომბერი
მინახავს ცხენებზე ამხედრებული მსახურები და მსახურებივით ფეხით მავალი მთავრები (ეკლ. 10:7).
ცხადია, არავის სიამოვნებს ჯიუტ და თავისნათქვამა ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც არასდროს ითვალისწინებენ სხვის რჩევას. ამის საპირისპიროდ, ყველას მოსწონს იმ თანაქრისტიანების გვერდით ყოფნა, რომლებიც „გულისხმიერნი, ძმათმოყვარენი, დიდად თანამგრძნობნი და თავმდაბალნი“ არიან (1 პეტ. 3:8). თუ ჩვენ გვიზიდავს სხვებში თავმდაბლობა, ფაქტია, მათაც მიიზიდავს ჩვენში ამ თვისების დანახვა. თავმდაბლობა ცხოვრებას გვიადვილებს. ზოგჯერ შეიძლება ვიფიქროთ, რომ უსამართლობის მსხვერპლი ვართ ან სხვებს ექცევიან უსამართლოდ. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ნიჭიერი ადამიანი არ დააფასონ, ნაკლები შესაძლებლობების მქონეს კი განსაკუთრებული პატივისცემით მოეპყრონ. სოლომონი მიხვდა, რომ სჯობს ადამიანმა უარყოფითზე კი არ გაამახვილოს მეტისმეტი ყურადღება, არამედ რეალობა ისეთი მიიღოს როგორც არის (ეკლ. 6:9). თავმდაბლობა დაგვეხმარება, მაშინაც კმაყოფილი ვიყოთ, როცა ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ვისურვებდით. w19.09 4, 5 ¶9, 10
სამშაბათი, 12 ოქტომბერი
მამებო, . . იეჰოვას მოსაწონად აღზარდეთ და დაარიგეთ [შვილები] (ეფეს. 6:4).
მათ, ვისაც გარკვეული ძალაუფლება აქვთ, მაგალითად მამებს, შესაძლებლობა ეძლევათ თავიანთი ძალაუფლება სხვების სასიკეთოდ გამოიყენონ. იეჰოვამ მამაკაცი ოჯახის თავად დანიშნა და მოელის, რომ, როგორც მამა, შვილების აღზრდაზე იზრუნებს (1 კორ. 11:3). თუმცა მამის ძალაუფლება შეზღუდულია, რადგან პასუხს აგებს ღვთის წინაშე, „ვისაც ყოველი ოჯახი . . . უნდა უმადლოდეს თავისი სახელისთვის“ (ეფეს. 3:14, 15). ღვთის მორჩილი მამა ძალაუფლებას იეჰოვას მოსაწონად იყენებს. მამებო, ბოროტად ნუ გამოიყენებთ იეჰოვასგან ბოძებულ ძალაუფლებას. აღიარეთ თქვენი შეცდომები და გაითვალისწინეთ სხვების მიერ მოცემული ბიბლიური რჩევები. ასეთი სახით თავმდაბლობას გამოავლენთ, რასაც თქვენი ოჯახის წევრები აუცილებლად შენიშნავენ და დააფასებენ. როცა მათთან ერთად ლოცულობთ, გულწრფელები იყავით იეჰოვასთან. დაანახვეთ ოჯახის წევრებს, რომ ღვთის ხელმძღვანელობას საჭიროებთ. რაც ყველაზე მთავარია, ღვთისმსახურებას თქვენს ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი დაუთმეთ (კან. 6:6—9). თქვენი კარგი მაგალითი სასიკეთოდ იმოქმედებს თქვენს ოჯახზე. w19.09 15 ¶8; 17 ¶14; 18 ¶16
ოთხშაბათი, 13 ოქტომბერი
თბილად დახვდით [მარკოზს], თუკი თქვენთან ჩამოვა (კოლ. 4:10).
მთელი სიცოცხლის მანძილზე მარკოზი გულმოდგინედ და სიხარულით ემსახურებოდა სხვებს. როცა მოციქულები, პეტრე და პავლე თავიანთ პასუხისმგებლობებს ასრულებდნენ, შესაძლოა მათ საჭიროებებზე სწორედ მარკოზი ზრუნავდა (საქ. 13:2—5; 1 პეტ. 5:13). პავლესთვის მარკოზი დამხმარე და გამაძლიერებელი იყო. ის მოციქულმა მათ შორის მოიხსენია, ვისაც თანამსახურები უწოდა „ღვთის სამეფოსთვის“ (კოლ. 4:11). მარკოზი პავლეს ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი იყო. დაახლოებით ახ. წ. 65 წელს, როცა პავლე რომში ბოლოჯერ დააპატიმრეს, მან ტიმოთეს მეორე წერილი მისწერა. პავლე ტიმოთეს სთხოვდა, რომ მასთან ჩასულიყო რომში და მარკოზიც თან ჩაეყვანა (2 ტიმ. 4:11). უეჭველია, პავლე ძალიან აფასებდა მარკოზის ერთგულ მსახურებას, ამიტომ სურდა, რომ უკანასკნელ წუთებში ის მის გვერდით ყოფილიყო. იმ პერიოდში მარკოზი შესაძლოა პავლეს საჭიროებებზეც ზრუნავდა, მაგალითად მისთვის საკვები ან საწერი მასალა მიჰქონდა. ალბათ, ასეთი მხარდაჭერა და გამხნევება პავლე მოციქულს სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში მოთმინების ძალას მისცემდა. w20.01 11 ¶12, 13
ხუთშაბათი, 14 ოქტომბერი
მოდით ჩემთან (მათ. 11:28).
როგორც ღვთის მსახურები, მზად ვართ, გულმოდგინედ ვიშრომოთ და თავგანწირვის სული გამოვავლინოთ. იესოს გაფრთხილების თანახმად ვიცით, რომ დევნა გარდაუვალია, თუმცა მოველით, რომ იეჰოვა ნებისმიერ დაბრკოლებას გადაგვალახვინებს. რაც მეტად მოვითმენთ, მით მეტად გაგვიძლიერდება რწმენა (იაკ. 1:2—4). ღვთის მსახურები იმასაც მოველით, რომ იეჰოვა იზრუნებს ჩვენს საჭიროებებზე; იესო, როგორც მწყემსი, გვიხელმძღვანელებს; და-ძმები კი გაგვამხნევებენ (მათ. 6:31—33; იოან. 10:14; 1 თეს. 5:11). სისხლდენით გატანჯული ქალი განკურნებისთანავე გამოცოცხლდა (ლუკ. 8:43—48). მაგრამ, თუ ის ქრისტეს ერთგული მოწაფე გახდებოდა, მისი სიხარული მარადიულად გასტანდა. თქვენი აზრით, როგორ წარიმართა მისი ცხოვრება? თუ ამ ქალმა ქრისტეს უღელი დაიდგა, წარმოუდგენელ ჯილდოს მიიღებდა — მას იესოსთან ერთად ზეცაში მსახურების შესაძლებლობა მიეცემოდა. ეს იქნებოდა ჯილდო, რომელიც მის მიერ გაღებულ ნებისმიერ მსხვერპლს გადაწონიდა. არა აქვს მნიშვნელობა, დედამიწაზე ველით მარადიულ სიცოცხლეს თუ ზეცაში, მადლიერები ვართ, რომ შეგვიძლია გამოვეხმაუროთ იესოს მოწვევას: „მოდით ჩემთან“! w19.09 25 ¶21, 22
პარასკევი, 15 ოქტომბერი
სიბრძნით აშენდება ოჯახი და გამჭრიახობით განმტკიცდება (იგავ. 24:3).
დავითსა და მის თანმხლებ მამაკაცებს, დახმარება დასჭირდათ. უდაბნოში ყოფნის დროს ისინი ერთი მდიდარი ებრაელის, ნაბალის ცხვარს იცავდნენ, ამიტომ არ მოერიდათ, მისთვის ცოტაოდენი საკვები ეთხოვათ. მაგრამ ძუნწმა და ეგოისტმა ნაბალმა ისინი უარით გაისტუმრა. განრისხებულმა დავითმა გადაწყვიტა, თავს დასხმოდა ნაბალს და მის სახლში ყველა მამაკაცი გაეწყვიტა (1 სამ. 25:3—13, 22). თუმცა ნაბალის ცოლმა, აბიგაილმა, რომელიც არა მარტო ლამაზი, არამედ გონიერიც იყო, დიდი გაბედულება გამოიჩინა. ის ფეხებში ჩაუვარდა დავითს და სთხოვა, თავი შეეკავებინა სისხლისღვრისგან. მან ტაქტიანად ურჩია დავითს, იეჰოვასთვის მიენდო ეს საქმე. აბიგაილის თავმდაბლურმა რჩევამ და გონივრულმა საქციელმა დავითზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის მიხვდა, რომ აბიგაილი მასთან იეჰოვამ გაგზავნა (1 სამ. 25:23—28, 32—34). ღვთისმოსაწონმა თვისებებმა აბიგაილი იეჰოვასთვის გამოსადეგ ადამიანად აქცია. მსგავსად, იმ ქრისტიან დებს, რომლებიც ტაქტიანობასა და გონიერებას იჩენენ, იეჰოვა ოჯახისა და თანაქრისტიანების გასამხნევებლად იყენებს (ტიტ. 2:3—5). w19.10 23 ¶10
შაბათი, 16 ოქტომბერი
გამოდით დიდი ბაბილონიდან, ჩემო ხალხო, თუ არ გინდათ, რომ მისი ცოდვების თანამონაწილენი იყოთ და მისთვის გამოტანილი სასჯელი დაიტეხოთ (გამოცხ. 18:4).
ჭეშმარიტ ქრისტიანს არაფერი უნდა აკავშირებდეს დიდ ბაბილონთან. ბიბლიის შემსწავლელი შეიძლება ცრუ რელიგიის მიმდევარი იყო. შესაძლოა ესწრებოდა რელიგიურ მსახურებას, მხარს უჭერდა მათ საქმიანობას ან შესაწირავს იღებდა რომელიმე ორგანიზაციისთვის. სანამ ბიბლიის შემსწავლელი მოუნათლავი მაუწყებელი გახდება, ყველანაირი კავშირი უნდა გაწყვიტოს ცრუ რელიგიასა თუ იმ ორგანიზაციასთან, რომელიც დიდი ბაბილონის ნაწილია. ამისთვის მას შეიძლება განცხადების დაწერა ან სხვა ზომების მიღება დასჭირდეს. ქრისტიანი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მისი სამუშაო არანაირად არ უკავშირდება დიდ ბაბილონს (2 კორ. 6:14—17). რატომ გვაქვს ასეთი მტკიცე პოზიცია ამ საკითხზე? იმიტომ რომ, არ გვსურს, იმ საქმეებისა და ცოდვების თანამონაწილე გავხდეთ, რომლებსაც ღვთისთვის უწმინდური რელიგიური ორგანიზაციები სჩადიან (ეს. 52:11). w19.10 12 ¶16, 17
კვირა, 17 ოქტომბერი
იეჰოვა გულმოწყალე და თანამგრძნობია, . . . არც მუდმივად დაგდებს ბრალს და არც მარადიულად გაგინაწყენდება (ფსალმ. 103:8, 9).
იერემიას მიერ დაწერილი წიგნი მისივე სახელით გახდა ცნობილი. ვარაუდობენ, რომ წიგნები „პირველი მეფეები“ და „მეორე მეფეებიც“ მან დაწერა. ამ დავალების შესრულების დროს მან აშკარად დაინახა, როგორი გულმოწყალეა ღმერთი არასრულყოფილი ადამიანების მიმართ. მაგალითად, იერემიამ იცოდა, რომ იეჰოვამ არ ახილვინა ახაბს თავისი ოჯახის განადგურება (1 მეფ. 21:27—29). მან ისიც იცოდა, რომ მონანიების შემდეგ იეჰოვამ მეფე მენაშეს იმაზე მძიმე ცოდვები აპატია, ვიდრე ახაბს ჰქონდა ჩადენილი (2 მეფ. 21:16, 17; 2 მატ. 33:10—13). ეჭვგარეშეა, ეს მაგალითები დაეხმარებოდა იერემიას, მიებაძა იეჰოვასთვის და თავადაც გამოევლინა მოთმინება და გულმოწყალება. დავფიქრდეთ, რა გააკეთა იერემიამ ბარუქისთვის, როცა მან მსახურებიდან ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანა. ნაცვლად იმისა, რომ მაშინვე შეეწყვიტა მასთან მეგობრობა, იერემიამ თბილად, მაგრამ პირდაპირ გადასცა იეჰოვას სიტყვები (იერ. 45:1—5). w19.11 6 ¶14, 15
ორშაბათი, 18 ოქტომბერი
ღმერთი უსამართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი შრომა და სიყვარული, რომელიც მისი სახელისთვის გამოავლინეთ (ებრ. 6:10).
წიგნ „ლევიანებიდან“ ვიგებთ, რომ ისრაელებს მადლიერების ნიშნად შეეძლოთ მშვიდობის მსხვერპლი გაეღოთ (ლევ. 7:11—13, 16—18). ამ მსხვერპლის გაღებას მათ კანონი არ ავალდებულებდა. იეჰოვასადმი მსახურება შეგვიძლია მშვიდობის მსხვერპლს შევადაროთ, რადგან ამ დროს ჩვენი გულის მდგომარეობა ვლინდება. ჩვენ საუკეთესოს ვიღებთ იეჰოვასთვის, რადგან მთელი არსებით გვიყვარს ის. იეჰოვას ძალიან სიამოვნებს იმის დანახვა, რომ მილიონობით ადამიანი სიყვარულით ემსახურება. ღმერთი არა მხოლოდ ჩვენს საქმეებს აფასებს, არამედ ჩვენს მოტივებსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. თუ ასაკის გამო იმდენს ვეღარ აკეთებთ, რამდენიც გულით გწადიათ, დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვას ესმის თქვენი. შეიძლება ფიქრობთ, რომ ბევრს ვერაფერს აკეთებთ იეჰოვასთვის, მაგრამ გჯეროდეთ, რომ ის თქვენში სიყვარულით სავსე გულებს ხედავს და აფასებს, რომ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად იხარჯებით მისთვის. მას სიამოვნებს თქვენ მიერ გაღებული მსხვერპლი. w19.11 22 ¶9; 23 ¶11, 12
სამშაბათი, 19 ოქტომბერი
მოდი სადმე წავიდეთ და ცოტა დავისვენოთ (მარ. 6:31).
მნიშვნელოვანია, რომ შრომისადმი სწორი შეხედულება გვქონდეს. მეფე სოლომონმა ღვთივშთაგონებით დაწერა, რომ ყველა საქმეს თავისი დრო აქვს. მან თქვა, რომ არის დარგვის, აშენების, ტირილის, სიცილის, ცეკვა-თამაშის და სხვა საქმეების კეთების დრო (ეკლ. 3:1—8). აშკარაა, რომ შრომა და დასვენება ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. იესოს შრომასა და დასვენებაზე გაწონასწორებული შეხედულება ჰქონდა. ერთხელ მსახურებიდან დაბრუნებულ მოციქულებს იესოსთან იმდენი ხალხი დახვდათ, რომ საჭმელადაც ვერ მოიცალეს. ამიტომ იესომ მათ დღევანდელ მუხლში ჩაწერილი სიტყვები უთხრა (მარკ. 6:30—34). მართალია, იესო და მისი მოწაფეები ბევრი საქმის გამო ყოველთვის ვერ ახერხებდნენ საკმარისად დასვენებას, მაგრამ იესოს ესმოდა, რომ დასვენება აუცილებელი იყო. ზოგჯერ აუცილებელია, ცოტა დავისვენოთ ან დროებით მაინც შევიტანოთ გარკვეული ცვლილება ჩვენს ყოველდღიურ განრიგში. ამის საჭიროება იქიდანაც ჩანს, რომ ღმერთმა ისრაელებს ყოველკვირეული შაბათი დაუწესა. მართალია, მოსეს კანონს არ ვექვემდებარებით, მაგრამ შაბათის დაცვასთან დაკავშირებული პრინციპიდან ბევრ რამეს ვსწავლობთ. w19.12 3 ¶6, 7
ოთხშაბათი, 20 ოქტომბერი
ნურასდროს დაიწყებთ წუხილს (მათ. 6:31).
იეჰოვა დაგვპირდა, რომ იზრუნებდა თავის ერთგულ მსახურებზე, ამიტომ ის თავს მოვალედ მიიჩნევს, რომ ეს პირობა შეასრულოს (ფსალმ. 31:1—3). გარდა ამისა, იეჰოვამ იცის, რომ, თუ არ იზრუნებს თავის ოჯახის წევრებზე, ეს მათზე ძალიან ცუდად აისახება. ის გვპირდება, რომ ჩვენზე ფიზიკურადაც იზრუნებს და სულიერადაც, რაშიც მას ხელს ვერაფერი შეუშლის (მათ. 6:30—33; 24:45). თუ ყოველთვის გვეხსომება, რატომ არ გადავა იეჰოვა თავის პირობას, ეჭვი არ შეგვეპარება, რომ ის ეკონომიკური გაჭირვების დროს არ მიგვატოვებს. დავფიქრდეთ პირველი საუკუნის ქრისტიანების მაგალითზე. როცა იერუსალიმის კრების სასტიკი დევნა დაიწყო, „მოციქულების გარდა, ყველა იუდეასა და სამარიაში გაიფანტა“ (საქ. 8:1). დაფიქრდით, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამას. ალბათ, ეკონომიკურად გაუჭირდებოდათ, რადგან თავიანთი სახლებისა და სამუშაოების დატოვება მოუწიათ. თუმცა ისინი ასეთ რთულ სიტუაციაშიც ინარჩუნებდნენ სიხარულს, რადგან ხედავდნენ, რომ იეჰოვას არ მიუტოვებია (საქ. 8:4; ებრ. 13:5, 6; იაკ. 1:2, 3). თუ იეჰოვა მხარში ედგა ამ ერთგულ ქრისტიანებს, ის არც ჩვენ მიგვატოვებს (ფსალმ. 37:18, 19). w20.01 17, 18 ¶14, 15
ხუთშაბათი, 21 ოქტომბერი
იეჰოვა . . . ამჩნევს თავმდაბლებს (ფსალმ. 138:6).
როცა დავითმა მამამისის ცხვარი ლომისა და დათვის ტორებისგან იხსნა, მიხვდა, რომ ეს მხოლოდ იეჰოვას დახმარებით შეძლო. დავითმა მაშინაც აშკარად დაინახა იეჰოვას ხელი, როცა ძლიერი მეომარი გოლიათი დაამარცხა და შურიან მეფე საულს ხელიდან დაუსხლტა (1 სამ. 17:37; ფსალმ. 18, ეპიგრაფი). ამაყი ადამიანი ამ ყველაფერს საკუთარ თავს მიაწერდა. მაგრამ დავითი თავმდაბალი იყო და კარგად ესმოდა, რომ სინამდვილეში იეჰოვა უმართავდა ხელს. რას ვსწავლობთ? იეჰოვას მხოლოდ დახმარებისთვის კი არ უნდა მივმართოთ, არამედ უნდა შევამჩნიოთ კიდეც, როდის და როგორ გვპასუხობს ის ლოცვებზე. თუ თავმდაბლად ვაღიარებთ ჩვენს შეზღუდულ შესაძლებლობებს, აშკარად დავინახავთ, როგორ გვეხმარება იეჰოვა იმის გაკეთებაში, რასაც დამოუკიდებლად თავს ვერ გავართმევდით. ყოველ ჯერზე, როცა ვიგრძნობთ იეჰოვას მხარდაჭერას, მას უფრო მეტად დავუახლოვდებით. w19.12 20 ¶18, 19
პარასკევი, 22 ოქტომბერი
იეჰოვა იმას შეაგონებს, ვინც უყვარს, ისე შეაგონებს, როგორც მამა საყვარელ შვილს (იგავ. 3:12).
რა გვარწმუნებს, რომ ღმერთი გვაფასებს? იეჰოვამ თავისკენ მიგვიზიდა. მას შეუმჩნეველი არ დარჩა, როგორ გამოვეხმაურეთ სასიხარულო ცნობას (იოან. 6:44). როცა იეჰოვა გავიცანით და დავუახლოვდით, ისიც დაგვიახლოვდა (იაკ. 4:8). ღმერთი ჩვენ სასწავლებლად დროსა და ძალისხმევას არ იშურებს, რითაც გვაჩვენებს, რომ მისთვის ძვირფასები ვართ. მან იცის, როგორები ვართ და რამდენად შეიძლება გავუმჯობესდეთ. დროდადრო ის გვარიგებს და რჩევას გვაძლევს, რადგან ვუყვარვართ. ეს ყველაფერი აშკარად იმაზე მეტყველებს, რომ იეჰოვა გვაფასებს! ზოგიერთი ადამიანი მეფე დავითს უვარგისად მიიჩნევდა, მაგრამ იეჰოვას უყვარდა ის და მხარს უჭერდა. ამის ცოდნა დავითს ეხმარებოდა, რომ სწორად შეეხედა თავისი მდგომარეობისთვის (2 სამ. 16:5—7). როდესაც თავს დათრგუნულად ვგრძნობთ ან პრობლემები გვაქვს, იეჰოვა გვეხმარება, ჩვენს მდგომარეობას სხვა თვალით შევხედოთ და ნებისმიერი დაბრკოლება გადავლახოთ (ფსალმ. 18:27—29). ვერაფერი დაგვაკარგვინებს სიხარულს იეჰოვას მსახურებაში, როცა მის მხარდაჭერას ვგრძნობთ (რომ. 8:31). w20.01 15 ¶7, 8
შაბათი, 23 ოქტომბერი
ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც ჩემგან ისწავლეთ (მათ. 28:20).
ბიბლიის შესწავლა ლოცვით დაიწყეთ. ეცადეთ, შემსწავლელს მალევე აუხსნათ, რომ უმჯობესია, შესწავლა ლოცვით დაიწყოთ და დაასრულოთ. ის უნდა დარწმუნდეს, რომ ბიბლიის გაგება მხოლოდ ღვთის წმინდა სულის მეშვეობით შეგვიძლია. ზოგიერთი დახელოვნებული მასწავლებელი ამ საკითხზე საუბრის დასაწყებად იაკობის 1:5-ს იშველიებს, სადაც ვკითხულობთ: „თუ რომელიმე თქვენგანს სიბრძნე აკლია, გამუდმებით სთხოვოს ღმერთს“. შემდეგ კი ბიბლიის შემსწავლელს ეკითხება: როგორ შეგვიძლია ღმერთს სიბრძნე ვთხოვოთ? ამ კითხვაზე დაფიქრება, სავარაუდოდ, შემსწავლელს ლოცვის აუცილებლობას დაანახვებს. ასწავლეთ ბიბლიის შემსწავლელს, როგორ ილოცოს. დაარწმუნეთ, რომ იეჰოვა მის გულწრფელ ლოცვებს სიამოვნებით მოისმენს. აუხსენით, რომ შეგვიძლია ლოცვაში თავისუფლად გამოვხატოთ ჩვენი გრძნობები და ისეთი რამ ვუთხრათ ღმერთს, რასაც ვერავის ვეტყოდით; მან ხომ ისედაც კარგად იცის, რას ვფიქრობთ გულის სიღრმეში (ფსალმ. 139:2—4). w20.01 2 ¶3; 5 ¶11, 12
კვირა, 24 ოქტომბერი
ღვთის არჩევანი ვისიმე სურვილსა თუ მცდელობაზე კი არაა დამოკიდებული, არამედ მწყალობელ ღმერთზე (რომ. 9:16)
იეჰოვა წყვეტს, როდის აირჩევს ცხებულებს (რომ. 8:28—30). იეჰოვამ ცხებულების არჩევა იესოს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ დაიწყო; როგორც ჩანს, პირველ საუკუნეში ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი სულითცხებული იყო. პირველი საუკუნიდან მოყოლებული მათი უმრავლესობა, ვინც თავს ქრისტიანად აცხადებდა, სინამდვილეში არ მიჰყვებოდა ქრისტეს. თუმცა მთელი ამ დროის განმავლობაში იყვნენ ერთეული ჭეშმარიტი ქრისტიანები, რომლებიც იეჰოვამ წმინდა სულით სცხო. ისინი იმ „ხორბალს“ ჰგავდნენ, რომელიც იესოს მოყვანილ იგავში „სარეველასთან“ ერთად იზრდება (მათ. 13:24—30). ბოლო დღეების განმავლობაში იეჰოვა კვლავაც ირჩევს მათ, ვინც ცხებულთა საბოლოო რიცხვს, 144 000-ს შეავსებს. ასე რომ, თუკი იეჰოვა ბოლო დღეების მიწურულსაც აირჩევს ცხებულებს, არანაირი უფლება არ გვაქვს, რომ მის სიბრძნეში ეჭვი შევიტანოთ (რომ. 9:11). ჩვენ სიფრთხილე გვმართებს, რომ არ დავემსგავსოთ იესოს იგავში მოხსენიებულ მუშებს, რომლებმაც უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ ბატონმა ერთნაირი გასამრჯელო არგუნა ყველას, მათ შორის მათაც, ვინც სულ რაღაც ერთი საათი წაიმუშავა (მათ. 20:8—15). w20.01 30 ¶14
ორშაბათი, 25 ოქტომბერი
ჩემი მსახურები სიხარულით შესძახებენ (ეს. 65:14).
იეჰოვას სურს, მის ოჯახში ყველა ბედნიერი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ არაერთ სირთულესთან გვიწევს ჭიდილი, დღესვე უამრავი მიზეზი გვაქვს ბედნიერებისთვის. მაგალითად, ეჭვი არ გვეპარება, რომ ჩვენს ზეციერ მამას ძალიან ვუყვარვართ. გარდა ამისა, გვაქვს ღვთის სიტყვის საფუძვლიანი ცოდნა (იერ. 15:16). ჩვენი სულიერი ოჯახი განსაკუთრებულია, რადგან იმ ადამიანებისგან შედგება, რომლებსაც უყვართ იეჰოვა, იცავენ მის მაღალზნეობრივ ნორმებს და უყვართ ერთმანეთი (ფსალმ. 106:4, 5). ბედნიერები ვართ, რომ გვაქვს უკეთესი ცხოვრების უტყუარი იმედი. ეჭვი არ გვეპარება, რომ იეჰოვა ბოლოს მოუღებს ყოველგვარ ბოროტებას და თავისი სამეფოს მეშვეობით დედამიწაზე სამოთხისებურ პირობებს აღადგენს. გარდა ამისა, გვაქვს მკვდრეთით აღდგომის შესანიშნავი იმედი. გვჯერა, რომ კვლავ შევხვდებით იმ ადამიანებს, რომლებიც სიკვდილმა გამოგვაცალა ხელიდან (იოან. 5:28, 29). წინ ენით აუწერელი სიხარული გველის! და, რაც ყველაზე მთავარია, დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან მალე ზეცაშიც და დედამიწაზეც, ყველა საკადრის ქებას, პატივსა და დიდებას მიაგებს ჩვენს მოსიყვარულე მამას! w20.02 13 ¶15, 16
სამშაბათი, 26 ოქტომბერი
ყველაზე მეტად შენ წინაშე მიმიძღვის ბრალი (ფსალმ. 51:4).
თუ სერიოზული ცოდვა ჩაიდინეთ, ნუ ეცდებით მის დაფარვას. გულწრფელად აღიარეთ დანაშაული იეჰოვას წინაშე. შედეგად, შინაგან სიმშვიდეს იგრძნობთ და ჩადენილი საქციელის გამო სინდისი აღარ შეგაწუხებთ. თუმცა იეჰოვასთან მეგობრული ურთიერთობა რომ აღადგინოთ, ლოცვაზე მეტია საჭირო. არ უნდა უგულებელყოფთ თქვენ მიმართ გატარებული აღმზრდელობითი ზომები. როცა იეჰოვამ წინასწარმეტყველი ნათანის მეშვეობით ცოდვაში ამხილა, დავითს არც თავის მართლება დაუწყია და არც ჩადენილი ცოდვის გაუბრალოება უცდია. მან აღიარა, რომ უპირველესად იეჰოვას შესცოდა და ბათ-შებას ქმრის წინაშეც დამნაშავე იყო. დავითმა არ უგულებელყო მის მიმართ გატარებული აღმზრდელობითი ზომები და იეჰოვამაც აპატია (2 სამ. 12:10—14). სერიოზული ცოდვის ჩადენის შემთხვევაში აუცილებელია, დაელაპარაკოთ იეჰოვასგან დანიშნულ მწყემსებს (იაკ. 5:14, 15). ნუ ეცდებით თავის მართლებას. რაც უფრო მალე ითხოვთ უხუცესების დახმარებას და დაემორჩილებით იეჰოვას აღმზრდელობით ზომებს, მით მალე დაიბრუნებთ შინაგან სიმშვიდესა და სიხარულს. w20.02 24, 25 ¶17, 18
ოთხშაბათი, 27 ოქტომბერი
ყველა ენაზე მოლაპარაკე ხალხიდან ათი კაცი მოეჭიდება იუდეველის კალთას და ეტყვის: თქვენთან ერთად წამოვალთ, რადგან გაგებული გვაქვს, რომ თქვენთან არისო ღმერთი (ზაქ. 8:23).
„ათი კაცი“ დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედის მქონეთ განასახიერებს. მათ იციან, რომ იეჰოვა აკურთხებს ცხებულთა ჯგუფს, რომლებიც „იუდეველით“ არიან წარმოდგენილნი, და დიდ პატივად მიიჩნევენ მათთან ერთად ღვთის თაყვანისცემას. მართალია, დღეს შეუძლებელია დედამიწაზე მყოფი თითოეული ცხებულის სახელი ვიცოდეთ, მაგრამ მათ, ვისაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვთ, შეუძლიათ „გაჰყვნენ“ ცხებულებს. რა გაგებით? ამ კითხვას დღევანდელი მუხლი სცემს პასუხს. ყურადღება მიაქციეთ, რომ ამ ბიბლიურ მუხლში სიტყვა „იუდეველი“ მხოლობით რიცხვში დგას. მაგრამ ამავე მუხლში მოხსენიებულ ნაცვალსახელში „თქვენთან“ ერთზე მეტი ადამიანი მოიაზრება. ეს ნიშნავს, რომ სიტყვა „იუდეველში“ ერთი ადამიანი კი არ იგულისხმება, არამედ ცხებულთა მთელი ჯგუფი. ისინი, ვისაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვთ, ერთგულად ემსახურებიან იეჰოვას ცხებულებთან ერთად. თუმცა ცხებულებს თავიანთ წინამძღოლებად არ მიიჩნევენ, რადგან ესმით, რომ მათი წინამძღოლი ქრისტეა (მათ. 23:10). w20.01 26 ¶1, 2
ხუთშაბათი, 28 ოქტომბერი
ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, თუკი ერთმანეთი გეყვარებათ (იოანე 13:35).
იესომ თქვა, რომ სხვები ადვილად მიხვდებოდნენ, ვინ იყვნენ მისი ნამდვილი მოწაფეები, თუ ისეთივე სიყვარულს გამოავლენდნენ, როგორსაც თავად ავლენდა. აქედან გამომდინარე, როგორც პირველ საუკუნეში, ისე დღესაც შეუძლია ხალხს იმის გაგება, თუ ვინ არიან ნამდვილი ქრისტიანები. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ერთმანეთის მიმართ მაშინაც გამოვავლინოთ სიყვარული, როცა ეს არც ისე ადვილია. დაფიქრდით: რას ვსწავლობთ იმ და-ძმებისგან, რომლებიც ხელისშემშლელი ფაქტორების მიუხედავად კვლავაც ავლენენ სიყვარულს სხვების მიმართ? ჩვენი თუ სხვების არასრულყოფილება ხშირად ხელს გვიშლის, მთელი გულით გვიყვარდეს ერთმანეთი. მიუხედავად ამისა, ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ, რომ მივბაძოთ იესოს. იესომ დაგვანახვა, რამდენად მნიშვნელოვანია, მშვიდობიანი ურთიერთობა აღვადგინოთ მასთან, ვინც ჩვენზე განაწყენებულია (მათ. 5:23, 24). მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ, თუ გვსურს, ღმერთს გული გავუხაროთ, სხვებთან კარგი ურთიერთობა უნდა შევინარჩუნოთ. იეჰოვას სიამოვნებს იმის დანახვა, რომ ყველანაირად ვცდილობთ და-ძმებთან მშვიდობიანი ურთიერთობის შენარჩუნებას. თუ გულში წყენას ჩავიტოვებთ და არაფერს ვიღონებთ მშვიდობის აღსადგენად, იეჰოვასთვის ჩვენი თაყვანისცემა მიუღებელი იქნება (1 იოან. 4:20). w20.03 24 ¶1—4
პარასკევი, 29 ოქტომბერი
ვიგებთ, შთაგონებული სიტყვა ჭეშმარიტია თუ ცრუ (1 იოან. 4:6).
„სიცრუის მამას“, სატანას, ადამიანები ოდითგანვე შეჰყავს შეცდომაში (იოან. 8:44). სხვა ტყუილებთან ერთად სატანა მკვდრების მდგომარეობის შესახებაც ავრცელებს სიცრუეს. ის ხალხს იმასაც აჯერებს, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე გრძელდება. ამ სწავლებებმა დასაბამი მისცა ბევრ გავრცელებულ წეს-ჩვეულებასა თუ ცრურწმენას. რატომ ტყუვდება ამდენი ადამიანი? სატანამ იცის, რა დამოკიდებულება გვაქვს სიკვდილის მიმართ და ამას ჩვენ შესაცდენად იყენებს. ჩვენ მარადიული სიცოცხლისთვის ვართ შექმნილნი და სიკვდილი არავის გვსურს (ეკლ. 3:11). ამიტომაცაა, რომ სიკვდილს დაუძინებელ მტრად მივიჩნევთ (1 კორ. 15:26). სატანის მცდელობის მიუხედავად, სიკვდილის შესახებ ჭეშმარიტება დაფარული არ არის. ფაქტია, კაცობრიობის ისტორიაში დღეს ყველაზე მეტ ადამიანს აქვს მკვდრების მდგომარეობის შესახებ ბიბლიური ცოდნა და მკვდრეთით აღდგომის იმედი, რასაც სხვებსაც უზიარებენ (ეკლ. 9:5, 10; საქ. 24:15). ეს ჭეშმარიტება გვანუგეშებს, სიკვდილის უსაფუძვლო შიშისგან გვათავისუფლებს და ყველანაირ ეჭვს გვიქარწყლებს. w19.04 14 ¶1; 15 ¶5, 6
შაბათი, 30 ოქტომბერი
ატარეთ ერთმანეთის ტვირთი და ამგვარად შეასრულებთ ქრისტეს კანონს (გალ. 6:2).
იეჰოვა ღმერთს უყვარს თავისი თაყვანისმცემლები. მას ყოველთვის უყვარდა ისინი და მომავალშიც მუდამ ეყვარება. იეჰოვა სამართლიანობის მოყვარულიცაა (ფსალმ. 33:5). ამიტომ შეგვიძლია ორ რამეში ვიყოთ დარწმუნებული: 1) იეჰოვას გულს სტკენს, როცა მის მსახურებს უსამართლოდ ექცევიან; 2) ის არ დაუშვებს, რომ უსამართლობამ დიდხანს გასტანოს. ისრაელისთვის მიცემული კანონი სიყვარულზე იყო დაფუძნებული. კანონი სამართლიანობის გარანტი იყო ყველასთვის, განსაკუთრებით დაუცველთათვის (კან. 10:18). ამ კანონიდან გამოჩნდა, რომ იეჰოვა ზრუნავდა თავის თაყვანისმცემლებზე. მოსეს კანონი მას შემდეგ გაუქმდა, რაც ახ. წ. 33 წელს ქრისტიანული კრება ჩამოყალიბდა. დარჩებოდნენ ქრისტიანები კანონის გარეშე, რომელიც სიყვარულზე იქნებოდა დაფუძნებული და სამართლიანობას შეუწყობდა ხელს? ცხადია, არა! ქრისტიანებს მიეცათ ახალი კანონი — ქრისტეს კანონი. იესომ თავის მიმდევრებს კანონთა კრებული კი არ ჩამოუწერა, არამედ მითითებები და მცნებები მისცა და პრინციპებით ცხოვრება ასწავლა. „ქრისტეს კანონი“ იესოს ყველა სწავლებას მოიცავს. w19.05 2 ¶1—3
კვირა, 31 ოქტომბერი
ყოველმხრივ ნუგეშისმცემელი ღმერთი . . . ნებისმიერი გასაჭირის დროს გვანუგეშებს (2 კორ. 1:3, 4).
არ არსებობს ადამიანი, ნუგეში რომ არ სჭირდებოდეს, რადგან ეს ჩვენი ბუნებრივი მოთხოვნილებაა. ჩვენ სხვების ნუგეშისცემის საოცარი უნარითაც ვართ დაჯილდოებული. მაგალითად, როცა ბავშვი წაიქცევა და მუხლს გადაიყვლეფს, მაშინვე ტირილით დედიკოსთან ან მამიკოსთან გარბის. მართალია, მშობლები ჭრილობას ვერ მოუშუშებენ, მაგრამ აუცილებლად დაამშვიდებენ თავიანთ პატარას. ისინი დაინტერესდებიან, რა შეემთხვა, ცრემლს შეუმშრალებენ, მოეფერებიან, მალამოს წაუსვამენ და ჭრილობას შეუხვევენ. ბავშვი მალევე დამშვიდდება და შეიძლება თამაშიც კი გააგრძელოს. დროთა განმავლობაში მას ჭრილობაც მოუშუშდება. თუმცა ზოგი ბავშვი ამაზე გაცილებით დიდ ტკივილს განიცდის, რადგან მათზე სექსუალურად ძალადობენ. ასეთი რამ შეიძლება მათ ცხოვრებაში ერთხელ მოხდეს ან წლების განმავლობაში გაგრძელდეს. როგორც უნდა იყოს, სექსუალური ძალადობა მათზე ღრმა ემოციურ კვალს ტოვებს. ზოგჯერ მოძალადეები ისჯებიან, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ისინი თავს აღწევენ სასჯელს. თუმცა მაშინაც კი, როცა მოძალადე მალევე ისჯება, იმ ადამიანებს, რომლებიც ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ, შეიძლება ემოციური ტკივილი ზრდასრულ ასაკშიც კი არ მოუშუშდეთ. w19.05 14 ¶1, 2