საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w23 ნოემბერი გვ. 20-25
  • უპასუხებს იეჰოვა ჩემს ლოცვას?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • უპასუხებს იეჰოვა ჩემს ლოცვას?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2023
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ᲠᲘᲡᲘ ᲛᲝᲚᲝᲓᲘᲜᲘ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲕᲥᲝᲜᲓᲔᲡ?
  • ᲠᲐᲡ ᲛᲝᲔᲚᲘᲡ ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲩᲕᲔᲜᲒᲐᲜ?
  • ᲠᲐᲢᲝᲛ ᲨᲔᲘᲫᲚᲔᲑᲐ ᲡᲐᲭᲘᲠᲝ ᲒᲐᲮᲓᲔᲡ, ᲨᲔᲕᲪᲕᲐᲚᲝᲗ ᲡᲐᲗᲮᲝᲕᲐᲠᲘ?
  • როგორ გვპასუხობს იეჰოვა ლოცვებზე?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2023
  • დაუახლოვდი ღმერთს ლოცვის მეშვეობით
    რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?
  • რატომ არ პასუხობს ღმერთი ყველა ლოცვას?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2021
  • როგორ დავაფასოთ ლოცვის შესაძლებლობა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2023
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2023
w23 ნოემბერი გვ. 20-25

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 49

უპასუხებს იეჰოვა ჩემს ლოცვას?

„მომიხმობთ, მოხვალთ, ლოცვით მომმართავთ და მეც მოგისმენთ“ (ᲘᲔᲠ. 29:12).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 41 გთხოვ, ისმინე ჩემი ლოცვა

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘa

1, 2. რატომ შეიძლება გვეგონოს, რომ იეჰოვა არ გვპასუხობს ლოცვებზე?

„ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲨᲘ პოვე ნეტარება და ის შეგისრულებს გულის წადილს“ (ფსალმ. 37:4). რა შესანიშნავი დაპირებაა! მაგრამ ნიშნავს ეს სიტყვები იმას, რომ იეჰოვა ყველა თხოვნას მაშინვე შეგვისრულებს? რატომ არის მნიშვნელოვანი ამ კითხვაზე დაფიქრება? მოდი რამდენიმე პირობითი სიტუაცია მოვიყვანოთ. დაუქორწინებელი და ლოცულობს, რომ სამეფოს მახარობელთა სკოლაში მიიწვიონ. თუმცა ამის ლოდინში წლები გადის. ახალგაზრდა ძმა იეჰოვას სთხოვს, რომ სერიოზული ავადმყოფობისგან განკურნოს, რათა კრებაში უფრო სრულად დაიხარჯოს. თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესობისკენ არ იცვლება. ქრისტიანი მშობლები იეჰოვას შესთხოვენ, რომ მათმა შვილმა არ გადაუხვიოს ჭეშმარიტების გზიდან. თუმცა რაღაც დროის შემდეგ ის უარს ამბობს იეჰოვას მსახურებაზე.

2 შეიძლება თქვენც კარგა ხანია ლოცულობთ რამეზე და ისიც კი დაასკვენით, რომ იეჰოვა სხვების ლოცვებს პასუხობს, თქვენსას კი არა. შეიძლება იმასაც კი ფიქრობთ, რომ რაღაცით აწყენინეთ იეჰოვას. სწორედ ასეთ სიტუაციაში იყო ერთი და ჯენისიb. მას და მის მეუღლეს ძალიან სურდათ ბეთელში მსახურება და ლოცულობდნენ ამაზე. ჯენისი ამბობს: „გულწრფელად გითხრათ, ოდნავაც არ მეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ ბეთელში ძალიან მალე მიგვიწვევდნენ“. თუმცა დღე დღეს მისდევდა და წელი წელს, ჯენისსა და მის მეუღლეს კი ბეთელში არა და არ იწვევდნენ. ჯენისი გვიზიარებს თავის გრძნობებს: „დამწუხრებული და დაბნეული ვიყავი. ვფიქრობდი, რაიმეთი გული ხომ არ ვატკინე-მეთქი იეჰოვას. რატომ არ მპასუხობდა?! მე ხომ ამდენს ვლოცულობდი!“.

3. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

3 ზოგჯერ შეიძლება ისეთი შთაბეჭდილებაც კი დაგრჩეთ, რომ იეჰოვა საერთოდ არ ისმენს თქვენს ლოცვას. თუ ასეა, გამონაკლისი არ ხართ. მსგავსი გრძნობა ზოგჯერ წარსულში მცხოვრებ ღვთის ერთგულ მსახურებსაც ეუფლებოდათ (იობ. 30:20; ფსალმ. 22:2; აბაკ. 1:2). რა დაგვარწმუნებს იმაში, რომ იეჰოვა არასდროს ტოვებს უყურადღებოდ ჩვენს ლოცვებს? (ფსალმ. 65:2). ახლა სამ საკითხზე ვიმსჯელებთ, რომლებიც ამ კითხვაზე გაგვცემს პასუხს: 1) რისი მოლოდინი უნდა გვქონდეს? 2) რას მოელის იეჰოვა ჩვენგან? 3) რატომ შეიძლება საჭირო გახდეს, შევცვალოთ სათხოვარი?

ᲠᲘᲡᲘ ᲛᲝᲚᲝᲓᲘᲜᲘ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲕᲥᲝᲜᲓᲔᲡ?

4. რას გვპირდება იეჰოვა? (იერემია 29:12).

4 იეჰოვა გვპირდება, რომ ყველა ჩვენს ლოცვას მოისმენს (წაიკითხეთ იერემიას 29:12). მას ძალიან უყვარს თავისი ერთგული მსახურები, ამიტომ უყურადღებოდ არასდროს ტოვებს მათ ლოცვებს (ფსალმ. 10:17; 37:28). თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის ყველა თხოვნას შეგვისრულებს. ზოგიერთი სურვილი რომ აგვისრულდეს, შეიძლება ახალ ქვეყნიერებამდე მოგვიწიოს ლოდინი.

5. რას იღებს მხედველობაში იეჰოვა ჩვენი ლოცვების მოსმენისას? ახსენით.

5 ჩვენი ლოცვების მოსმენისას იეჰოვა მხედველობაში იღებს თავის განზრახვას (ეს. 55:8, 9). ღვთის განზრახვის თანახმად, დედამიწა მისი ერთგული ადამიანებით უნდა დასახლდეს, რომლებიც მას თავიანთ მმართველად აღიარებენ. თუმცა ამის საპირისპიროდ სატანა ამტკიცებს, რომ ადამიანები ღვთისგან დამოუკიდებლად უფრო ბედნიერად იცხოვრებენ (დაბ. 3:1—5). სატანის სიცრუის გამოსააშკარავებლად იეჰოვამ ადამიანებს უფლება მისცა, რომ თავად ემმართველათ. თუმცა დღეს აშკარად ვხედავთ, რამდენი პრობლემა გამოიწვია ამ მმართველობებმა (ეკლ. 8:9). რამდენად მართებული იქნება, რომ იეჰოვამ დღესვე მოაგვაროს ყველა წამოჭრილი პრობლემა? ისეთი შთაბეჭდილება ხომ არ შეიქმნება, რომ ადამიანთა მმართველობამ გაამართლა?

6. რაში უნდა ვიყოთ დარწმუნებული?

6 იეჰოვამ შეიძლება თავის მსახურებს ერთსა და იმავე სათხოვარზე განსხვავებულად უპასუხოს. თავიდან განვიხილოთ მეფე ხიზკიასა და მოციქული პავლეს მაგალითები. როცა ხიზკია სასიკვდილოდ დასნეულდა, იეჰოვას სთხოვა განკურნება და მანაც შეუსრულა სათხოვარი (2 მეფ. 20:1—6). თუმცა ასე არ მომხდარა მოციქული პავლეს შემთხვევაში, რომელმაც იეჰოვას შესთხოვა, მოეშორებინა მისთვის „სხეულიდან ეკალი“, სავარაუდოდ ჯანმრთელობის პრობლემა (2 კორ. 12:7—9). გავიხსენოთ აგრეთვე მოციქული იაკობისა და პეტრეს შემთხვევები. მეფე ჰეროდეს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ორივე მათგანი გამოესალმებინა სიცოცხლეს. კრება გულმხურვალედ ლოცულობდა როგორც პეტრესთვის, ისე, დიდი ალბათობით, იაკობისთვის. თუმცა იაკობი სიკვდილით დასაჯეს, პეტრე კი ანგელოზმა საპყრობილიდან იხსნა (საქ. 12:1—11). ბიბლია არაფერს ამბობს იმაზე, რატომ იხსნა იეჰოვამ პეტრე და არა იაკობი, მაგრამ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა „უსამართლოდ არასოდეს მოქმედებს“ (კან. 32:4).c თანაც ისიც ვიცით, რომ იეჰოვასთვის ორივე ძვირფასი მსახური იყო (გამოცხ. 21:14). შეიძლება ჩვენც ვლოცულობთ რაიმეზე, მაგრამ ჩვენი მოლოდინი არ მართლდება. როგორც არ უნდა გვიპასუხოს იეჰოვამ ლოცვაზე, ეჭვქვეშ არ უნდა დავაყენოთ მისი გადაწყვეტილება, რადგან ვიცით, რომ ის მოსიყვარულე და სამართლიანი ღმერთია (იობ. 33:13).

7. რას უნდა მოვერიდოთ და რატომ?

7 ჩვენ მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ საკუთარი მდგომარეობის სხვების მდგომარეობასთან შედარებას. ამის ცდუნება შეიძლება მაშინ გაგვიჩნდეს, თუ გავიგებთ, რომ იეჰოვამ სხვას შეუსრულა ის სათხოვარი, რომელიც ჩვენ არ შეგვისრულა. მოვიყვანოთ ერთი დის, ანას, მაგალითი. მის ქმარს სიმსივნე ჰქონდა. იმავე პრობლემას ებრძოდა ორი ხანდაზმული დაც მათ კრებაში. ანა გულმხურვალედ ლოცულობდა თავის ქმარზე მეთიუზეც და იმ ორ დაზეც, რომ განკურნებულიყვნენ. თუმცა ისე მოხდა, რომ მეთიუ დაიღუპა, ის დები კი გამოჯანმრთელდნენ. ანა თავიდან ვერ ხვდებოდა, იყო თუ არა ამ დების გამოჯანმრთელება მის ლოცვაზე პასუხი. და თუ მართლა ასე იყო, მაშინ მისი ქმრის გამოჯანმრთელებაზეც რატომ არ იზრუნა იეჰოვამ? რა თქმა უნდა, ჩვენ გადაჭრით ვერ ვიტყვით, რამ განაპირობა ამ დების განკურნება. თუმცა დანამდვილებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ იეჰოვას გადაწყვეტილი აქვს, ერთხელ და სამუდამოდ მოუღოს ბოლო ადამიანთა ყოველგვარ ტანჯვას. მეტიც, მას ერთი სული აქვს, სიცოცხლე დაუბრუნოს თავის გარდაცვლილ მეგობრებს (იობ. 14:15).

8. ა) როგორ გვიჭერს იეჰოვა მხარს? (ესაია 43:2). ბ) როგორ გვეხმარება ლოცვა განსაცდელების დროს? (უყურეთ ვიდეოს „ლოცვა გვეხმარება, გავუმკლავდეთ პრობლემებს“).

8 იეჰოვა ყოველთვის ამოგვიდგება მხარში. იეჰოვას ძალიან ვუყვარვართ, ამიტომ ჩვენი ტანჯვის დანახვა მას დიდ ტკივილს აყენებს (ეს. 63:9). მიუხედავად ამისა, მან შეიძლება დაუშვას, რომ მდინარეებივით წამლეკავ ან ცეცხლის ალივით მწველ განსაცდელებს შევხვდეთ (წაიკითხეთ ესაიას 43:2). მაგრამ ის გვპირდება, რომ ასეთ დროს გვერდიდან არ მოგვშორდება და არ დაუშვებს, რომ განსაცდელების გამო გამოუსწორებელი ზიანი მოგვადგეს. იეჰოვა თავისი წმინდა სულითაც გვმატებს განსაცდელების ატანის ძალას (ლუკ. 11:13; ფილ. 4:13). ამიტომ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვა ყოველთვის მოგვცემს იმას, რაც გვჭირდება, რომ გავუძლოთ განსაცდელებს და დავრჩეთ ერთგული.d

ᲠᲐᲡ ᲛᲝᲔᲚᲘᲡ ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲩᲕᲔᲜᲒᲐᲜ?

9. იაკობის 1:6, 7-ის თანახმად, რატომ არის მნიშვნელოვანი რწმენით ლოცვა?

9 იეჰოვა მოელის ჩვენგან, რომ ნდობას გამოვუცხადებთ (ებრ. 11:6). ზოგჯერ შეიძლება განსაცდელების დროს გვეგონოს, რომ მეტს ვეღარ გავუძლებთ და შეიძლება ისიც გვაფიქრებდეს, საერთოდ დაგვეხმარება თუ არა იეჰოვა. თუმცა ფსალმუნმომღერლის სიტყვებიდან, „ჩემი ღვთის ძალით გალავანზეც გადავალ“, ჩანს, რომ იეჰოვას ჩვენი დახმარების სურვილიც აქვს და ძალაც (ფსალმ. 18:29). ეჭვის საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს. ჩვენ რწმენით უნდა შევთხოვოთ იეჰოვას დახმარება და დარწმუნებული ვიყოთ, რომ უპასუხოდ არ დატოვებს ჩვენს ლოცვას (წაიკითხეთ იაკობის 1:6, 7).

10. მაგალითის მეშვეობით ახსენით, როგორ შეგვიძლია ლოცვის თანახმად მოქმედება.

10 იეჰოვა მოელის ჩვენგან, რომ ლოცვის თანახმად ვიმოქმედებთ. მოვიყვანოთ ერთი პირობითი სიტუაცია: ძმა იეჰოვას სთხოვს, რომ კონგრესის დღეებში დამსაქმებელმა სამსახურიდან გაათავისუფლოს. როგორ შეიძლება იეჰოვამ უპასუხოს მის თხოვნას? მან შეიძლება ძმას გაბედულება შემატოს, თუმცა ძმამაც უნდა გააკეთოს თავისი გასაკეთებელი და რამდენჯერაც საჭირო იქნება, დაელაპარაკოს დამსაქმებელს. ის იმისთვისაც მზად უნდა იყოს, რომ სხვა თანამშრომელს გადაუცვალოს სამუშაო დღე ან საერთოდ უხელფასო შვებულება სთხოვოს დამსაქმებელს.

11. რატომ უნდა ვილოცოთ დაჟინებით?

11 იეჰოვა მოელის, რომ დაჟინებით ვილოცებთ (1 თეს. 5:17). ლუკას 11:9-ში ჩაწერილი იესოს სიტყვებიდან ჩანს, რომ ზოგჯერ იეჰოვამ შეიძლება ჩვენს ლოცვას მალევე არ უპასუხოს. ასე რომ, ნუ დაყრით ფარ-ხმალს! დაჟინებით და მთელი გულით ილოცეთ (ლუკ. 18:1—7). ამ შემთხვევაში იეჰოვა დაინახავს, რომ თქვენი სათხოვარი უბრალოდ ახირება არ არის და ბოლომდე ხართ დარწმუნებული მის ძალაში.

ᲠᲐᲢᲝᲛ ᲨᲔᲘᲫᲚᲔᲑᲐ ᲡᲐᲭᲘᲠᲝ ᲒᲐᲮᲓᲔᲡ, ᲨᲔᲕᲪᲕᲐᲚᲝᲗ ᲡᲐᲗᲮᲝᲕᲐᲠᲘ?

12. ა) რა კითხვა უნდა დავუსვათ საკუთარ თავს და რატომ? ბ) კიდევ რაზე უნდა დავფიქრდეთ? (იხილეთ ჩარჩო „ცხადყოფს ჩემი ლოცვები, რომ პატივს ვცემ იეჰოვას?“).

12 თუ ვხედავთ, რომ იეჰოვა არ პასუხობს ჩვენს ლოცვას, კარგი იქნება სამ კითხვაზე დავფიქრდეთ. პირველი, რამდენად მართებულია ჩემი თხოვნა? ზოგჯერ შეიძლება ვფიქრობდეთ, რომ რასაც იეჰოვას ვთხოვთ, ზუსტად ისაა, რაც გვჭირდება. მაგრამ იეჰოვა სრულიად სხვაგვარად ხედავდეს სურათს. ან თუ პრობლემის მოგვარებაზე ვლოცულობთ, მას შეიძლება სხვანაირად ესახებოდეს გამოსავალი. თანაც ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი სათხოვარი შეიძლება იეჰოვას ნებას ეწინააღმდეგებოდეს (1 იოან. 5:14). მაგალითად, როგორც ზემოთ ვახსენეთ, შეიძლება მშობლები იეჰოვას სთხოვდნენ, რომ მათმა შვილმა არ გადაუხვიოს ჭეშმარიტების გზიდან. შეიძლება, ერთი შეხედვით, ამ სათხოვარში უმართებულო არაფერი მოგვეჩვენოს. მაგრამ დააძალებს კი ვინმეს იეჰოვა თავის მსახურებას?! მისი სურვილი ხომ ისაა, რომ მისი თაყვანისცემა თითოეულის, მათ შორის ბავშვების, პირადი არჩევანი იყოს (კან. 10:12, 13; 30:19, 20). აქედან გამომდინარე, უკეთესი იქნება, თუ მშობლები იეჰოვას იმაში სთხოვენ დახმარებას, რომ ბავშვის გულს ჩასწვდნენ. ამ შემთხვევაში მან შეიძლება შეიყვაროს იეჰოვა და იმის სურვილიც გაუჩნდეს, რომ დაუმეგობრდეს (იგავ. 22:6; ეფეს. 6:4).

ცხადყოფს ჩემი ლოცვები, რომ პატივს ვცემ იეჰოვას?

იეჰოვა მოსიყვარულე მამაა, რომელსაც სურს, გვიპასუხოს ლოცვებზე. თუმცა დაფიქრება გვმართებს, როცა მას სათხოვრით მივმართავთ, რადგან, როგორც შემოქმედი, ის ღრმა პატივისცემას იმსახურებს (გამოცხ. 4:11). ვნახოთ, როგორ შეგვიძლია ლოცვის დროს მისთვის სათანადო პატივის მიგება.

  • სანამ ილოცებთ, დაფიქრდით, ხომ არ ეწინააღმდეგება თქვენი სათხოვარი ღვთის ნებას და გაქვთ თუ არა სწორი მოტივი (1 იოან. 5:14). მაგალითად, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ლოცვები მხოლოდ პირადი სურვილებისა თუ საჭიროებების ირგვლივ არ ტრიალებდეს. იაკობმაც ხომ გააფრთხილა პირველ საუკუნეში ქრისტიანები, რომ თუ ეგოისტური მოტივი ექნებოდათ, იეჰოვა არ შეისმენდა მათ ლოცვებს (იაკ. 4:3).

  • ნუ იქნებით კატეგორიული (მათ. 4:7). გჯეროდეთ, რომ იეჰოვამ საუკეთესოდ იცის, როგორ გიპასუხოთ ლოცვაზე. თუმცა ისიც გაითვალისწინეთ, რომ მისი პასუხი შეიძლება ყოველთვის ის არ აღმოჩნდეს, რასაც თქვენ ელით (ეფეს. 3:20).

  • ნუ დაგავიწყდებათ იეჰოვასთვის ყოველდღიურად მადლობის გადახდა იმ ყველაფრისთვის, რასაც თქვენთვის აკეთებს. წარმოიდგინეთ, როგორ გაუხარებს იეჰოვას გულს თქვენი მადლიერების დანახვა (კოლ. 3:15; 1 თეს. 5:17, 18).

13. ებრაელების 4:16-ის თანახმად, როდის გვპასუხობს იეჰოვა ლოცვებზე? ახსენით.

13 რომელია მეორე კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება? თვლის იეჰოვა, რომ ახლა შესაფერისი დროა ჩემს ლოცვაზე საპასუხოდ? ზოგჯერ შეიძლება ვიფიქროთ, რომ დაუყოვნებლივ გვჭირდება ლოცვაზე პასუხის მიღება, სინამდვილეში კი იეჰოვამ იცის, როდისაა ამისთვის საუკეთესო დრო (წაიკითხეთ ებრაელების 4:16). ამიტომ არ უნდა დავასკვნათ, რომ იეჰოვამ უარი გვითხრა თხოვნის შესრულებაზე. მაგალითად, თუ იეჰოვა ზემოთ მოხსენიებულ ახალგაზრდა ძმას ავადმყოფობისგან განკურნავს, ხომ არ მისცემს სატანას იმის თქმის საფუძველს, რომ ეს ძმა გამორჩენის მიზნით ემსახურება?! (იობ. 1:9—11; 2:4). ისიც აღსანიშნავია, რომ იეჰოვას უკვე დადგენილი აქვს დრო, რომ ადამიანები განკურნოს ყველანაირი დაავადებისგან (ეს. 33:24; გამოცხ. 21:3, 4). ამ დრომდე არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ იეჰოვა სასწაულებრივად განგვკურნავს. ასე რომ, უმჯობესი იქნებოდა, რომ ძმას იეჰოვასთვის შინაგანი სიმშვიდე და ძალა ეთხოვა, რომ ავადმყოფობის მიუხედავად ფარ-ხმალი არ დაეყარა და ერთგულად გაეგრძელებინა მისი მსახურება (ფსალმ. 29:11).

14. რა ისწავლეთ ჯენისისგან?

14 გავიხსენოთ ჯენისი, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ. მას და მის მეუღლეს ძალიან უნდოდათ ბეთელში მსახურება და ამაზე ბევრს ლოცულობდნენ. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, წლები გადიოდა, ის კი პასუხს ვერ იღებდა. მას ხუთი წელი დასჭირდა იმის დასანახავად, რომ იეჰოვამ სინამდვილეში უპასუხა მის ლოცვას. „იეჰოვამ იმ პერიოდში ბევრი რამ მასწავლა და დამეხმარა, რომ, როგორც ქრისტიანი, დავხვეწილიყავი. მაგალითად, მივხვდი, რომ უფრო უნდა მივნდობოდი იეჰოვას, უკეთესი პირადი შესწავლა მქონოდა და სიხარული მეპოვა ყველგან, სადაც არ უნდა მემსახურა“. მოგვიანებით ჯენისსა და მის მეუღლეს მსახურების ახალი კარი გაეხსნათ და სარაიონო მსახურებაში ჩაერთნენ. ჯენისი ამბობს: „იეჰოვამ უპასუხა ჩემს ლოცვას, თუმცა არა ისე, როგორც მე ველოდი. დრო დამჭირდა იმის დასანახავად, თუ რამხელა საჩუქარი გამიკეთა მან. საკუთარ თავზე გამოვცადე, თუ როგორი მზრუნველი და მოსიყვარულე ღმერთია იეჰოვა“.

ფოტოკოლაჟი: 1) ორი და სამეფოს მახარობელთა სკოლის ბლანკს ავსებს. ბლანკის გაგზავნამდე ორივე ლოცულობს; 2) დარბაზში ერთ-ერთი მათგანი მეგობრებს სკოლაში მიწვევის წერილს აჩვენებს. იქვე დგას მეორე დაც, რომელმაც სკოლის ბლანკი შეავსო; 3) და, რომელიც სკოლაში არ მიიწვიეს, ლოცულობს, შემდეგ კი წერილს წერს. მოგვიანებით ის უცხოენოვან ტერიტორიაზე ქადაგებს და სამშენებლო პროექტში იღებს მონაწილეობას.

თუ ფიქრობთ, რომ იეჰოვა პასუხს არ გცემთ ლოცვაზე, შეიძლება საჭირო გახდეს, შეცვალოთ სათხოვარი (იხილეთ აბზაცი 15).f

15. რატომ შეიძლება საჭირო გახდეს, ზოგადი სახე მივცეთ ჩვენს სათხოვარს? (იხილეთ აგრეთვე სურათები).

15 მოდი ვიმსჯელოთ მესამე კითხვაზე, რომელზეც უნდა დავფიქრდეთ: ხომ არ უნდა შევცვალო სათხოვარი? რა თქმა უნდა, ცუდი არაფერია იმაში, თუ კონკრეტულად ვლოცულობთ იმ საკითხებზე, რომლებიც გვაღელვებს. თუმცა ზოგჯერ შეიძლება საჭირო გახდეს, უფრო ზოგადი სახე მივცეთ ჩვენს სათხოვარს, რათა უკეთ დავინახოთ, რა არის იეჰოვას ნება ჩვენთან მიმართებით. გავიხსენოთ ზემოთ ნახსენები სიტუაცია: ერთი დაუქორწინებელი და ლოცულობს, რომ შეძლოს მახარობელთა სკოლის გავლა. მას სკოლაში სწავლა იმიტომ უნდა, რომ შემდეგ იქ იმსახუროს, სადაც მქადაგებლებზე მეტი მოთხოვნილებაა. როგორ უნდა მოიქცეს? მან, რა თქმა უნდა, უნდა გააგრძელოს ამ საკითხზე ლოცვა. თუმცა, პარალელურად იმაზეც შეუძლია ილოცოს, რომ დაინახოს, კიდევ როგორ შეუძლია გააფართოოს მსახურება (საქ. 16:9, 10). ამის შემდეგ შეუძლია მივიდეს სარაიონო ზედამხედველთან და ჰკითხოს, რომელიმე მეზობელ კრებაში ხომ არ არის პიონერების საჭიროება. ან ფილიალს მისწეროს და ჰკითხოს, სად შეიძლება მსახურების გაფართოება.e

16. რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული?

16 როგორც ამ სტატიიდან დავინახეთ, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვა აუცილებლად უპასუხებს ჩვენს ლოცვებს, რადგან ის სამართლიანი და მოსიყვარულე მამაა (ფსალმ. 4:3; ეს. 30:18). ზოგჯერ შეიძლება მან ისე არ გვიპასუხოს, როგორც ჩვენ ველოდით. თუმცა ის უყურადღებოდ არ დატოვებს ჩვენს ლოცვებს და არასდროს მიგვატოვებს (ფსალმ. 9:10). ასე რომ, მოდი გული გადმოვუღვაროთ იეჰოვას ლოცვაში და მუდამ მასზე დავამყაროთ იმედი (ფსალმ. 62:8).

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲑᲗ?

  • რისი მოლოდინი უნდა გვქონდეს, როცა ვლოცულობთ?

  • რას მოელის იეჰოვა ჩვენგან?

  • რატომ შეიძლება საჭირო გახდეს, შევცვალოთ სათხოვარი?

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 43 სამადლობელი ლოცვა

a ამ სტატიაში განხილული დაგვარწმუნებს, რომ იეჰოვა უპასუხოდ არასდროს ტოვებს ჩვენს ლოცვებს, რადგან მოსიყვარულე და სამართლიანი ღმერთია.

b ზოგი სახელი შეცვლილია.

c იხილეთ 2022 წლის თებერვლის „საგუშაგო კოშკი“, სტატია „გჯერათ, რომ იეჰოვა ყოველთვის სამართლიანად მოქმედებს?“, აბზ. 3—6.

d jw.org-ზე ნახეთ ვიდეო „ლოცვა გვეხმარება, გავუმკლავდეთ პრობლემებს“ და გაიგეთ, როგორ გვიდგას იეჰოვა მხარში სირთულეების დროს.

e თუ გსურთ, სხვა ფილიალის ტერიტორიაზე იმსახუროთ, იხილეთ წიგნი „ორგანიზებულად ვასრულებთ იეჰოვას ნებას“, თავი 10, აბზ. 6—9.

f ᲡᲣᲠᲐᲗᲔᲑᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: ორი და სამეფოს მახარობელთა სკოლის ბლანკის შევსებამდე ლოცულობს. მოგვიანებით ერთს იწვევენ, მეორეს კი — არა. ის და, რომელიც არ მიიწვიეს, იეჰოვას სთხოვს დაანახვოს, სად შეუძლია მსახურების გაფართოება. მოგვიანებით ის ფილიალს წერილს სწერს და მზადყოფნას გამოხატავს, რომ იმსახუროს იქ, სადაც ამის საჭიროებაა.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება