ოთხშაბათი, 18 ივნისი
იხარეთ იმედით (რომ. 12:12).
თითოეული ჩვენგანი ვიღებთ სხვადასხვა გადაწყვეტილებას, მაგალითად, ვისთან გვექნება ურთიერთობა, როგორ გავერთობით, რა განათლებას მივიღებთ, ვისზე დავქორწინდებით ან საერთოდ შევქმნით თუ არა ოჯახს, გვეყოლება თუ არა ბავშვები და როგორ ვირჩენთ თავს. ასეთ დროს სწორი გადაწყვეტილების მისაღებად ძლიერი რწმენა გვჭირდება. კარგი იქნება, დავფიქრდეთ: რას ცხადყოფს ჩემი ცხოვრება, ნამდვილად მტკიცედ მჯერა, რომ ამ ქვეყნიერებას მალე ღვთის ახალი ქვეყნიერება ჩაანაცვლებს? მეც მათ გავლენაში ხომ არ ვარ, ვინც დღევანდელი დღით ცხოვრობს? (მათ. 6:19, 20; ლუკ. 12:16–21). ასე რომ, თუ გვსურს, ცხოვრებაში სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ, უნდა განვიმტკიცოთ რწმენა, რომ ახალი ქვეყნიერება, ასე ვთქვათ, ხელის გაწვდენაზეა. ძლიერი რწმენა განსაცდელების დროსაც გვჭირდება. შეიძლება დევნას ვხვდებით, ქრონიკულ დაავადებას ვებრძვით ან სხვა მიზეზით გვაქვს გული გატეხილი. თავიდან შეიძლება განსაცდელებს შემართებით შევხვდეთ, მაგრამ თუ მათ ბოლო არ უჩანს, რაც საკმაოდ ხშირად ხდება ხოლმე, ძლიერი რწმენა დაგვჭირდება, რომ გავუძლოთ და სიხარულით განვაგრძოთ ღვთის მსახურება (1 პეტ. 1:6, 7). w23.04 27 ¶4, 5
ხუთშაბათი, 19 ივნისი
განუწყვეტლივ ილოცეთ! (1 თეს. 5:17).
იეჰოვა მოელის ჩვენგან, რომ ლოცვის თანახმად ვიმოქმედებთ. მოვიყვანოთ ერთი პირობითი სიტუაცია: ძმა იეჰოვას სთხოვს, რომ კონგრესის დღეებში დამსაქმებელმა სამსახურიდან გაათავისუფლოს. როგორ შეიძლება იეჰოვამ უპასუხოს მის თხოვნას? მან შეიძლება ძმას გაბედულება შემატოს, თუმცა ძმამაც უნდა გააკეთოს თავისი გასაკეთებელი და რამდენჯერაც საჭირო იქნება, დაელაპარაკოს დამსაქმებელს. ის იმისთვისაც მზად უნდა იყოს, რომ სხვა თანამშრომელს გადაუცვალოს სამუშაო დღე ან საერთოდ უხელფასო შვებულება სთხოვოს დამსაქმებელს. იეჰოვა მოელის, რომ დაჟინებით ვილოცებთ. ლუკას 11:9-ში ჩაწერილი იესოს სიტყვებიდან ჩანს, რომ ზოგჯერ იეჰოვამ შეიძლება ჩვენს ლოცვას მალევე არ უპასუხოს. ასე რომ, ნუ დაყრით ფარ-ხმალს! დაჟინებით და მთელი გულით ილოცეთ (ლუკ. 18:1–7). ამ შემთხვევაში იეჰოვა დაინახავს, რომ თქვენი სათხოვარი უბრალოდ ახირება არ არის და ბოლომდე ხართ დარწმუნებული მის ძალაში. w23.11 22 ¶10, 11
პარასკევი, 20 ივნისი
იმედი არ გაგვაწბილებს (რომ. 5:5).
იეჰოვა თავის მეგობარ აბრაამს დაჰპირდა, რომ დედამიწის ყველა ერი მისი შთამომავლის მეშვეობით იკურთხებოდა (დაბ. 15:5; 22:18). აბრაამი იმდენად ენდობოდა ღმერთს, რომ ოდნავაც არ შეჰპარვია ეჭვი მის დანაპირებში. თუმცა წლები წლებს მისდევდა. აბრაამი უკვე 100 წლის იყო, სარა კი – 90-ის, მაგრამ მათ შვილი არა და არ უჩნდებოდათ (დაბ. 21:1–7). მიუხედავად ამისა, როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, „[აბრაამი] მაინც იმედოვნებდა და სწამდა, რომ მრავალი ხალხის მამა გახდებოდა, როგორც ღმერთს ჰქონდა მისთვის ნათქვამი“ (რომ. 4:18). როგორც ვიცით, აბრაამს იმედი არ გაუმტყუნდა და ნანატრი ვაჟი შეეძინა, რომელსაც ისაკი დაარქვა. რა იყო იეჰოვასადმი მისი ნდობის საფუძველი? აბრაამი „სრულიად იყო დარწმუნებული, რომ ღმერთს დანაპირების შესრულება შეეძლო“, რადგან მასთან ახლო, მტკიცე ურთიერთობა ჰქონდა (რომ. 4:21). აბრაამმა თავისი რწმენის წყალობით ღვთის კეთილგანწყობა პოვა და მის თვალში მართლად ჩაითვალა (იაკ. 2:23). w23.12 8 ¶1, 2