რა კეთდება სიღარიბის აღმოსაფხვრელად
მდიდრებმა დაამარცხეს სიღარიბე, ოღონდ მხოლოდ საკუთარი თავისთვის. მაგრამ გლობალური მასშტაბით სიღარიბის აღმოფხვრის ყოველგვარმა მცდელობამ დღემდე უშედეგოდ ჩაიარა. მიზეზი მარტივია: მდიდრებს უბრალოდ არ სურთ თავიანთი მდგომარეობისა და ქონების დათმობა. ძველი ისრაელის მეფე სოლომონმა დაწერა: „აი, ჩაგრულთა ცრემლები; არავინ ჰყავდათ ნუგეშისმცემელი. ძალა მათ მჩაგვრელთა ხელში იყო, მათ კი ნუგეშისმცემელი არ ჰყავდათ“ (ეკლესიასტე 4:1).
შეძლებენ გავლენიანი ადამიანები მსოფლიოში სიღარიბის აღმოფხვრას? სოლომონმა ღვთის შთაგონებით დაწერა: „აჰა, ყველაფერი ამაოებაა და ქარის დევნა. გამრუდებულს ვერ გაასწორებ“ (ეკლესიასტე 1:14, 15). სიღარიბის დაძლევის დღევანდელი მცდელობები კარგად ადასტურებს ამ სიტყვების ჭეშმარიტებას.
თეორიები ყველას საკეთილდღეოდ
მე-19 საუკუნეში, მას შემდეგ, რაც ზოგმა ქვეყანამ ვაჭრობისა და ინდუსტრიის წყალობით არნახული სიმდიდრე მოიპოვა, არაერთმა გავლენიანმა პირმა სერიოზულად დაიწყო ფიქრი სიღარიბის აღმოფხვრაზე. შესაძლებელია დედამიწის რესურსების თანაბრად გადანაწილება?
ზოგი იმედოვნებდა, რომ სოციალიზმი და კომუნიზმი დაამსხვრევდა კლასობრივ ბარიერებს და სიმდიდრე სამართლიანად გადანაწილდებოდა. ცხადია, მდიდრებისთვის მიუღებელი იყო მსგავსი იდეები. თუმცა ბევრმა აიტაცა კომუნისტების ლოზუნგი: „თითოეულისგან უნარის მიხედვით, თითოეულს — მოთხოვნილების მიხედვით“. ბევრი იმედოვნებდა, რომ ყველა ქვეყანა შეითვისებდა სოციალისტურ იდეებს და მსოფლიოში უტოპია ანუ იდეალური საზოგადოებრივი წყობა დამყარდებოდა. რამდენიმე მდიდარ ქვეყანაში კომუნისტური იდეების დანერგვის შემდეგ ცხოვრების დონემ მნიშვნელოვნად აიწია. ხელისუფლება თითოეულ მოქალაქეს იმის გარანტიას აძლევდა, რომ „აკვნიდან სამარემდე“ მასზე იზრუნებდა. ისინი აცხადებდნენ, რომ თავიანთი ქვეყნის მოქალაქეებს არასოდეს მოუწევდათ სიღარიბეში ცხოვრება.
მაგრამ სოციალიზმმა ვერ განახორციელა თავისი იდეა — შეექმნა ისეთი საზოგადოება, რომლის წევრებიც უანგაროდ იზრუნებდნენ ერთმანეთზე. მათი მიზანი, რომ თითოეულ მოქალაქეს საკუთარ თავზე მეტად საზოგადოების კეთილდღეობაზე ეზრუნა, განუხორციელებელი დარჩა. ზოგისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ღარიბებისთვის დახმარების გაწევის იდეა, რადგან მათი აზრით, ეს ზოგ ღარიბს მუშაობის სტიმულს დაუკარგავდა. ამ შემთხვევაშიც გამართლდა ბიბლიაში ჩაწერილი შემდეგი სიტყვები: „არ არსებობს მართალი კაცი დედამიწაზე, რომელიც კარგს აკეთებდეს და არ სცოდავდეს . . . ჭეშმარიტმა ღმერთმა ადამიანები მართლებად შექმნა, მაგრამ ისინი ბევრ სხვა გეგმას აწყობენ“ (ეკლესიასტე 7:20, 29).
კიდევ ერთი განუხორციელებელი იდეა „ამერიკული ოცნება“ ანუ ისეთი ქვეყნის შექმნა იყო, სადაც ყველა შრომისმოყვარე ადამიანი გამდიდრდებოდა. ბევრმა ქვეყანამ აირჩია ეს პოლიტიკური კურსი — დემოკრატია, თავისუფალი მეწარმეობა და თავისუფალი ვაჭრობა, რამაც, როგორც ამბობდნენ, ამერიკის შეერთებული შტატები გაამდიდრა. მაგრამ ყველა ქვეყანას არ აუხდა „ამერიკული ოცნება“, რადგან ჩრდილოეთ ამერიკის გამდიდრება მხოლოდ პოლიტიკამ არ განაპირობა. ამ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბუნებრივი რესურსების სიუხვემ და ამ კონტინენტის გეოგრაფიულმა მდებარეობამ, რამაც საერთაშორისო ვაჭრობას შეუწყო ხელი. გარდა ამისა, კონკურენტუნარიან მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში არსებობენ არა მარტო მოგებულები, არამედ — წაგებულებიც. რამ შეიძლება აღძრას მდიდარი ქვეყნები, რომ ღარიბ ქვეყნებს დაეხმარონ?
აღმოფხვრა მარშალის გეგმამ სიღარიბე?
II-ე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპა მიწასთან იყო გასწორებული, ხალხის უმეტესობა შიმშილობდა. შეერთებული შტატების მთავრობა შეშფოთებული იყო იმ ფაქტით, რომ ევროპაში სოციალიზმი პოპულარობას იხვეჭდა. ამიტომ შეერთებული შტატების მთავრობამ დიდი თანხები გამოყო იმ ქვეყნების ინდუსტრიისა და სოფლის მეურნეობის აღსადგენად, რომლებიც მხარს უჭერდნენ მათ პოლიტიკას. ევროპის აღდგენის ამ ოთხწლიან პროგრამას, რომელიც „მარშალის გეგმის“ სახელით იყო ცნობილი, იმედის თვალით უყურებდნენ. დასავლეთ ევროპაში გაიზარდა ამერიკის გავლენა და სიღარიბე საგრძნობლად შემცირდა. მაგრამ გადაჭრა მარშალის გეგმამ მსოფლიო სიღარიბის პრობლემა?
მარშალის გეგმის წარმატებამ ამერიკის მთავრობა აღძრა, დახმარება სხვა ღარიბი ქვეყნებისთვისაც შეეთავაზებინა, რათა განევითარებინათ სოფლის მეურნეობა, სამედიცინო, სატრანსპორტო და განათლების სისტემა. შეერთებულ შტატებს არ დაუმალავს, რომ ამ ყველაფერს პირადი მიზნებისთვის აკეთებდა. სხვა ქვეყნებიც ცდილობდნენ, დახმარებოდნენ ღარიბ ქვეყნებს და ამით თავიანთი გავლენა გაეძლიერებინათ. 60 წლის განმავლობაში მათ არაერთხელ გამოყვეს იმ რაოდენობის თანხა, რაც „მარშალის გეგმის“ განხორციელების დროს დაიხარჯა, მაგრამ შედეგებით მაინც იმედგაცრუებულნი დარჩნენ. ზოგი ღარიბი ქვეყანა ძალიან გამდიდრდა, განსაკუთრებით აღმოსავლეთ აზიაში. მაგრამ ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ უკიდურესი სიღარიბე მძვინვარებს, მიუხედავად იმისა, რომ შემცირდა ბავშვთა სიკვდილიანობა და განათლების დონემაც აიწია.
რატომ არ გაამართლა მოლოდინი საერთაშორისო დახმარებამ?
მდიდარი სახელმწიფოებისთვის ღარიბ ქვეყნებში სიღარიბის დაძლევა უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე მდიდარ ქვეყნებში ომის შედეგად გაპარტახებული ეკონომიკის აღდგენა. ომამდე ევროპაში უკვე განვითარებული იყო მრეწველობა, ვაჭრობა და სატრანსპორტო სისტემა. აღდგენას მხოლოდ ეკონომიკა საჭიროებდა. ღარიბ ქვეყნებში კი, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო დახმარების წყალობით გაიყვანეს გზები, ააშენეს სკოლები და საავადმყოფოები, ხალხი დღემდე სიღატაკეში ცხოვრობს. ამის მიზეზი კი ბუნებრივი რესურსების ნაკლებობა, სავაჭრო გზების უქონლობა და ბიზნესის განუვითარებლობაა.
სიღარიბემდე ადამიანი ბევრმა რამემ შეიძლება მიიყვანოს, სიღარიბეს კი, თავის მხრივ, მრავალი პრობლემა სდევს თან, ამიტომ მისი დაძლევა ადვილი არ არის. მაგალითად, სერიოზული დაავადება იწვევს სიღარიბეს, სიღარიბე კი — დაავადებას. ბავშვები, რომლებიც შიმშილობენ, ფიზიკურად და გონებრივად იმდენად სუსტები იზრდებიან, რომ მათ საკუთარ შვილებზე ზრუნვა არ შეუძლიათ. აგრეთვე, როცა მდიდარი ქვეყნები ღარიბ ქვეყნებს დიდი რაოდენობით დახმარებას უგზავნიან, ადგილობრივი ფერმერები და მცირე მოვაჭრეები თავიანთ საქონელს ვეღარ ყიდიან; ეს კი უფრო მეტად აღარიბებს ქვეყანას. ფინანსურ დახმარებას კიდევ ერთი პრობლემა შეიძლება მოჰყვეს: ფული ადვილად შეიძლება მოიპარონ, ეს კორუფციას უწყობს ხელს, რასაც საბოლოო ჯამში ქვეყანა სიღატაკემდე მიჰყავს. საერთაშორისო დახმარება თავის მიზანს ვერ აღწევს, რადგან ის სიღარიბის გამომწვევი მთავარი მიზეზის აღმოსაფხვრელად არ არის გამიზნული.
სიღარიბის მიზეზი
ქვეყნები, მთავრობები თუ ცალკეული პირები მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე რომ არ ზრუნავდნენ, სიღარიბე არ იქნებოდა. მაგალითად, მდიდარი ქვეყნის მთავრობებს ნაკლებად აინტერესებთ მსოფლიო სიღარიბის აღმოფხვრა, რადგან ისინი დემოკრატიული გზით არიან არჩეულნი და ვალდებულნი არიან საკუთარ ამომრჩევლებზე იზრუნონ. სწორედ ამიტომ, ისინი ღარიბი ქვეყნის ფერმერებს არ აძლევენ უფლებას თავიანთი საქონელი მდიდარ ქვეყნებში შეიტანონ, იმ მიზეზით, რომ საკუთარ ქვეყანაში ბიზნესი არ ჩავარდეს. გარდა ამისა, მდიდარ ქვეყნებში ხელისუფლება ყველანაირად ხელს უწყობს ფერმერებს, რომ მათი პროდუქცია უფრო სწრაფად გაიყიდოს, ვიდრე ღარიბი ქვეყნის ფერმერების.
ნათელია, რომ სიღარიბის მიზეზი ისევ თავად ადამიანები და მთავრობები არიან, რადგან ისინი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ. მეფე სოლომონმა ეს შემდეგი სიტყვებით აღწერა: „კაცი კაცზე მძლავრობს მისდა საზიანოდ“ (ეკლესიასტე 8:9).
უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ სიღარიბე ოდესმე აღმოიფხვრება? შეუძლია რომელიმე მთავრობას ადამიანის ბუნების შეცვლა?
[ჩარჩო 6 გვერდზე]
კანონი სიღარიბის აღმოსაფხვრელად
იეჰოვა ღმერთმა ისრაელ ერს მისცა კანონთა კრებული. თუ ისრაელები ამ კანონებს დაიცავდნენ, ერში სიღარიბე არ იარსებებდა. კანონის თანახმად, ლევიანთა სამღვდელო შტოს გარდა, თითოეული ოჯახი მემკვიდრეობით მიწის ნაკვეთს იღებდა. ოჯახის მემკვიდრეობა დაცული იყო, რადგან მისი სამუდამოდ გაყიდვა არ შეიძლებოდა. ორმოცდამეათე წელს გაყიდული მიწის ნაკვეთი თავდაპირველ მფლობელს ან მის ოჯახს უბრუნდებოდა (ლევიანები 25:10, 23). თუ ვინმე ავადმყოფობის, უბედური შემთხვევის ან სიზარმაცის გამო მიწას გაყიდდა, საიუბილეო წელს სრულიად უსასყიდლოდ უბრუნდებოდა უკან. ამ კანონის წყალობით, სამუდამო სიღარიბისთვის არც ერთი ოჯახი არ იყო განწირული.
ღვთის გულმოწყალების მაჩვენებელი იყო ისიც, რომ კანონი გაჭირვებულ ადამიანს იმის უფლებას აძლევდა, რომ თავი მონად გაეყიდა. საფასურს მონას მაშინვე აძლევდნენ, რათა ვალები გადაეხადა. თუ მონა ვერ შეძლებდა თავის გამოსყიდვას, მეშვიდე წელს ის უნდა გაეთავისუფლებინათ და თან გაეტანებინათ მარცვლეული და საქონელი, რათა ცხოვრების ხელახლა დაწყება შეძლებოდა. გარდა ამისა, კანონი კრძალავდა ღარიბი მოძმისთვის ფულის სარგებლით სესხებას. კანონის თანახმად, მოსავლის აღებისას ხალხს მინდვრის ნაპირები ღარიბებისთვის უნდა დაეტოვებინა. ამგვარად, არც ერთ ისრაელს აღარ მოუწევდა მათხოვრობა (კანონი 15:1—14; ლევიანები 23:22).
ისტორიიდან ვიგებთ, რომ ზოგიერთი ებრაელი გაჭირვებული იყო. რატომ? იმიტომ, რომ ისინი არ ემორჩილებოდნენ იეჰოვას კანონს. შედეგად, როგორც უმეტეს ქვეყნებში, ზოგი ებრაელი მდიდარი მიწათმფლობელი გახდა, ზოგი კი — უმიწაწყლოდ დარჩა. ისინი იმიტომ გაღარიბდნენ, რომ ზოგმა ისრაელმა უგულებელყო ღვთის კანონი და სხვების ინტერესებზე მაღლა საკუთარი ინტერესები დააყენა (მათე 22:37—40).