29 განაგრძო იობმა იგავებით ლაპარაკი:
2 «ნეტავ ისევ წარსულ მთვარისმიერ თვეებში ვცხოვრობდე,+
როცა ღმერთი მმფარველობდა;+
3 როცა თავზე მანათებდა თავის ლამპარს
და მისი სინათლით დავდიოდი სიბნელეში.+
4 ჩემი ცხოვრების საუკეთესო დროს,+
როცა ჩემს კარავში ღმერთთან სიახლოვე სუფევდა;+
5 როცა ჯერ კიდევ ჩემთან იყო ყოვლისშემძლე
და ჩემ გარშემო იყვნენ ჩემი მსახურები;
6 როცა კარაქში ვავლებდი ჩემს ნაბიჯებს
და კლდიდან ზეთის ნაკადები იღვრებოდა ჩემთვის;+
7 როცა ქალაქის კარიბჭესთან გავდიოდი+
და მოედანზე ადგილს ვიმზადებდი.+
8 როცა ბიჭები ჩემ დანახვაზე იმალებოდნენ
და მოხუცები ფეხზე დგებოდნენ.+
9 სათქმელისგან მთავრებიც თავს იკავებდნენ
და პირზე ხელს იფარებდნენ.+
10 დიდებულები ხმას ვერ იღებდნენ
და ენა სასაზე ეკვროდათ.+
11 ყური მისმენდა და ბედნიერად მთვლიდა,
თვალი მხედავდა და მემოწმებოდა,
12 ვინაიდან ვიხსნიდი დაჩაგრულს, რომელიც შველას ითხოვდა,+
უმამო ბავშვსა და ყველა უმწეოს.+
13 დასაღუპავად განწირულის კურთხევა+ მე მეძლეოდა
და ქვრივს გულს ვუხარებდი.+
14 სიმართლით ვიმოსებოდი, ის კი მე მმოსავდა.+
ჩემი სამართალი მოსასხამივითა და თავსაბურავივით იყო.
15 ბრმისთვის თვალი ვიყავი+
და კოჭლისთვის — ფეხი;
16 ღარიბებისთვის ნამდვილი მამა ვიყავი+
და უცნობის სასამართლო საქმესაც ვარჩევდი.+
17 დამნაშავეს ყბებს ვუმტვრევდი+
და კბილებიდან ვგლეჯდი მსხვერპლს.
18 ვამბობდი: „ჩემს სამყოფელში მოვკვდები+
და დღეებს ქვიშასავით გავიმრავლებ.+
19 ჩემი ფესვი წყლამდეა გადგმული+
და ნამი დევს ღამით ჩემს ტოტზე.
20 არ ჭკნება ჩემი დიდება
და ჩემი ხელი კვლავაც გაისვრის მშვილდს“.
21 მე მისმენდნენ ისინი და მე მელოდნენ;
როცა რჩევას ვაძლევდი, ჩუმად იყვნენ.+
22 ჩემი სიტყვის მერე აღარაფერს ამბობდნენ
და ცვარად ედებოდა მათ ჩემი სიტყვა;+
23 წვიმასავით მელოდნენ+
და ფართოდ უღებდნენ პირს გაზაფხულის წვიმას.+
24 გავუღიმებდი და არ სჯეროდათ,
არ იშორებდნენ ჩემი სახის ნათელს.+
25 გზას ვურჩევდი მათ და თავკაცად ვიჯექი;
ისე ვცხოვრობდი, როგორც მეფე თავის ჯარს შორის,+
და მგლოვიარეებს ნუგეშისმცემლად ვყავდი».+