იერემია
43 როგორც კი იერემიამ დაასრულა ხალხისთვის მათი ღვთის, იეჰოვას, ყოველი სიტყვის გადაცემა, ყოველი იმ სიტყვისა,+ რითაც იეჰოვამ, მათმა ღმერთმა გაგზავნა მათთან, 2 აზარია ჰოშაიას+ ძემ, იოხანან+ კარეახის ძემ და ყველა კადნიერმა კაცმა+ უთხრეს იერემიას: „სიცრუეს ლაპარაკობ,+ იეჰოვას, ჩვენს ღმერთს, არ გამოუგზავნიხარ, რომ გეთქვა, ეგვიპტეში არ წახვიდეთ და არ შეეხიზნოთო მას,+ 3 არამედ ბარუქმა,+ ნერიას ძემ, წაგაქეზა ჩვენ წინააღმდეგ, ქალდეველთა ხელში რომ ჩავცვივდეთ და დაგვხოცონ ან ბაბილონში გადაგვასახლონ“.+
4 არ დაემორჩილნენ იოხანანი, კარეახის ძე, ჯარის მეთაურები და ხალხი იეჰოვას ხმას,+ რომ იუდას მიწაზე დარჩენილიყვნენ საცხოვრებლად.+ 5 იოხანანმა, კარეახის ძემ, და ჯარის მეთაურებმა წაიყვანეს იუდადან დარჩენილები, რომლებიც დაბრუნდნენ ყველა ხალხიდან, სადაც გაფანტულები იყვნენ, რათა ცოტა ხანი ეცხოვრათ იუდას მიწაზე:+ 6 კაცები, მათი ცოლები, ბავშვები, მეფის ასულები+ და ყველა*, ვინც მცველთა უფროსმა, ნებუზარადანმა+ დატოვა გედალიასთან,+ შაფანის+ ძის ახიკამის+ ძესთან, ასევე იერემია წინასწარმეტყველი და ბარუქი,+ ნერიას ძე. 7 ბოლოს ჩავიდნენ ეგვიპტეში,+ რადგან არ დაემორჩილნენ იეჰოვას ხმას და თახფანხესს+ მიაღწიეს.
8 იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა იერემიას თახფანხესში: 9 «აიღე დიდი ქვები და იუდეველთა თვალწინ დამალე დუღაბში, იმ აგურებს შორის, რომლითაც თახფანხესში, ფარაონის სასახლის შესასვლელთან ტერასებია აშენებული.+ 10 უთხარი მათ, აი რას ამბობს-თქო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „ვგზავნი და წამოვიყვან ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს,+ ჩემს მსახურს,+ და ტახტს დავუდგამ სწორედ ამ ქვებზე, მე რომ დავმალე, და გაშლის მათზე თავის დიდებულ კარავს. 11 მოვა ის და დაჰკრავს ეგვიპტის მიწას.+ სასიკვდილო ჭირი მას, ვინც სასიკვდილო ჭირისთვისაა; ტყვეობა მას, ვინც ტყვეობისთვისაა; მახვილი მას, ვინც მახვილისთვისაა.+ 12 ცეცხლს ავაგიზგიზებ ეგვიპტის ღმერთების სახლებში.+ ცეცხლს მისცემს ის მათ და ტყვედ წაასხამს; ისევე შემოიცვამს ეგვიპტის მიწას, როგორც მწყემსი შემოიცვამს თავის ტანსაცმელს,+ და მშვიდობით წამოვა იქიდან. 13 დალეწავს ბეთ-შემეშის სვეტებს ეგვიპტის მიწაზე და გადაწვავს ეგვიპტის ღმერთების სახლებს“».