-
მარკოზი 9:17-29ბიბლია
-
-
17 ხალხიდან ვიღაცამ მიუგო: „მოძღვარო, ჩემი ბიჭი მოგიყვანე, სიმუნჯის სული ჰყავს.+ 18 სადაც კი შეიპყრობს, მიწაზე ანარცხებს, დუჟი გადმოსდის, კბილებს აღრჭიალებს და ძალა ეცლება. შენს მოწაფეებს ვთხოვე, განდევნეთ-მეთქი, მაგრამ ვერ შეძლეს“. 19 მაშინ იესომ უთხრა მათ: „ოჰ, ურწმუნო თაობავ,+ როდემდე უნდა ვიყო თქვენთან? როდემდე უნდა გითმინოთ? მომიყვანეთ ბიჭი!“+ 20 მათაც მიუყვანეს. სულმა იესოს დანახვისთანავე კრუნჩხვებში ჩააგდო ბიჭი; იგი მიწაზე დაეცა, გორაობდა და დუჟი გადმოსდიოდა. 21 იესომ ბიჭის მამას ჰკითხა: „რამდენი ხანია, რაც ასე ემართება?“ „ბავშვობიდან“, — მიუგო მან. 22 „ხან ცეცხლში აგდებს, ხან — წყალში; მისი მოკვლა უნდა. თუ მისი განკურნება შეგიძლია, შეგვიბრალე და დაგვეხმარე“. 23 იესომ უთხრა: „რა თქვი, თუ შეგიძლიაო?! ვისაც სწამს, მისთვის შეუძლებელი არაფერია“.+ 24 ბავშვის მამამ მაშინვე წამოიძახა: „მწამს! ოღონდ დამეხმარე, რომ რწმენა გავიძლიერო!“+
25 როცა იესომ შენიშნა, რომ ხალხი მათკენ გამორბოდა, უწმინდური სული შერისხა და უთხრა: „სიმუნჯისა და სიყრუის სულო, გიბრძანებ, გამოხვიდე მისგან და აღარასოდეს შეხვიდე!“+ 26 სულმა დაიყვირა, ბიჭი კრუნჩხვებში ჩააგდო და გამოვიდა მისგან. ბიჭი მკვდარს დაემსგავსა. ბევრი ამბობდა კიდეც, მოკვდაო, 27 მაგრამ იესომ მას ხელი მოჰკიდა და წამოაყენა. 28 სახლში რომ შევიდა, მოწაფეებმა განცალკევებით ჰკითხეს: „ჩვენ რატომ ვერ განვდევნეთ?“+ 29 „ამათ მხოლოდ ლოცვით თუ განდევნი“, — უპასუხა იესომ.
-
-
ლუკა 9:38-42ბიბლია
-
-
38 ამ დროს ერთმა კაცმა დაიძახა: „მოძღვარო, გევედრები, დაეხმარე ჩემს ვაჟს; ეს ჩემი ერთადერთი შვილია.+ 39 მას სული იპყრობს, უეცრად აყვირებს, კრუნჩხვებში აგდებს, დუჟს ადენს, ალურჯებს და მერეც ძლივსღა ანებებს თავს. 40 შენს მოწაფეებს ვთხოვე, რომ განედევნათ, მაგრამ ვერ შეძლეს“. 41 მაშინ იესომ თქვა: „ოჰ, ურწმუნო და უკუღმართო თაობავ,+ როდემდე უნდა ვიყო თქვენთან? როდემდე უნდა გითმინოთ? მომიყვანე შენი შვილი!“+ 42 იესოს რომ უახლოვდებოდა, ბიჭი დემონმა ძირს დაანარცხა და ძლიერ კრუნჩხვებში ჩააგდო. იესომ შერისხა უწმინდური სული, ბიჭი განკურნა და მამამისს ჩააბარა.
-