ესთერი
8 იმ დღეს მეფე ახაშვეროშმა დედოფალ ესთერს გადასცა იუდეველთა მტრის,+ ჰამანის, მთელი ავლადიდება.+ შემდეგ მორდოქაი მეფის წინაშე წარდგა, რადგან გაამხილა ესთერმა, თუ ვინ იყო ის მისთვის.+ 2 წაიძრო მეფემ ბეჭედი,+ რომელიც ჰამანს ჩამოართვა, და მისცა მორდოქაის, ესთერმა კი მას ჰამანის მთელი ავლადიდება ჩააბარა.+
3 კვლავ დაელაპარაკა ესთერი მეფეს, დაემხო მის ფეხებთან, ტიროდა და ევედრებოდა, რომ აერიდებინა მათთვის უბედურება და ჩაეშალა აგაგელი ჰამანის გეგმა.+ 4 გაიშვირა მეფემ ესთერისკენ ოქროს კვერთხი,+ წამოდგა ესთერი, დადგა მეფის წინაშე 5 და თქვა: „თუ მეფე ინებებს, და, თუ წყალობა მიპოვია მის თვალში, თუ მართებულად მიიჩნევს მეფე და, თუ მოსაწონი ვარ მისთვის, მაშინ წერილობით გაუქმდეს ის საბუთები, აგაგელი+ ჰამედათას ვაჟმა, ავისმზრახველმა ჰამანმა+ რომ შეადგინა სამეფოს ყველა სამთავროში მცხოვრებ იუდეველთა გასანადგურებლად. 6 როგორ ვუყურო ჩემი ხალხის უბედურებას და ჩემი ნათესავების განადგურებას?!“
7 უთხრა მეფე ახაშვეროშმა დედოფალ ესთერს და იუდეველ მორდოქაის: „აი, ესთერს მივეცი ჰამანის მთელი ავლადიდება,+ ის კი ძელზე ჩამოვკიდე,+ რადგან იუდეველების განადგურება განიზრახა. 8 თქვენ თვითონ დაწერეთ მეფის სახელით იუდეველთათვის ის, რასაც მოისურვებთ, და დაბეჭდეთ მეფის ბეჭდით, რადგან მეფის სახელით დაწერილი და მეფის ბეჭდით დაბეჭდილი ბრძანებულების გაუქმება შეუძლებელია!“+
9 ამიტომ მე-3 ანუ სივანის თვის 23-ე დღეს მოუხმეს მეფის მწერლებს. მათ დაწერეს მორდოქაის ბრძანებულება იუდეველებისთვის, სატრაპებისთვის,+ გამგებლებისა და 127 სამთავროს მთავრებისთვის+ ინდოეთიდან ეთიოპიამდე, თითოეულ სამთავროში მცხოვრები ხალხისთვის, მათ შორის იუდეველებისთვის, მათ ენაზე მათივე დამწერლობით.
10 მორდოქაიმ წერილები მეფე ახაშვეროშის სახელით დაწერა, მეფის ბეჭდით+ დაბეჭდა და ცხენოსანი შიკრიკების ხელით დაგზავნა; ისინი სამეფო სამსახურისთვის განკუთვნილ ფეხმარდ ბედაურებზე იყვნენ ამხედრებულნი. 11 ამ ბრძანებულებით მეფე ნებას რთავდა სხვადასხვა ქალაქში მცხოვრებ იუდეველებს, ერთად შეკრებილიყვნენ და თავი დაეცვათ; დაეხოცათ, გაენადგურებინათ და მოესპოთ ყველა, ვინც კი რომელიმე ხალხსა თუ სამთავროში მათ წინააღმდეგ გამოვიდოდა, მათ შორის ქალები და ბავშვები, და დაეტაცებინათ მათი ქონება.+ 12 ეს მეფე ახაშვეროშის სამეფოს ყველა სამთავროში ერთ დღეს, მე-12 ანუ ადარის თვის მე-13 დღეს, უნდა მომხდარიყო.+ 13 ამ წერილობით ბრძანებულებას ყველა სამთავროში კანონის ძალა უნდა ჰქონოდა. ის ყველა ხალხისთვის უნდა გამოეცხადებინათ, რათა იუდეველები მზად ყოფილიყვნენ იმ დღისთვის და შური ეძიათ თავიანთ მტრებზე.+ 14 მეფის ბრძანებისამებრ, შიკრიკები უმალ ამხედრდნენ სამეფო სამსახურისთვის განკუთვნილ ბედაურებზე და გაქუსლეს. ამასობაში კანონი შუშანის+ ციხე-დარბაზშიც გამოცხადდა.
15 გამოვიდა მეფისგან მორდოქაი ლურჯი ქსოვილისა და თეთრი სელის სამეფო სამოსლით, ოქროს დიდი გვირგვინითა და ძვირფასი იისფერი შალის მოსასხამით.+ ქალაქი შუშანი სიხარულით ყიჟინებდა. 16 იუდეველებმა შვებით ამოისუნთქეს, დიდად გაიხარეს და დაფასდნენ. 17 ყველა სამთავროსა და ქალაქში, რომლამდეც მიაღწია მეფის ბრძანებულებამ და მისმა კანონმა, დიდად ხარობდნენ და ილხენდნენ იუდეველები, ნადიმობდნენ და ზეიმობდნენ. იმ მიწაზე მცხოვრებ ხალხთაგან მრავალი გახდა იუდეველი,+ რადგან იუდეველთა შიშს მოეცვა ისინი.