რიცხვები
15 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 2 «გადაეცი ისრაელებს: „როცა იმ მიწას დაიმკვიდრებთ, რომელსაც გაძლევთ,+ 3 და თქვენი ცხვარ-ძროხიდან იეჰოვას ცეცხლში დასაწვავ შესაწირავს შესწირავთ, იქნება ეს დასაწვავი მსხვერპლი,+ განსაკუთრებული თუ ნებაყოფლობითი+ აღთქმის შესასრულებლად ან დღესასწაულებზე+ შეწირული მსხვერპლი, როგორც საამო* სურნელება იეჰოვასთვის,+ 4 ამ შესაწირავთან ერთად მარცვლეული შესაწირავიც შესწირეთ იეჰოვას — მეათედი ეფა* წმინდად დაფქული ფქვილი,+ რომელსაც მეოთხედი ჰინი* ზეთი ექნება მოსხმული. 5 დასაწვავ მსხვერპლთან+ ან მამალ თოხლთან ერთად მეოთხედი ჰინი ღვინოც შესწირეთ დასაღვრელ შესაწირავად. 6 ვერძთან ერთად მარცვლეული შესაწირავიც შესწირეთ — ორი მეათედი ეფა წმინდად დაფქული ფქვილი, რომელსაც მესამედი ჰინი ზეთი ექნება მოსხმული, 7 და მესამედი ჰინი ღვინო, როგორც დასაღვრელი შესაწირავი, საამო სურნელება იეჰოვასთვის.
8 თუ იეჰოვას მოზვერს სწირავთ დასაწვავ მსხვერპლად,+ განსაკუთრებული აღთქმის+ შესასრულებელ ან სამშვიდობო მსხვერპლად,+ 9 მოზვერთან ერთად შესწირეთ მარცვლეული შესაწირავი+ — სამი მეათედი ეფა წმინდად დაფქული ფქვილი, რომელსაც ნახევარი ჰინი ზეთი ექნება მოსხმული, 10 და ნახევარი ჰინი ღვინო დასაღვრელ შესაწირავად,+ როგორც ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, საამო სურნელება იეჰოვასთვის. 11 ასე შესწირეთ ყოველი მოზვერი, ვერძი, მამალი თოხლი და თხა. 12 ასე შესწირეთ თითოეული მსხვერპლი, რამდენიც არ უნდა შესწიროთ. 13 აი, ასე უნდა შესწიროს თითოეულმა ისრაელმა ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, როგორც საამო სურნელება იეჰოვასთვის.
14 თუ თქვენ შორის მცხოვრები უცხოელი ან ის, ვინც უკვე დიდი ხანია, რაც თქვენთან ცხოვრობს, შესწირავს ცეცხლში დასაწვავ შესაწირავს, როგორც საამო სურნელებას იეჰოვასთვის, ისე შესწიროს, როგორც თქვენ სწირავთ.+ 15 თქვენ და თქვენ შორის მცხოვრებ უცხოელებს ერთი წესი უნდა გქონდეთ. ეს იქნება სამარადისო წესი თაობიდან თაობაში. თქვენ და თქვენ შორის მცხოვრები უცხოელები თანასწორნი უნდა იყოთ იეჰოვას წინაშე.+ 16 თქვენ და თქვენ შორის მცხოვრებ უცხოელებს ერთი კანონი და ერთი სამართალი უნდა გქონდეთ“».
17 შემდეგ იეჰოვამ მოსეს უთხრა: 18 «გადაეცი ისრაელებს: „როცა დაიმკვიდრებთ იმ მიწას, სადაც მიმყავხართ, 19 და შეჭამთ იმ მიწის ნაყოფს,+ გაიღეთ შესაწირავი იეჰოვასთვის. 20 შესწირეთ პირველმოწეული+ მარცვლეულის ღერღილისგან დამზადებული რგოლისებრი კვერები. ისე შესწირეთ, როგორც კალოდან აღებულ შესაწირავს სწირავთ. 21 შესწირეთ იეჰოვას თქვენი პირველმოწეული მარცვლეულის ღერღილი თაობიდან თაობაში.
22 თუ შესცოდავთ და არ შეასრულებთ ყველა იმ მითითებას, რომლებიც იეჰოვამ მოსეს გადასცა, 23 ყველაფერს, რაც იეჰოვამ მოსეს მეშვეობით დააწესა თქვენთვის და თქვენი მომავალი თაობებისთვის იმ დღეს, როცა იეჰოვამ მათი დაცვა გიბრძანათ, 24 ანუ, თუ უნებურად შესცოდავთ, მაგრამ ეს კრებულს* არ ეცოდინება, როცა გაიგებს, მთელმა კრებულმა შესწიროს მოზვერი დასაწვავ მსხვერპლად, როგორც საამო სურნელება იეჰოვასთვის, მარცვლეულ და დასაღვრელ შესაწირავთან ერთად, წესისამებრ,+ ხოლო ცოდვის შესაწირავად — თიკანი.+ 25 მღვდელმა გამოსყიდვის წესი შეასრულოს მთელი ისრაელისთვის და ეპატიებათ,+ რადგან მათ ცოდვა ჩაიდინეს და შემდეგ თავიანთი შესაწირავი მიიტანეს: ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის და ცოდვის შესაწირავი იეჰოვასთვის. 26 ეპატიებათ ისრაელებსაც და მათ შორის მცხოვრებ უცხოელებსაც, რადგან უნებურად შესცოდეს.
27 თუ ვინმე უნებურად შესცოდავს, ცოდვის შესაწირავად ერთწლიანი დედალი თხა მიიყვანოს.+ 28 მღვდელი გამოსყიდვის წესს შეასრულებს მისთვის, ვინც უნებურად შესცოდა იეჰოვას წინაშე. ასე შესრულდება მისთვის გამოსყიდვის წესი და მას ცოდვა ეპატიება.+ 29 თუ უნებურად შესცოდავს ვინმე, მკვიდრი იქნება თუ თქვენ შორის მცხოვრები უცხოელი, ორივესთვის ერთი კანონი უნდა იყოს.+
30 ვინც განზრახ+ დაგმობს იეჰოვას, მკვიდრი იქნება თუ თქვენ შორის მცხოვრები უცხოელი, უნდა მოკვდეს. 31 მან არაფრად ჩააგდო იეჰოვას სიტყვა და მისი მცნება დაარღვია. ამიტომ უნდა მოკვდეს.+ ის პასუხს აგებს თავის დანაშაულზე“».+
32 ერთხელ ისრაელებმა უდაბნოში ყოფნის დროს ნახეს კაცი, რომელიც შაბათს+ შეშას აგროვებდა. 33 შეშის შემგროვებელი მოსეს, აარონსა და ხალხს მიუყვანეს. 34 დაკავებული ჰყავდათ იგი,+ რადგან არ იცოდნენ, როგორ მოჰქცეოდნენ მას.
35 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „ეს კაცი უნდა მოკვდეს,+ მთელმა ხალხმა უნდა ჩაქოლოს ბანაკის გარეთ“.+ 36 იეჰოვას ბრძანებისამებრ გაიყვანა ის მთელმა ხალხმა ბანაკის გარეთ, ჩაქოლეს და მოკვდა იგი.
37 შემდეგ იეჰოვამ მოსეს უთხრა: 38 „გადაეცი ისრაელებს, რომ თავიანთი ტანსაცმლის კალთებს ბოლოში ფოჩები გაუკეთონ და ასე აკეთონ თაობიდან თაობაში, ფოჩებს ზემოთ კი ტანსაცმელს ლურჯი ზონრები შემოავლონ.+ 39 ეს ფოჩები ტანსაცმელს იმისთვის უნდა ჰქონდეს, რომ შეხედოთ მათ, გაიხსენოთ და შეასრულოთ იეჰოვას მცნებები.+ არ აჰყვეთ თქვენს გულსა და თვალს, რომლებიც კერპთაყვანისმცემლობისკენ* გიბიძგებენ.+ 40 ეს ფოჩები გაგახსენებთ ყველა ჩემს მცნებას და შეასრულებთ მათ; წმინდები იყავით თქვენი ღვთისთვის.+ 41 მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი; მე გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან, რომ თქვენი ღმერთი ვყოფილიყავი.+ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი“.+