გამოსვლა
29 „ასე განწმინდე ისინი, მღვდლებად რომ მემსახურონ: წაიყვანე ერთი მოზვერი და ორი საღი ვერძი,+ 2 წაიღე ხმიადები, ზეთში მოზელილი რგოლისებრი ხმიადები და ზეთწასმული უფუარი კვერები;+ წმინდად დაფქული ხორბლის ფქვილისგან გამოაცხვე. 3 ჩააწყვე კალათაში და კალათით მიიტანე;+ მოზვერი და ორი ვერძიც მიიყვანე.
4 მიიყვანე აარონი და მისი ვაჟები შეხვედრის კარვის შესასვლელთან+ და დაიბანონ.+ 5 შემოსე აარონი გრძელი სამოსლით,+ ეფოდის ქვეშ ჩასაცმელი უსახელო სამოსით, ეფოდითა და სამკერდით; შემოაკარი ეფოდზე ნაქსოვი სარტყელი.+ 6 დაახურე თავსაბურავი და ზედ მიძღვნის წმინდა ნიშანი გაუკეთე.+ 7 აიღე საცხები ზეთი,+ დაასხი თავზე და მღვდლად სცხე იგი.+
8 მიიყვანე აარონის ვაჟები და ისინიც გრძელი სამოსლით შემოსე.+ 9 შემოაკარი სარტყლები აარონსა და მის ვაჟებს და დაახურე თავსაბურავები. ისინი და მათი შთამომავლები იქნებიან მღვდლები სამარადისო წესით.+ ასე უნდა დანიშნო აარონი და მისი ვაჟები მღვდლებად.+
10 მიიყვანე მოზვერი შეხვედრის კარვის წინ და დაადონ მას თავზე ხელი აარონმა და მისმა ვაჟებმა.+ 11 დაკალი მოზვერი იეჰოვას წინაშე შეხვედრის კარვის შესასვლელთან.+ 12 აიღე თითით მოზვრის სისხლი და სამსხვერპლოს რქებს სცხე,+ დანარჩენი სისხლი კი სამსხვერპლოს ძირში დაღვარე.+ 13 აიღე მთელი ქონი,+ რომელიც ნაწლავებს ფარავს, ღვიძლის ქონი, ორივე თირკმელი, მათი ქონი და დაწვი, რომ სამსხვერპლოდან ბოლი ავიდეს.+ 14 მოზვრის ხორცი, ტყავი და ნეხვი კი ბანაკის გარეთ ცეცხლში დაწვი. ეს არის ცოდვის შესაწირავი.
15 მიიყვანე ერთი ვერძი და დაადონ მას თავზე ხელი აარონმა და მისმა ვაჟებმა.+ 16 დაკალი ვერძი, აიღე მისი სისხლი და სამსხვერპლოს ყველა მხრიდან მიასხურე.+ 17 დაკლული ვერძი ნაჭრებად დაჭერი, ნაწლავები და კიდურები გარეცხე+ და ნაჭრები, თავის ჩათვლით, თანმიმდევრულად დააწყვე. 18 დაწვი მთელი ვერძი სამსხვერპლოზე, რომ იქიდან ბოლი ავიდეს. ეს არის დასაწვავი მსხვერპლი იეჰოვასთვის, საამო* სურნელება.+ ეს არის ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის.
19 მიიყვანე მეორე ვერძიც და დაადონ მას თავზე ხელი აარონმა და მისმა ვაჟებმა.+ 20 დაკალი ვერძი, აიღე მისი სისხლი და წაუსვი აარონსა და მის ვაჟებს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელისა და მარჯვენა ფეხის ცერებზე; სისხლი სამსხვერპლოს ყველა მხრიდან მიასხურე. 21 აიღე ცოტაოდენი სისხლი სამსხვერპლოდან და ცოტაოდენი საცხები ზეთი;+ მიასხურე აარონსა და მის სამოსელს, მის ვაჟებსა და მათ სამოსელს, რათა წმინდები იყვნენ აარონი და მისი ვაჟები და წმინდა იყოს მათი სამოსელი.+
22 აიღე ვერძის მთელი ქონი, მისი დუმა, ქონი, რომელიც ნაწლავებს ეკვრის, ღვიძლის ქონი, ორივე თირკმელი თავის ქონთან ერთად+ და მარჯვენა ბარკალი, რადგან ეს მღვდლად დანიშვნის ვერძია.+ 23 იეჰოვას წინაშე მიტანილი ხმიადების კალათიდან ამოიღე მრგვალი ხმიადი, ზეთში მოზელილი რგოლისებრი ხმიადი და უფუარი კვერი, 24 ხელებზე დაუწყვე აარონსა და მის ვაჟებს და შეარხიე, ვინაიდან ეს არის იეჰოვას წინაშე მიტანილი შესარხევი შესაწირავი. 25 აიღე ისინი მათი ხელებიდან, დასაწვავ მსხვერპლს ზემოდან დააწყვე სამსხვერპლოზე და დაწვი, რომ აბოლდეს როგორც საამო სურნელება იეჰოვას წინაშე. ეს არის ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის.
26 აიღე მღვდლად დანიშვნის ვერძის მკერდი,+ რომელიც აარონისთვის შეიწირება, და შეარხიე, ვინაიდან ეს შესარხევი შესაწირავია იეჰოვას წინაშე; ეს იქნება შენი წილი. 27 განწმინდე შესარხევი შესაწირავის მკერდი და წმინდა წილიდან ბარკალი, ის, რაც შეირხევა და ის, რაც მღვდლად დანიშვნის ვერძის+ ნაწილი იქნება, ვერძისა, რომელიც აარონისა და მისი ვაჟებისთვის შეიწირება. 28 აარონისა და მისი ვაჟებისა იქნება ეს იმ სამარადისო წესის მიხედვით, რომელიც ისრაელებმა უნდა დაიცვან, რადგან ეს წმინდა წილია; ეს ის წმინდა წილი იქნება, რომელსაც ისრაელები გაიღებენ.+ ეს არის მათი წმინდა წილი იეჰოვასთვის მათი სამშვიდობო მსხვერპლიდან.+
29 აარონის შემდეგ მის წმინდა სამოსელს+ მისი შვილები ჩაიცვამენ+ ცხებისა და მღვდლებად დანიშვნის შემდეგ. 30 მღვდელს, აარონის ვაჟებიდან ერთ-ერთს, რომელიც მას შეცვლის და რომელიც შეხვედრის კარავში წმინდა ადგილას მსახურებისთვის შევა, ეს სამოსელი შვიდი დღე ეცვას.+
31 წაიღე მღვდლად დანიშვნის ვერძის დარჩენილი ნაჭრები და მოხარშე წმინდა ადგილას.+ 32 ჭამონ შეხვედრის კარვის შესასვლელთან აარონმა და მისმა ვაჟებმა+ ვერძის ხორცი და ხმიადები, რომელიც კალათაშია. 33 ჭამონ ეს შესაწირავი, რომლის შეწირვითაც გამოსყიდვის წესი შესრულდება მათი მღვდლებად დანიშვნისა და განწმენდისთვის. სხვამ* არ ჭამოს, რადგან ის წმინდაა.+ 34 თუ მღვდლად დანიშვნის შესაწირავის ხორციდან და ხმიადებიდან დილამდე რაიმე მორჩება, ცეცხლში დაწვი;+ არავინ ჭამოს, რადგან წმინდაა.
35 აარონთან და მის ვაჟებთან დაკავშირებით ყველაფერი ისე გააკეთე, როგორც გითხარი. შვიდი დღე გამოყავი იმისათვის, რომ მღვდლებად დანიშნო ისინი.+ 36 გამოსყიდვის წესის შესასრულებლად ყოველდღიურად შესწირე მოზვერი, როგორც ცოდვის შესაწირავი; ამით სამსხვერპლოს განწმენდ ცოდვისგან; სამსხვერპლოს განსაწმენდად ზეთიც სცხე.+ 37 შვიდი დღის განმავლობაში შეასრულე გამოსყიდვის წესი სამსხვერპლოსთვის; განწმინდე ის, რომ სამსხვერპლო წმინდა იყოს.+ ის, ვინც სამსხვერპლოს შეეხება, განწმენდილი უნდა იყოს.
38 სამსხვერპლოზე ყოველდღიურად, მუდმივად უნდა სწირავდე ორ ერთწლიან მამალ თოხლს;+ 39 ერთი თოხლი დილაობით შესწირე, მეორე — შებინდებისას*.+ 40 პირველ თოხლთან ერთად მიიტანე მეათედი ეფა* წმინდად დაფქული ფქვილი, რომელსაც მეოთხედი ჰინი* საუკეთესო ზეთისხილის ზეთი ექნება მოსხმული, და მეოთხედი ჰინი ღვინო დასაღვრელ შესაწირავად. 41 მეორე თოხლი შებინდებისას შესწირე; მასთან ერთადაც მიიტანე მარცვლეული და დასაღვრელი შესაწირავი, როგორც დილას. ეს არის ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის, საამო სურნელება. 42 ეს იქნება ყოველდღიურად დასაწვავი მსხვერპლი თქვენი თაობებისთვის შეხვედრის კარვის შესასვლელთან იეჰოვას წინაშე, სადაც გამოგეცხადებით, რომ გელაპარაკოთ.+
43 გამოვეცხადები იქ ისრაელებს და ჩემი დიდება განწმენდს იმ ადგილს.+ 44 განვწმენდ შეხვედრის კარავსა და სამსხვერპლოს; განვწმენდ აარონსა და მის ვაჟებს,+ რათა მღვდლებად მემსახურონ. 45 დავივანებ ისრაელებს შორის და მათი ღმერთი ვიქნები.+ 46 ეცოდინებათ, რომ მე ვარ იეჰოვა, მათი ღმერთი, რომელმაც გამოვიყვანე ეგვიპტიდან, რათა მათ შორის დავმკვიდრებულიყავი.+ მე ვარ იეჰოვა, მათი ღმერთი“.