მეფეები — წიგნი მეორე
21 მენაშე+ 12 წლის გამეფდა და 55 წელი იმეფა იერუსალიმში;+ დედამისს ერქვა ხეფციბა. 2 ის ბოროტებას იქმოდა იეჰოვას თვალში და იმ ხალხთა საზიზღარ საქმეებს სჩადიოდა,+ იეჰოვამ რომ ჩამოაცილა ისრაელებს.+ 3 მან აღადგინა მამამისის, ხიზკიას მიერ განადგურებული სათაყვანო მაღლობები,+ სამსხვერპლოები აუგო ბაალს და აღმართა სათაყვანო ბოძი,+ როგორც ისრაელის მეფე ახაბმა.+ მენაშე პირქვე ემხობოდა ციური ლაშქრის წინაშე და ემსახურებოდა მას.+ 4 მან სამსხვერპლოები ააგო იეჰოვას ტაძარში,+ რომელზეც იეჰოვას ნათქვამი ჰქონდა, დავავანებო ჩემს სახელს იერუსალიმში.+ 5 მან ციურ ლაშქარს აუგო სამსხვერპლოები+ იეჰოვას ტაძრის ორივე ეზოში.+ 6 ცეცხლში დაწვა თავისი ვაჟი, ჯადოქრობდა, მისნობდა+ და გაიჩინა სულების გამომძახებლები და მკითხავები.+ დიდ ბოროტებას სჩადიოდა ის იეჰოვას თვალში და შეურაცხყოფდა მას.
7 მან თავისი გაკეთებული სათაყვანო ბოძის+ ქანდაკება დადგა ტაძარში, რომელზეც იეჰოვას ნათქვამი ჰქონდა დავითისა და მისი ვაჟისთვის, სოლომონისთვის: „ამ ტაძარში და იერუსალიმში, რომელიც ისრაელის ტომთა სამკვიდროებს შორის ამოვარჩიე, სამარადისოდ დავავანებ ჩემს სახელს.+ 8 აღარ ავყრი ისრაელს იმ მიწიდან, მათ მამა-პაპას რომ მივეცი,+ თუკი გულდასმით დაიცავენ ყველაფერს — მთელ კანონს, რომლის დაცვაც მათ ჩემმა მსახურმა მოსემ უბრძანა“.+ 9 მაგრამ ყურს არ უგდებდა ღმერთს ხალხი; შეცდომაში შეჰყავდა მენაშეს ისინი და იმ ერებზე უარესად იქცეოდნენ, მათ თვალწინ რომ მოსპო იეჰოვამ.+
10 ელაპარაკებოდა მათ იეჰოვა თავისი მსახურების, წინასწარმეტყველების პირით:+ 11 «საზიზღარი საქმეები ჩაიდინა იუდას მეფე მენაშემ და ამორეველებზე უარესად მოიქცა,+ მის უწინ რომ იყვნენ;+ მან თავისი საზიზღარი კერპებით* ცოდვაში გახვია იუდა. 12 ამიტომ აი, რას ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „ისეთ უბედურებას დავატეხ იერუსალიმსა+ და იუდას, რომლის გაგონებაზეც ხალხს ყურები შუილს დაუწყებს.+ 13 იმავე ლარს გადავჭიმავ+ იერუსალიმზე, სამარიაზე+ რომ გადავჭიმე, და იმავე თარაზოს გამოვიყენებ, ახაბის სახლეულობაზე+ რომ გამოვიყენე; პირწმინდად ამოვწმენდ იერუსალიმს ისე, როგორც კაცი ამოწმენდს ხოლმე ჯამს, ამოწმენდს და გადმოაპირქვავებს.+ 14 მივატოვებ ჩემი საკუთრების დარჩენილ ნაწილს,+ ჩავყრი მათ მტრების ხელში, ნადავლად იქცევიან ისინი თავიანთი მტრებისთვის,+ 15 რადგან იმას სჩადიოდნენ, რაც ბოროტებაა ჩემს თვალში და შეურაცხმყოფდნენ ეგვიპტიდან მათი მამა-პაპის გამოსვლის დღიდან დღემდე!“»+
16 მენაშემ ის არ იკმარა, რომ ბოროტებას აკეთებინებდა იუდას იეჰოვას თვალში და ასე სცოდავდა, მან უდანაშაულო სისხლიც ბევრი დაღვარა,+ რომლითაც პირთამდე აავსო იერუსალიმი. 17 მენაშეს დანარჩენ საქმეებზე, იმ ყოველივეზე, რაც მან გააკეთა და მის ცოდვებზე იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 18 ბოლოს განისვენა მენაშემ თავისი მამა-პაპის გვერდით; დამარხეს ის თავისი სასახლის ბაღში, უზას ბაღში.+ მის შემდეგ მისი ვაჟი ამონი გამეფდა.
19 ამონი+ 22 წლის გამეფდა და 2 წელი იმეფა იერუსალიმში;+ დედამისი იყო იოტბელი მეშულემეთი, ხარუცის ასული. 20 ბოროტებას სჩადიოდა ის იეჰოვას თვალში მამამისის, მენაშეს მსგავსად.+ 21 იგი მამამისივით იქცეოდა; პირქვე ემხობოდა და თაყვანს სცემდა საზიზღარ კერპებს, რომელთაც მამამისი ეთაყვანებოდა.+ 22 მან ზურგი აქცია იეჰოვას, თავისი მამა-პაპის ღმერთს, და არ დადიოდა იეჰოვას გზით.+ 23 ბოლოს შეითქვნენ ამონის მსახურები და თავისივე სასახლეში მოკლეს ის. 24 დახოცა ხალხმა მეფე ამონის წინააღმდეგ შეთქმულები და მის ნაცვლად მისი ვაჟი იოშია გაამეფა.+ 25 ამონის დანარჩენი საქმეების შესახებ იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 26 დამარხეს ის თავის სამარხში, უზას ბაღში.+ მის შემდეგ მისი ვაჟი იოშია+ გამეფდა.