მსაჯულები
7 იერუბაალი, იგივე გედეონი,+ და მთელი მისი ხალხი დილით ადრე ადგნენ და ხაროდის წყაროსთან დაბანაკდნენ; მიდიანი მათ ჩრდილოეთით იყო დაბანაკებული ველზე, მორეს გორასთან. 2 უთხრა იეჰოვამ გედეონს: „არ არის საჭირო ამდენი ხალხი, მიდიანი რომ ჩავუგდო ხელში,+ თორემ ტრაბახს მოჰყვება ისრაელი და მეტყვის, საკუთარი ხელით ვიხსენიო თავი.+ 3 გამოაცხადე ხალხის გასაგონად, ვისაც ეშინია და კანკალებს, უკან გაბრუნდეს-თქო“.+ გამოსცადა ისინი გედეონმა. 22 000 კაცი გაბრუნდა უკან და 10 000 დარჩა.
4 ისევ უთხრა იეჰოვამ გედეონს: „მაინც ბევრნი არიან. წყალთან ჩაიყვანე და იქ გამოგიცდი მათ; ვისზეც გეტყვი, წამოვა-მეთქი, ის წაიყვანე, და ვისზეც გეტყვი, არ წამოვა-მეთქი, არ წაიყვანო“. 5 ჩაიყვანა მან ხალხი წყალთან.
უთხრა იეჰოვამ გედეონს: „ვინც ძაღლივით ენით შესვლეპს წყალს, გამოაცალკევე მათგან, ვინც ჩაიმუხლება და ისე დალევს წყალს“. 6 პეშვით მიიტანა პირთან წყალი 300-მა კაცმა და ისე შეხვრიპა, დანარჩენები კი ჩაიმუხლნენ და ისე დალიეს.
7 უთხრა იეჰოვამ გედეონს: „300 მხვრეპელით გიხსნი და ხელში ჩაგიგდებ მიდიანს,+ დანარჩენები კი შინ დაბრუნდნენ“. 8 მას შემდეგ, რაც გამოართვეს ხალხს საგზალი და საყვირები, გედეონმა ყველა ისრაელი მამაკაცი, 300 კაცის გარდა, შინ გაუშვა. მიდიანი მათ ქვევით, ველზე იყო დაბანაკებული.+
9 უთხრა მას იეჰოვამ იმ ღამით: „ადექი, თავს დაესხი მათ ბანაკს, რადგან ხელში ჩაგიგდე ის.+ 10 თუ გეშინია, შენს მსახურ ფურაჰთან ერთად ჩადი მათ ბანაკში. 11 მოისმინე, რასაც იტყვიან და გამბედაობას მოიკრებ, რომ თავს დაესხა ბანაკს“. ჩავიდნენ ის და მისი მსახური ფურაჰი და მიადგნენ ბანაკს.
12 ველზე კალიებივით იყვნენ მოდებული მიდიანელები, ამალეკელები და აღმოსავლელები;+ თან უთვალავი, ზღვის ქვიშასავით ურიცხვი, აქლემი ჰყავდათ.+ 13 მივიდა გედეონი და, აი, ერთი კაცი სიზმარს უყვება მეორეს: „მესიზმრა, ქერის მრგვალი პური მოგორავდა მიდიანის ბანაკისკენ; მოგორდა კარავთან, დაეჯახა და დასცა,+ თავდაყირა დააყენა და მიწაზე დაამხო კარავი“. 14 მეორემ მიუგო: „ეგ სხვა არაფერია, თუ არა იოაშის ძის, ებრაელი გედეონის, მახვილი.+ ღმერთმა ხელში ჩაუგდო მას მიდიანი და მთელი ბანაკი“.+
15 როცა გედეონმა სიზმარი და მისი ახსნა მოისმინა,+ თაყვანი სცა ღმერთს, დაბრუნდა ისრაელის ბანაკში და შესძახა: „ადექით, ხელში ჩაგიგდოთ იეჰოვამ მიდიანის ბანაკი!“ 16 სამ რაზმად დაყო 300 კაცი და ყველას საყვირები და დიდი ცარიელი დოქები მისცა,+ რომლებშიც ჩირაღდნები ეწყო. 17 უთხრა მათ: „მიყურეთ და თქვენც იგივე გააკეთეთ! ბანაკთან რომ მივალ, რასაც მე გავაკეთებ, თქვენც ის გააკეთეთ! 18 საყვირს რომ ჩავბერავთ მე და ჩემთან მყოფნი, თქვენც ჩაჰბერეთ ბანაკის ირგვლივ და შესძახეთ, იეჰოვას მახვილი და გედეონის მახვილიო!“
19 მიადგა გედეონი ბანაკს შუაღამის გუშაგობის* დასაწყისში 100 კაცით; გუშაგები ახალი შეცვლილები იყვნენ. ჩაჰბერეს საყვირებს+ და დალეწეს წყლის დიდი დოქები, ხელში რომ ეჭირათ.+ 20 სამივე რაზმმა ჩაჰბერა საყვირებს და დალეწა დოქები; მარცხენა ხელში ჩირაღდნები ეჭირათ, მარჯვენა ხელში კი — საყვირები ჩასაბერად, და იძახდნენ: „იეჰოვას მახვილი და გედეონის მახვილი!“ 21 ყველა თავის ადგილას იდგა ბანაკის გარშემო; მთელი ჯარი ყვირილით გაიქცა.+ 22 აყვირებდა საყვირებს 300 კაცი; იეჰოვამ მთელ ბანაკს ერთმანეთზე აღამართვინა მახვილი.+ უკუიქცა ჯარი ბეთ-შიტამდე, ცერერისკენ, აბელ-მეჰოლის+ შემოგარენამდე, თაბათამდე.
23 მოუხმეს ისრაელებს ნაფთალიდან, აშერიდან და მთელი მენაშედან+ და დაედევნენ ისინი მიდიანელებს. 24 გაგზავნა გედეონმა მაცნეები ეფრემის მთიან მხარეში და შეუთვალა: „ჩადით და შეუტიეთ მიდიანს, დაიკავეთ იორდანე და მისი შენაკადები ბეთ-ბარამდე!“ ერთად შეიკრიბნენ ეფრემელები და დაიკავეს იორდანე და მისი შენაკადები ბეთ-ბარამდე. 25 შეიპყრეს მიდიანის ორი მთავარიც, ორები და ზეები; ორები+ ორების ლოდზე მოკლეს, ზეები — ზეების საწნახელთან. განაგრძეს მიდიანელთა დევნა;+ ორებისა და ზეების თავები გედეონს მიუტანეს იორდანის მხარეში.