მსაჯულები
9 წავიდა იერუბაალის ვაჟი აბიმელექი+ შექემში დედამისის ძმებთან და სთხოვა მათ და პაპამისის მთელ სახლეულობას, 2 შექემის თავკაცებისთვის* ეკითხათ: „რა გირჩევნიათ, იერუბაალის 70 ვაჟი+ იყოს თქვენი წინამძღოლი თუ ერთი კაცი? გახსოვდეთ, რომ თქვენი სისხლი და ხორცი ვარ!“
3 მოახსენეს დედამისის ძმებმა ეს სიტყვები შექემელთა თავკაცებს; მიემხრნენ ისინი აბიმელექს, რადგან თქვეს, ჩვენი ძმააო იგი. 4 მისცეს მას 70 ვერცხლი ბაალ-ბერითის+ ტაძრიდან, რომლითაც აბიმელექმა უსაქმური და თავზეხელაღებული კაცები დაიქირავა, თან რომ გაჰყოლოდნენ. 5 წავიდა ის ოფრაში,+ მამამისის სახლში, და ერთ ქვაზე დახოცა თავისი ძმები,+ 70 კაცი, იერუბაალის ვაჟები; მხოლოდ იოთამი, იერუბაალის უმცროსი ვაჟი, გადარჩა, რადგან დაიმალა.
6 შეიკრიბა შექემელთა ყველა თავკაცი და მთელი ბეთ-მილო და გაამეფეს აბიმელექი შექემში მდგარ სვეტთან,+ დიდ ხესთან ახლოს.
7 როგორც კი ეს იოთამს შეატყობინეს, ის მაშინვე გერიზიმის მთის+ წვერზე ავიდა და ხმამაღლა გადმოსძახა მათ: «მისმინეთ, შექემელთა თავკაცებო, და ღმერთიც მოგისმენთ:
8 წავიდნენ ერთხელ ხეები, რომ თავიანთთვის მეფე ეცხოთ, და უთხრეს ზეთისხილს, გამეფდიო ჩვენზე.+ 9 ზეთისხილმა მიუგო: „დავთმო ჩემი ზეთი, რითაც ღმერთსა და ადამიანებს განადიდებენ, და სხვა ხეებზე გავბატონდე?“ 10 შემდეგ ხეებმა ლეღვს უთხრეს, მოდი, შენ გამეფდიო ჩვენზე. 11 ლეღვმა მიუგო: „დავთმო ჩემი სიტკბო და გემრიელი ნაყოფი, და სხვა ხეებზე გავბატონდე?“ 12 ახლა ვაზს უთხრეს, მოდი, შენ გამეფდიო ჩვენზე. 13 ვაზმა მიუგო: „დავთმო ჩემი ახალი ღვინო, რაც ღმერთსა და ადამიანებს ახარებს, და ხეებზე გავბატონდე?“ 14 ბოლოს მაყვალთან მივიდნენ ხეები და უთხრეს, მოდი, შენ გამეფდიო ჩვენზე.+ 15 მაყვალმა მიუგო: „თუ მართლა გინდათ ჩემი მეფედ ცხება, მოდით და ჩემს ჩრდილს შეეფარეთ, თუ არადა, გამოვარდეს ცეცხლი ჩემგან და შთანთქას ლიბანის კედრები!“
16 სწორად და ღირსეულად მოიქეცით, აბიმელექი რომ გაამეფეთ?!+ კარგად მოექეცით იერუბაალსა და მის სახლეულობას, და ის გაუკეთეთ, რასაც იმსახურებდა?! 17 მამაჩემი თქვენთვის იბრძოდა+ და საფრთხეში იგდებდა თავს, მიდიანელთა ხელიდან რომ ეხსენით.+ 18 თქვენ კი დღეს მამაჩემის სახლეულობას აუმხედრდით, ერთ ქვაზე დახოცეთ მისი ვაჟები, 70 კაცი,+ და მისი მხევლის ვაჟი,+ აბიმელექი, გაამეფეთ შექემელთა თავკაცებზე, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენიანია. 19 და, თუ დღეს სწორად და ღირსეულად მოექეცით იერუბაალსა და მის სახლეულობას, თქვენ აბიმელექით გეხაროთ და მას — თქვენით. 20 თუ არადა, ცეცხლი გამოვარდეს აბიმელექისგან და შთანთქას შექემელი თავკაცები და ბეთ-მილო;+ გამოვარდეს ცეცხლი შექემელი თავკაცებისგან და ბეთ-მილოდან და შთანთქას აბიმელექი!»+
21 იქიდან იოთამი+ ბეერში გაიქცა და იქ დასახლდა თავისი ძმის, აბიმელექის გამო.
22 სამი წელი მართავდა აბიმელექი ისრაელს. 23 მტრობა ჩამოაგდო ღმერთმა აბიმელექსა და შექემელთა თავკაცებს შორის და ვერაგულად ექცეოდნენ ისინი აბიმელექს, 24 რათა მიზღოდათ მათ იერუბაალის 70 ვაჟზე ძალადობის გამო და მოჰკითხოდა მათი სისხლი აბიმელექს, მათ ძმას, რადგან მან დახოცა ისინი,+ და შექემელთა თავკაცებსაც, რადგან ხელი შეუწყვეს მას, რომ დაეხოცა თავისი ძმები. 25 კაცები ჩაუსაფრეს მას შექემელთა თავკაცებმა მთის თხემებზე და ძარცვავდნენ ყველას, ვინც მათ სიახლოვეს გზად ჩაივლიდა. მოახსენეს ეს ამბავი აბიმელექს.
26 იმ დროს შექემში+ გადავიდა გაალი, ებედის ვაჟი, თავის ძმებთან ერთად; ახლა მას მიემხრნენ შექემელთა თავკაცები. 27 გავიდნენ ისინი ქალაქგარეთ, დაკრიფეს ყურძენი თავიანთ ვენახებში, დაწურეს და დღესასწაული გამართეს; შემდეგ შევიდნენ თავიანთი ღვთის ტაძარში,+ ჭამეს, სვეს და წყევლეს აბიმელექი. 28 გაალმა, ებედის ვაჟმა, თქვა: „ვინ არის აბიმელექი და ვინ არის შექემი*, მას რომ ვემსახუროთ? განა ის იერუბაალის+ ვაჟი არ არის, ზებული კი — მისი დაყენებული გამგებელი?! ხამორელებს ემსახურეთ, შექემის მამის ხალხს. მას რატომ უნდა ვემსახუროთ?! 29 ჩემს ხელში რომ იყოს ეს ხალხი, ჩამოვაგდებდი აბიმელექს“. ამის შემდეგ გამოიწვია მან აბიმელექი, გაზარდე შენი ლაშქარი და გამოდიო.
30 გაიგო ზებულმა, ქალაქის მთავარმა, ებედის ვაჟის, გაალის, სიტყვები და განრისხდა. 31 ფარულად გაუგზავნა მაცნეები აბიმელექს და შეუთვალა: „ებედის ვაჟი გაალი და მისი ძმები შექემში არიან და მთელ ქალაქს გიმხედრებენ. 32 ადექით ამაღამვე შენ და შენი ხალხი და მინდორში ჩაუსაფრდით. 33 დილაადრიან, მზის ამოსვლისთანავე, ადექი და შეუტიე ქალაქს; როცა გამოვლენ ის და მისი ხალხი შენ წინააღმდეგ, ყველაფერი გააკეთე მათ დასამარცხებლად“.
34 ადგნენ ღამით აბიმელექი და მისი ხალხი, ოთხ რაზმად დაიყვნენ და შექემთან ჩასაფრდნენ. 35 გამოვიდა ებედის ვაჟი გაალი და დადგა ქალაქის კარიბჭესთან. ამ დროს წამოიშალნენ ჩასაფრებული აბიმელექი და მისი ხალხი. 36 დაინახა გაალმა ხალხი და ზებულს უთხრა, შეხედე, ხალხი ჩამოდისო მთებიდან. ზებულმა კი მიუგო, მთების ჩრდილი ხალხად გეჩვენებაო.
37 ისევ უთხრა გაალმა: „ხალხი ეშვება შუა მაღლობიდან და ერთი რაზმიც მეონენიმის დიდი ხის მხრიდან მოდის“. 38 ზებულმა მიუგო: „რა პირით ამბობდი, ვინ არის აბიმელექი, რომ მას ვემსახუროთო?!+ ეს ის ხალხი არ არის, შენ რომ უარყავი?! გადი ახლა და შეებრძოლე!“
39 გაუძღვა გაალი შექემელთა თავკაცებს და შეებრძოლა აბიმელექს. 40 დაედევნა მას აბიმელექი და უკუაქცია იგი. მრავალი დაეცა ბრძოლაში, დახოცილები ქალაქის კარიბჭემდე ეყარნენ.
41 აბიმელექი კვლავ არუმაში ცხოვრობდა; განდევნა ზებულმა+ გაალი და მისი ძმები შექემიდან. 42 მეორე დღეს ხალხი გამოვიდა მინდორში და შეატყობინეს აბიმელექს ეს ამბავი. 43 წაიყვანა თავისი ხალხი და სამ რაზმად დაყო. ჩასაფრდნენ ისინი მინდორში. ქალაქიდან გამომავალი ხალხი რომ დაინახა, თავს დაესხა და დახოცა. 44 წინ გაიჭრა აბიმელექი თავისი რაზმით და ქალაქის კარიბჭის შესასვლელთან გამაგრდა, ორი რაზმი კი მინდორში მყოფთ შეესია და ხოცავდა მათ. 45 მთელი დღე უტევდა ქალაქს აბიმელექი და აიღო; დახოცა ქალაქში მყოფი ხალხი, დაანგრია ქალაქი+ და მიწაზე მარილი მოაბნია.
46 გაიგეს ეს შექემის კოშკში მცხოვრებმა თავკაცებმა და ელ-ბერითის+ ტაძრის სამალავში შეცვივდნენ. 47 როგორც კი შეიტყო აბიმელექმა, რომ შექემის კოშკში მცხოვრები თავკაცები ერთად შეკრებილიყვნენ, 48 ავიდა აბიმელექი ცალმონის მთაზე თავის ხალხთან ერთად. აიღო აბიმელექმა ცული, ხეს ტოტი მოაჭრა, მხარზე გაიდო და თავის ხალხს უბრძანა: „რაც მე გავაკეთე, თქვენც საჩქაროდ იგივე გააკეთეთ!“ 49 თითოეულმა მოჭრა ტოტი და გაჰყვნენ ისინი აბიმელექს. შემოუწყვეს ტოტები იმ სამალავს და ცეცხლი წაუკიდეს; ამოწყდა შექემის კოშკში მყოფი მთელი ხალხი, ათასამდე კაცი და ქალი.
50 წავიდა აბიმელექი თებეცში, დაბანაკდა თებეცთან და აიღო ის. 51 ქალაქის შუაგულში ერთი მტკიცე კოშკი იდგა. გაიქცნენ იქ იმ ქალაქში მცხოვრები კაცები, ქალები და ქალაქის თავკაცები, შიგ ჩაიკეტნენ და კოშკის თავზე ავიდნენ. 52 გაემართა აბიმელექი იმ კოშკისკენ და იერიში მიიტანა მასზე; მივიდა კოშკის შესასვლელთან, რათა ცეცხლი წაეკიდებინა. 53 ამ დროს ერთმა ქალმა ზევიდან დოლაბი გადმოაგდო და აბიმელექს თავის ქალა ჩაუმტვრია.+ 54 მაშინვე მოუხმო მან თავის საჭურველთმტვირთველს და უთხრა: „იშიშვლე მახვილი და მომკალი, რომ არ თქვან, ქალმა მოკლაო!“ ჩასცა მას მახვილი მისმა მსახურმა და მოკვდა იგი.
55 როცა დაინახეს ისრაელებმა, რომ მოკვდა აბიმელექი, ყველა შინ დაბრუნდა. 56 ასე მიუზღო ღმერთმა სამაგიერო აბიმელექს იმ ბოროტებისთვის, რაც მამამისს გაუკეთა, თავისი 70 ძმა რომ დახოცა.+ 57 შექემელებსაც მიუზღო ღმერთმა ჩადენილი ბოროტებისთვის. ასე უწია მათ იერუბაალის+ ძის, იოთამის, წყევლამ.+