სამუელი — წიგნი მეორე
3 დიდხანს გაგრძელდა ბრძოლა საულისა და დავითის სახლეულობებს შორის; დავითი უფრო და უფრო ძლიერდებოდა,+ საულის სახლეულობა კი სუსტდებოდა.+
2 ხებრონში დავითს შეეძინა ვაჟები:+ ამნონი,+ მისი პირმშო, იზრეელელი ახინოამისგან,+ 3 მეორე ვაჟი — ქილაბი ქარმელელი ნაბალის ქვრივისგან, აბიგაილისგან,+ მესამე ვაჟი — აბესალომი+ მააქასგან, გეშურის მეფის, თალმაის,+ ასულისგან, 4 მეოთხე ვაჟი — ადონია+ ხაგითისგან, მეხუთე ვაჟი — შეფატია აბიტალისგან, 5 მეექვსე ვაჟი — ითრეამი თავისი ცოლისგან, ეგლასგან. ისინი დავითს ხებრონში შეეძინა.
6 საულისა და დავითის საგვარეულოებს შორის ბრძოლა გრძელდებოდა, აბნერი+ კი უფრო და უფრო განიმტკიცებდა მდგომარეობას საულის საგვარეულოში. 7 ჰყავდა საულს ერთი ხარჭა, რიცფა,+ აიას ასული. ჰკითხა იშ-ბოშეთმა+ აბნერს: „რატომ დაწექი მამაჩემის ხარჭასთან?“+ 8 განარისხა აბნერი იშ-ბოშეთის ნათქვამმა და უთხრა: „მე რა, ძაღლი ხომ არ ვარ იუდაში?! დღემდე ვერთგულობ* მამაშენის, საულის, სახლეულობას, მის ძმებსა და მეგობრებს. არ ჩამიგდიხარ დავითის ხელში, შენ კი დღეს ამ ქალთან ცოდვას მაბრალებ. 9 ღმერთმა დამსაჯოს, თუ ის არ გავაკეთო დავითისთვის, რაც იეჰოვამ შეჰფიცა,+ 10 რომ წაართმევდა მეფობას საულის საგვარეულოს და დავითს აიყვანდა ტახტზე, რომ ემეფა ისრაელსა და იუდაზე დანიდან ბეერ-შებამდე!“+ 11 იშ-ბოშეთმა ვეღარაფერი უპასუხა აბნერს, რადგან შეეშინდა მისი.+
12 მაშინვე გაუგზავნა აბნერმა დავითს მაცნეები და შეუთვალა: „ვისია ეს მიწა? დამიდე შეთანხმება და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მოგიმხრო მთელი ისრაელი“.+ 13 მან მიუგო: „კარგი, დაგიდებ შეთანხმებას, ოღონდ ერთი პირობით: ნუ ეცდები ჩემს ნახვას, თუ ჩემთან საულის ასულის, მიქალის+ გარეშე მოხვალ!“ 14 გაუგზავნა დავითმა საულის ვაჟს, იშ-ბოშეთს,+ მაცნეები და შეუთვალა: „დამიბრუნე ჩემი ცოლი მიქალი, რომელიც 100 ფილისტიმელის ჩუჩის სანაცვლოდ დავნიშნე!“+ 15 გაგზავნა კაცები იშ-ბოშეთმა და წამოიყვანა იგი მისი ქმრისგან, ფალტიელისგან,+ ლაიშის ვაჟისგან; 16 ქმარი ტირილით მოჰყვებოდა უკან ბახურიმამდე.+ მაშინ უთხრა მას აბნერმა, წადი, გაბრუნდიო, და ისიც გაბრუნდა.
17 შეუთვალა აბნერმა ისრაელის უხუცესებს: „რა ხანია, დავითის გამეფება გსურთ. 18 ახლა იმოქმედეთ, რადგან იეჰოვამ უთხრა დავითს, ჩემი მსახურის, დავითის,+ ხელით დავიხსნი ჩემს ხალხს, ისრაელს, ფილისტიმელთა და ყველა სხვა მტრის ხელიდანო“. 19 ბენიამინელებსაც+ ელაპარაკა აბნერი; შემდეგ ხებრონში წავიდა, დავითისთვის პირადად რომ ეთქვა, რაზე შეთანხმდნენ ისრაელები და ბენიამინისტომელები.
20 აბნერი 20 კაცთან ერთად ჩავიდა დავითთან ხებრონში. ნადიმი გაუმართა დავითმა აბნერსა და მის მხლებლებს. 21 უთხრა აბნერმა დავითს: „გამიშვი და შეგიკრებ მთელ ისრაელს, მეფე-ბატონო, რომ შეთანხმება დაგიდონ და მთელ ხალხზე გამეფდე“. გაისტუმრა დავითმა აბნერი და ისიც წავიდა მშვიდობით.
22 სწორედ მაშინ დიდძალი ნადავლით დაბრუნდნენ სათარეშოდ გასული დავითის მსახურები და იოაბი. აბნერი, რომელიც მშვიდობით გაისტუმრა დავითმა, უკვე წამოსულიყო ხებრონიდან. 23 ჯართან ერთად დაბრუნებულ იოაბს+ აცნობეს, ნერის+ ვაჟი აბნერი+ იყო მეფესთან მოსული, გაისტუმრა მეფემ იგი და მშვიდობით წავიდაო. 24 შევიდა იოაბი მეფესთან და უთხრა: „ეს რა გააკეთე?! აბნერი ყოფილა შენთან, შენ კი გაგისტუმრებია და ისიც მშვიდობით წასულა. 25 ხომ იცნობ აბნერს, ნერის ვაჟს?! შენ მოსატყუებლად და შენი თითოეული ნაბიჯის გასაგებად მოვიდა! ყველაფრის გაგება უნდა, რასაც აკეთებ!“
26 გამოვიდა იოაბი დავითისგან, მაცნეები გაუგზავნა აბნერს და სირას ჭიდან მოაბრუნებინა იგი, ისე რომ დავითმა არაფერი იცოდა ამის შესახებ. 27 ხებრონში დაბრუნებული აბნერი+ იოაბმა, ვითომდა სალაპარაკოდ, კარიბჭის შიგნით გვერდზე გაიხმო; მუცელში ჩასცა მახვილი და მოკლა იგი.+ ასე აიღო მან თავისი ძმის, ასაჰელის, სისხლი.+ 28 გაიგო ეს დავითმა და თქვა: „არანაირი ბრალი არ მიგვიძღვის მე და ჩემს სამეფოს იეჰოვას წინაშე ნერის ვაჟის, აბნერის, მკვლელობაში.+ 29 სამაგიერო მიეზღოს იოაბსა+ და მამამისის მთელ სახლეულობას! ნურასდროს გამოილევა იოაბის სახლეულობაში გამონადენიანი,+ კეთროვანი,+ თითისტარის ხელში ამღები კაცი*, მახვილით დაცემული და ლუკმაპურს დანატრებული!“+ 30 ასე გამოასალმეს სიცოცხლეს აბნერი+ იოაბმა და მისმა ძმამ აბიშაიმ,+ რადგან მან მათი ძმა ასაჰელი მოკლა გაბაონთან გამართულ ბრძოლაში.+
31 უბრძანა დავითმა იოაბსა და ყველა მასთან მყოფს: „შემოიხიეთ ტანსაცმელი, შემოიხვიეთ ჯვალო და იგლოვეთ აბნერი!“ თავად მეფე დავითი მიჰყვებოდა საკაცეს. 32 დამარხეს აბნერი ხებრონში. ხმამაღლა ტიროდა მეფე აბნერის სამარხთან და მასთან ერთად ტიროდა მთელი ხალხი. 33 ასე დაატირა მეფემ აბნერს:
„უგუნური კაცივით უნდა მომკვდარიყავი, აბნერ?!
34 ხელი არ შეგბორკვია
და ფეხზე ბორკილი არ დაგდებია,
ისე დაეცი, როგორც ავაზაკთა ხელით ეცემიან!“+
ამაზე კვლავ ატირდა ხალხი.
35 ჯერ კიდევ დღე იყო, როცა მივიდა ხალხი და საჭმელი მიუტანა დავითს, მან კი დაიფიცა: „ღმერთმა დამსაჯოს, თუ მზის ჩასვლამდე ვჭამო რამე!“+ 36 დაინახა ეს ხალხმა და მოეწონა, როგორც სხვა ყველაფერი, რასაც მეფე აკეთებდა. 37 იმ დღეს დავითის მთელი ხალხი და მთელი ისრაელი მიხვდა, რომ ნერის ვაჟის, აბნერის, სიკვდილში მეფის ხელი არ ერია.+ 38 უთხრა მეფემ თავის მსახურებს: „იცით, რა მეთაური და რა ვაჟკაცი დაეცა დღეს ისრაელში?!+ 39 მე კი დღეს, თუმცა მეფედ ვარ ცხებული,+ უძლური ვარ, ესენი კი, ცერუიას ვაჟები,+ ულმობლები არიან.+ იეჰოვამ მიუზღოს ბოროტებს ჩადენილი ბოროტების სანაცვლოდ!“+