მეორე წერილი კორინთელების მიმართ
13 ეს უკვე მესამედ ვაპირებ თქვენთან მოსვლას. „ყველაფერი ორი ან სამი მოწმის პირით უნდა დამტკიცდეს“.+ 2 ახლა თქვენ გვერდით არ ვარ, მაგრამ ისე მიიღეთ ჩემი ნათქვამი, თითქოს მეორედ ვიყო თქვენთან. ვაფრთხილებ მათ, ვინც ადრე სცოდავდა, და ყველა დანარჩენს, რომ, თუკი ოდესმე მოვალ თქვენთან, არ დავინდობ მათ. 3 რაკი ითხოვთ, ასე დაგიმტკიცებთ, რომ ქრისტე გელაპარაკებათ ჩემი პირით; ის სისუსტეს კი არ იჩენს თქვენთან, არამედ ძლიერებით მოქმედებს. 4 მართალია, ის ძელზე გააკრეს, როგორც უძლური ადამიანი, მაგრამ ახლა ცოცხალია ღვთის ძალით.+ მის მსგავსად ჩვენც უძლურნი ვართ, მაგრამ მასთან ერთად ვიცოცხლებთ+ ღვთის ძალით, რომელიც თქვენზეც მოქმედებს.+
5 ყოველთვის შეამოწმეთ საკუთარი თავი, გაქვთ თუ არა რწმენა; გამოსცადეთ საკუთარი თავი.+ ნუთუ ვერ ხვდებით, რომ იესო ქრისტე თქვენთან ერთობაშია?! თუ ამას ვერ ხვდებით, მაშინ ღვთის მოწონება არ დაგიმსახურებიათ. 6 გულწრფელად ვიმედოვნებ, მიხვდებით, რომ ჩვენ მის მოწონებას ვიმსახურებთ.
7 ვლოცულობთ და ღმერთს ვთხოვთ, რომ ცუდი არაფერი ჩაიდინოთ, არა იმიტომ, რომ ჩვენ გამოვჩნდეთ მართლები, არამედ იმიტომ, რომ თქვენ მოიქცეთ კარგად, თუნდაც ჩვენ გამოვჩნდეთ მტყუანნი. 8 ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ ჭეშმარიტების საწინააღმდეგოდ, თუ რამეს გავაკეთებთ, მხოლოდ ჭეშმარიტებისთვის. 9 ყოველთვის გვიხარია თქვენი სიძლიერე, თუნდაც ჩვენ სუსტები ვიყოთ. სწორედ ამიტომ თქვენი გამოსწორებისთვის ვლოცულობთ. 10 ამ ყოველივეს იმიტომ გწერთ თქვენთან მოსვლამდე, რომ, როცა მოვალ, მკაცრად არ გამოვიყენო ძალაუფლება, რომელიც უფალმა მიბოძა+ აღსაშენებლად და არა დასანგრევად.
11 ბოლოს, ძმებო, კვლავაც იხარეთ, გამოსწორდით, მიიღეთ სხვებისგან ნუგეში,+ ერთი აზრი გქონდეთ,+ მშვიდობიანად იცხოვრეთ,+ და სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთი+ თქვენთან იქნება. 12 მოიკითხეთ ერთმანეთი წმინდა ამბორით. 13 მოკითხვას გითვლით ყველა წმინდა.
14 დაე გქონდეთ უფალ იესო ქრისტეს წყალობა, ღვთის სიყვარული და ყველანი იყოთ წმინდა სულის მოზიარე!