რიცხვები
36 მივიდნენ იოსების ვაჟის, მენაშეს ვაჟის, მაქირის+ ვაჟის, გალაადის შთამომავალთა შტოების თავკაცები მოსესთან და ისრაელების ტომთა თავკაცებთან 2 და უთხრეს: „იეჰოვამ ჩემს ბატონს უბრძანა, რომ წილისყრით მიეცა+ ისრაელებისთვის სამკვიდრო. იეჰოვამ ისიც უბრძანა ჩემს ბატონს, რომ ჩვენი მოძმის, ცელოფხადის, ქალიშვილებისთვისაც მიეცა სამკვიდრო.+ 3 თუ მათ ისრაელის სხვა რომელიმე ტომიდან მოიყვანენ ცოლებად, მათი სამკვიდრო ჩვენს სამკვიდროს მოაკლდება და იმ ტომების სამკვიდროებს მიემატება, რომლებშიც ისინი გათხოვდებიან, და მოაკლდება ჩვენს სამკვიდროს, რომელიც წილისყრით შეგვხვდა. 4 როცა ისრაელში სადღესასწაულო წელი+ დადგება, ამ ქალების სამკვიდრო იმ ტომების სამკვიდროებს მიემატება, რომლებშიც ისინი გათხოვდებიან, ჩვენი ტომის სამკვიდროს კი მოაკლდება მათი სამკვიდრო“.
5 შემდეგ მოსემ იეჰოვას ბრძანებისამებრ ისრაელებს უთხრა: «მართალს ამბობს იოსების შთამომავალთა ტომი. 6 აი, რა ბრძანა იეჰოვამ ცელოფხადის ასულებზე: „ვისაც უნდათ, იმას მისთხოვდნენ, ოღონდ თავიანთ ტომში. 7 ისრაელში სამკვიდრო ტომიდან ტომში არ უნდა გადავიდეს; ყველა ტომმა თავ-თავისი სამკვიდრო უნდა შეინარჩუნოს. 8 ქალი, რომელიც ისრაელში სამკვიდროს მიიღებს, თავისივე ტომში უნდა გათხოვდეს,+ რათა ისრაელის თითოეულ ტომს თავისი მამა-პაპის სამკვიდრო შეუნარჩუნდეს. 9 ისრაელში სამკვიდრო ტომიდან ტომში არ უნდა გადავიდეს; ყველა ტომმა თავ-თავისი სამკვიდრო უნდა შეინარჩუნოს“».
10 ცელოფხადის ასულები ისე მოიქცნენ, როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს.+ 11 ცელოფხადის ასულები,+ მახლა, თირცა, ხოგლა, მილქა და ნოე, თავიანთ ბიძაშვილებს* მისთხოვდნენ. 12 ისინი იოსების ვაჟის, მენაშეს, ტომში გათხოვდნენ, რათა მათი სამკვიდრო მათსავე ტომში დარჩენილიყო.
13 ესაა მცნებები და კანონები, რომელთა დაცვაც იეჰოვამ ისრაელებს მოსეს მეშვეობით მოაბის ხრიოკ ველზე, იორდანესთან, იერიხონის მახლობლად უბრძანა.+