ეზეკიელი
9 მან ყურში ხმამაღლა ჩამძახა: „მოუხმე ქალაქის დამსჯელთ, რომელთაც ხელში გამანადგურებელი იარაღი უჭირავთ!“
2 დავინახე, რომ ექვსი კაცი მოდიოდა ზემო კარიბჭიდან,+ რომელიც ჩრდილოეთს გაჰყურებს; თითოეულს ხელში შემმუსვრელი იარაღი ეჭირა. მათთან ერთად იყო ერთი სელით შემოსილი კაცი, რომელსაც წელზე რქის სამელნე ჰქონდა; მოვიდნენ და სპილენძის სამსხვერპლოსთან დადგნენ.+
3 ისრაელის ღვთის დიდება,+ რომელიც ქერუბიმების თავზე იყო დავანებული, ზემოთ ავიდა და ტაძრის კარის ზღურბლზე დაეშვა.+ მან დაუძახა სელით შემოსილ კაცს, წელზე სამელნე რომ ჰქონდა. 4 იეჰოვამ მას უთხრა: „მოიარე ქალაქი იერუსალიმი და ნიშანი დაადე შუბლზე იმ ადამიანებს, რომლებიც ოხრავენ და კვნესიან+ მთელი იმ სისაძაგლის გამო, რაც იქ ხდება“.+
5 გავიგონე, რომ დანარჩენებს უთხრა: „გაჰყევით მას, თქვენც შემოიარეთ ქალაქი და შემუსრეთ ხალხი; ნუ შეიბრალებთ მათ და ნუ შეიწყალებთ.+ 6 ამოხოცეთ მოხუცები, ჭაბუკები, ქალწულები, ბავშვები და ქალები.+ ოღონდ ნიშანდადებულებს არ გაეკაროთ.+ ჩემი ტაძრიდან დაიწყეთ“.+ მათ ხალხის ხოცვა იმ უხუცესებით დაიწყეს, რომლებიც ტაძრის წინ იყვნენ.+ 7 შემდეგ მათ უთხრა: „წაბილწეთ ტაძარი და ეზოები დახოცილებით აავსეთ.+ წადით!“ წავიდნენ ისინი და დაიწყეს ხალხის მუსვრა ქალაქში.
8 ხალხი რომ იმუსრებოდა და მე გადავრჩი, პირქვე დავემხვე და შევძახე: „ვაიმე, უზენაესო უფალო, იეჰოვა! იერუსალიმზე კი ღვრი შენს რისხვას, მაგრამ ისრაელის დარჩენილ ნაწილსაც გაანადგურებ?“+
9 მან მითხრა: „ძალიან, ძალიან დიდია ისრაელისა და იუდას დანაშაული;+ მოირწყო მიწა სისხლით,+ გაიხრწნა ქალაქი;+ ამბობენ, მიატოვა იეჰოვამ ეს მიწა, ვერაფერს ხედავსო იეჰოვა.+ 10 არ შევიბრალებ მათ და არ შევიწყალებ.+ იწვნევენ საკუთარი საქციელის შედეგებს“.
11 შემდეგ სელით შემოსილი კაცი, რომელსაც წელზე სამელნე ჰქონდა, დაბრუნდა და თქვა: „ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც მიბრძანე“.