ეზეკიელი
16 კვლავ მეუწყა იეჰოვას სიტყვა: 2 «კაცის ძეო, უთხარი იერუსალიმს, რომ საძულველ საქმეებს სჩადის.+ 3 გადაეცი იერუსალიმს, აი, რას გეუბნება-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „წარმოშობით ქანაანის მიწიდან ხარ, იქ დაიბადე. მამა ამორეველი გყავდა,+ დედა — ხეთელი.+ 4 იმ დღეს, როცა დაიბადე, არავის გადაუჭრია შენთვის ჭიპლარი, არ დაუბანიხარ, მარილით არ გაუხეხიხარ და არც სახვევებში შეუხვევიხარ. 5 არავინ შეგიბრალა, რომ აქედან ერთი რამ მაინც გაეკეთებინა შენთვის; არავის უთანაგრძნია შენთვის. მინდორში მოგისროლეს, რადგან გაჩენის დღესვე შეგიძულეს.
6 როცა გვერდით ჩაგიარე, დაგინახე, რომ სისხლში იქნევდი ფეხებს, და სისხლში მწოლიარეს გითხარი, იცოცხლებ-მეთქი! სისხლში მწოლიარეს გითხარი, იცოცხლებ-მეთქი! 7 მინდვრის მცენარეებივით გაგამრავლე; გაიზარდე, მომწიფდი და მშვენიერი სამკაულებით მოირთე. მკერდი შეგევსო, თმა გაგეზარდა, მაგრამ შიშველ-ტიტველი იყავი.
8 როცა გვერდით ჩაგიარე, შევნიშნე, რომ ალერსის დრო დაგდგომოდა; ტანსაცმლის კალთა გადაგაფარე,+ სიშიშვლე დაგიფარე, შემოგფიცე და შეთანხმება დაგიდე, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — და შენ ჩემი გახდი. 9 დაგბანე, სისხლი ჩამოგრეცხე და ზეთი წაგისვი;+ 10 მოქარგული ტანსაცმელი და სელაპის ტყავის სანდლები ჩაგაცვი; თავზე ძვირფასი სელი მოგახვიე და მდიდრული სამოსით შეგმოსე; 11 სამკაულებით მოგრთე, ხელზე სამაჯურები გაგიკეთე და ყელზე ყელსაბამი შეგაბი; 12 ცხვირზე რგოლი გაგიკეთე, ყურებზე — საყურეები და თავზე ლამაზი გვირგვინი დაგადგი. 13 ოქრო-ვერცხლით იმკობდი თავს; ძვირფასი სელით, მდიდრული ქსოვილითა და მოქარგული სამოსით იმოსებოდი; სარჩოდ წმინდად დაფქული ფქვილი, თაფლი და ზეთი გქონდა. ძალიან დამშვენდი,+ დედოფლობას აღარაფერი გაკლდა.
14 შენი სილამაზით სახელი გაითქვი ერებს შორის;+ სრულყოფილი იყო შენი სილამაზე, ვინაიდან მე თავად გიბოძე ბრწყინვალება,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. —
15 მაგრამ შენს სილამაზეს დაენდე+ და შენმა დიდებამ გაგამეძავა;+ ყველა გამვლელთან მეძაობდი,+ მათი გახდა შენი სილამაზე. 16 იღებდი შენს ნაირფერ სამოსს და რთავდი სათაყვანო მაღლობებს, სადაც მეძაობდი+ — ასეთი რამ არც უნდა მომხდარიყო და არც არასოდეს უნდა მოხდეს. 17 იღებდი ჩემი მოცემული ოქრო-ვერცხლით გაკეთებულ სამკაულებს, აკეთებდი კაცის ქანდაკებებს და მათთან მეძაობდი.+ 18 იღებდი მოქარგულ ტანსაცმელს და მათ აცმევდი; ჩემს ზეთსა და საკმეველსაც მათ სწირავდი.+ 19 ჩემს მოცემულ პურსაც, რომელსაც წმინდად დაფქული ფქვილით, ზეთითა და თაფლით ამზადებდი, თაფლით, რომელსაც საჭმელად გაძლევდი, საამო* სურნელებად სწირავდი მათ.+ აი, ასე იქცეოდი, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. —
20 ის არ გეყო, რომ მეძაობდი?! მერე ჩემთვის გაჩენილი ვაჟებისა და ასულების+ კერპებისთვის მსხვერპლად შეწირვაც დაიწყე!+ 21 ხოცავდი ჩემს ვაჟებს, ცეცხლში წვავდი+ და კერპებს სწირავდი. 22 როცა საძულველ საქმეებს სჩადიოდი და მეძაობდი, არ გაგხსენებია, რომ ჩვილობისას შიშველ-ტიტველი იყავი და სისხლში იქნევდი ფეხებს. 23 ვაი, ვაი შენს თავს, ამდენი ბოროტება რომ გაქვს ჩადენილი!+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. — 24 აწყობდი სათაყვანო გორებსა და მაღლობებს ყველა მოედანზე, 25 ყველა ქუჩის გამოსაჩენ ადგილას გქონდა სათაყვანო მაღლობი. წაიბილწა შენი სილამაზე, რადგან ყველა გამვლელს უშლიდი ფეხებს;+ მოუხშირე მეძაობას.+ 26 მეძაობდი ეგვიპტელებთან,+ შენს ვნებიან მეზობლებთან; შეურაცხმყოფდი შენი გაუთავებელი მეძაობით. 27 აღვმართავ ხელს შენზე და გამოგილევ სარჩოს,+ ჩაგაგდებ ქალთა, ფილისტიმელ ასულთა, ხელში, რომელთაც სძულხარ+ და რომლებიც გაოგნებულნი არიან შენი თავაშვებულობით.+
28 ვერ დაკმაყოფილდი და ასურელებთან დაიწყე მეძაობა,+ მაგრამ ვერც მათთან მეძაობით დაკმაყოფილდი. 29 ამიტომ ვაჭართა ქვეყანაშიც* დაიწყე მეძაობა და ქალდეველებთანაც,+ მაგრამ მაინც ვერ დაკმაყოფილდი. 30 ო, როგორ დაგსნეულებია გული*, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — ამ ყოველივეს რომ სჩადიოდი და აღვირახსნილი მეძავივით იქცეოდი!+ 31 ყველა ქუჩის გამოსაჩენ ადგილას სათაყვანო გორა გქონდა მოწყობილი და ყველა მოედანზე — სათაყვანო მაღლობი, მაგრამ სხვა მეძავებისგან განსხვავებით გასამრჯელოს არ იღებდი. 32 შენ მრუში ცოლი ხარ, რომელიც ქმრის ნაცვლად უცხოებთან წვება.+ 33 ხალხი მეძავებს ასაჩუქრებს,+ შენ კი თავად ასაჩუქრებ ყველას, ვინც ვნებააშლილი დაგდევს;+ თავად აძლევ გასამრჯელოს მათ, რომ ყოველი მხრიდან მოვიდნენ შენთან და იმეძაონ.+ 34 შენ სხვა მეძავებივით არ ხარ; შენნაირად არავინ მეძაობს, შენ კი არ გიხდიან გასამრჯელოს, შენ უხდი! შენ სხვანაირად იქცევი“».
35 «ამიტომ, მეძავო,+ ისმინე იეჰოვას სიტყვა. 36 აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „რაკი ვნებას ღვრიდი, იშიშვლებდი სასირცხო ადგილებს და მეძაობდი შენს ვნებიან საყვარლებთან და საძულველ, საზიზღარ კერპებთან*,+ რომელთაც საკუთარი ვაჟების სისხლსაც კი სწირავდი,+ 37 შევკრებ ყველა შენს საყვარელს, ვისაც სიამოვნებას ჰგვრიდი, ყველას, ვინც გიყვარდა და ვინც გძულდა; თავს მოვუყრი მათ და აგიმხედრებ; გაგაშიშვლებ მათ წინაშე და ისინიც დაინახავენ შენს სიშიშვლეს.+
38 ისე დაგსჯი, როგორც მრუშსა+ და სისხლისმღვრელ ქალს სჯიან;+ განრისხებული დავღვრი შენს სისხლს, არ შეგიწყნარებ.+ 39 მათ ხელში ჩაგაგდებ, დაამხობენ და გააცამტვერებენ შენს სათაყვანო გორებსა და მაღლობებს;+ გაგხდიან ტანსაცმელს,+ წაგართმევენ ლამაზ სამკაულებს+ და შიშველ-ტიტველს დაგტოვებენ. 40 აგიმხედრებენ ხალხს,+ ჩაგქოლავენ+ და თავიანთი მახვილებით განგგმირავენ.+ 41 ცეცხლს მისცემენ შენს სახლებს+ და მრავალი ქალის თვალწინ აღასრულებენ შენზე განაჩენს; ვეღარ იმეძავებ+ და ვეღარც გასამრჯელოს გასცემ. 42 დაცხრება ჩემი რისხვა,+ და აღარ ვიქნები შენზე განრისხებული;+ დავმშვიდდები და აღარ ვიქნები შეურაცხყოფილი.
43 რაკი არ გახსოვდა შენი ახალგაზრდობა+ და განმარისხე ამ ყოველივეთი, იწვნევ საკუთარი საქციელის შედეგებს, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — აღარ მოიქცევი თავაშვებულად და აღარ ჩაიდენ საძულველ საქმეებს.
44 ანდაზების მთქმელნი ასეთ ანდაზას იტყვიან შენზე: რაც დედაა, ასულიც ის არისო!+ 45 დედაშენის შვილი ხარ, რომელსაც სძულდა ქმარ-შვილი. შენი დების და ხარ, რომელთაც ქმარ-შვილი სძულდათ. დედა ხეთელი გყავდათ, მამა — ამორეველი.+
46 შენი უფროსი და სამარიაა,+ შენგან ჩრდილოეთით რომ ცხოვრობს თავის ასულებთან ერთად,+ შენი უმცროსი და სოდომია,+ შენგან სამხრეთით რომ ცხოვრობს თავის ასულებთან ერთად.+ 47 მარტო მათი გზებით კი არ დადიოდი და საძულველ საქმეებს კი არ სჩადიოდი, ცოტა ხანში ისე გაიხრწენი, რომ მათ გადააჭარბე.+ 48 ჩემს თავს ვფიცავ*, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — შენს დას, სოდომს, და მის ასულებსაც კი არ ჩაუდენიათ ის, რაც შენ და შენმა ასულებმა ჩაიდინეთ. 49 აი, რაში მიუძღოდა ბრალი შენს დას, სოდომს: ის და მისი ასულები+ ამაყები იყვნენ,+ საზრდო უხვად ჰქონდათ,+ უზრუნველად ცხოვრობდნენ,+ მაგრამ საწყალსა და ღარიბს ხელს არ უმართავდნენ.+ 50 არ დაიმდაბლეს თავი+ და კვლავაც სჩადიოდნენ საძულველ საქმეებს ჩემ წინაშე;+ ამიტომაც მოვიშორე ისინი.+
51 სამარიას+ შენი ცოდვების ნახევარიც კი არ ჩაუდენია. იმაზე მეტ საძულველ საქმეს სჩადიოდი, ვიდრე ისინი სჩადიოდნენ; ისეთ საძულველ საქმეებს სჩადიოდი, რომ შენთან შედარებით შენი დები მართლები გამოჩნდნენ.+ 52 გრცხვენოდეს, რადგან შენ გაამართლე შენი დების საქციელი. შენი დანაშაულის გამო, მათზე უარესად რომ იქცევი, ისინი შენთან შედარებით უფრო მართლები არიან. გრცხვენოდეს და დამცირდი, რადგან შენ მართლებად წარმოაჩენ შენს დებს.
53 შევკრებ მათ ტყვეებს, სოდომისა და მისი ასულების ტყვეებს, სამარიისა და მისი ასულების ტყვეებს; მათთან ერთად შენს ტყვეებსაც შევკრებ,+ 54 რათა შეგრცხვეს; შერცხვები, რადგან შენ ანუგეშე ისინი. 55 შენი დები, სოდომი და სამარია თავ-თავიანთი ასულებით პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდებიან; შენც და შენი ასულებიც დაუბრუნდებით პირვანდელ მდგომარეობას.+ 56 გაამაყებული შენს დას, სოდომს, ხსენების ღირსადაც არ თვლიდი, 57 ვიდრე არ გამოაშკარავდა შენი ბოროტება.+ ახლა კი სირიის ასულები და მისი გარშემომყოფნი შეურაცხგყოფენ, და ფილისტიმელთა ასულები,+ შენი გარშემომყოფნი, აბუჩად გიგდებენ. 58 იწვნევ შენი თავაშვებული საქციელისა და საძულველი საქმეების შედეგებს,“ — ამბობს იეჰოვა».
59 «ამიტომ აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ისე მოგექცევი, როგორც შენ მოიქეცი,+ რადგან არაფრად ჩააგდე ფიცი და დაარღვიე ჩემი შეთანხმება.+ 60 თუმცა გავიხსენებ ჩემს შეთანხმებას, რომელიც შენი ახალგაზრდობისას დაგიდე; მარადიულ შეთანხმებას დაგიდებ.+ 61 გაგახსენდება შენი საქციელი და შეგრცხვება,+ როცა შენს დებს მიიღებ, შენზე უფროსებსაც და უმცროსებსაც; მოგცემ მათ ასულებად, თუმცა ამას შენთან დადებული შეთანხმების გამო არ გავაკეთებ.
62 დაგიდებ შეთანხმებას და გაიგებ, რომ მე ვარ იეჰოვა. 63 როცა გაპატიებ ყველა შენს ნამოქმედარს,+ მაშინ გაგახსენდება შენი საქციელი და ისე შეგრცხვება, ისე დამცირდები, რომ ხმას ვეღარ ამოიღებ“,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა».