მეფეები — წიგნი პირველი
12 წავიდა რობოამი შექემში, რადგან მთელ ისრაელს შექემში+ მოეყარა თავი მის გასამეფებლად.+ 2 მას შემდეგ, რაც ამის შესახებ იერობოამმა, ნებატის ძემ, შეიტყო (მეფე სოლომონისგან გაქცეული ჯერ კიდევ ეგვიპტეს აფარებდა თავს),+ 3 მოუხმეს იერობოამს; ისიც გამოცხადდა მთელ ისრაელთან ერთად, და უთხრა რობოამს: 4 „მამაშენმა უღელი დაგვიმძიმა;+ შეგვიმსუბუქე მამაშენისგან დაკისრებული მძიმე სამუშაო და დადგმული მძიმე უღელი, და გემსახურებით!“
5 მან მიუგო: „წადით და სამ დღეში დაბრუნდით!“ ხალხიც წავიდა.+ 6 მეფე რობოამმა რჩევა ჰკითხა უხუცესებს, რომლებიც მთელი სიცოცხლე მამამისს, სოლომონს, ემსახურებოდნენ: „რას მირჩევთ, რა ვუპასუხო ამ ხალხს?“ 7 მათ მიუგეს: „თუ ამ ხალხს მოემსახურები, შეუსრულებ სათხოვარს და ტკბილად დაელაპარაკები, ყოველთვის შენი მსახურები იქნებიან!“
8 მაგრამ მან ყურად არ იღო უხუცესების რჩევა და თავის მსახურებს, მასთან შეზრდილ ახალგაზრდებს, ჰკითხა:+ 9 „რას მირჩევთ, რა ვუპასუხოთ ამ ხალხს, რომელიც მეუბნება, შეგვიმსუბუქე მამაშენისგან დადგმული უღელიო?“ 10 მასთან შეზრდილმა ახალგაზრდებმა მიუგეს: «აი, რა უთხარი ხალხს, რომ გეუბნებიან, მამაშენმა დაგვიმძიმა უღელი, შენ კი შეგვიმსუბუქეო: „ჩემი ნეკი მამაჩემის თეძოზე მსხვილი იქნება; 11 მამაჩემმა ხომ მძიმე უღელი დაგადგათ, მე კიდევ უფრო დაგიმძიმებთ; მამაჩემი ხომ მათრახებით გსჯიდათ, მე შოლტებით* დაგსჯით!“»
12 მესამე დღეს იერობოამი მთელ ხალხთან ერთად მივიდა რობოამთან, როგორც მეფეს ჰქონდა ნათქვამი, სამ დღეში დაბრუნდითო ჩემთან.+ 13 მეფემ ხალხს მკაცრად უპასუხა; ყური არ უგდო მეფე რობოამმა უხუცესების რჩევას 14 და ისე უპასუხა, როგორც ახალგაზრდებმა ურჩიეს: „მამაჩემმა ხომ მძიმე უღელი დაგადგათ, მე კიდევ უფრო დაგიმძიმებთ მას! მამაჩემი ხომ მათრახებით გსჯიდათ, მე შოლტებით დაგსჯით!“ 15 არ მოუსმინა მეფემ ხალხს, რადგან ასეთი იყო იეჰოვას ნება, რომ შესრულებულიყო იეჰოვას სიტყვა,+ რომელიც შილოელი ახიას პირით ჰქონდა ნათქვამი იერობოამისთვის,+ ნებატის ძისთვის.
16 როცა მთელმა ისრაელმა დაინახა, რომ მეფემ არ შეისმინა მათი თხოვნა, უთხრეს მეფეს: „რა ხელი გვაქვს დავითთან ანდა რაში გვარგია იესეს ძის მემკვიდრეობა?! თქვენ-თქვენი ღმერთებისკენ, ისრაელო! შენ თვითონ მიხედე შენს სამკვიდროს, დავით!“ ამის შემდეგ მთელი ისრაელი თავ-თავიანთი სახლებისკენ გაეშურა.+ 17 რობოამი მხოლოდ იუდას ქალაქებში მცხოვრებ ისრაელებზე მეფობდა.+
18 გაგზავნა მეფე რობოამმა სავალდებულო სამუშაოს შემსრულებელთა ზედამხედველი ადორამი,+ მაგრამ ის ისრაელებმა ჩაქოლეს, თავად მეფემ კი მოახერხა ეტლში ასვლა და იერუსალიმში გაქცევა.+ 19 განუდგნენ ისრაელები+ დავითის საგვარეულოს და ეს დღემდე ასეა.
20 გაიგო მთელმა ისრაელმა, რომ დაბრუნდა იერობოამი, შეკრიბეს ხალხი, მოუხმეს მასაც და მთელ ისრაელზე გაამეფეს.+ მხოლოდ იუდას ტომი დარჩა დავითის საგვარეულოს ერთგული.+
21 იერუსალიმში ჩასვლისთანავე შეკრიბა რობოამმა იუდასა და ბენიამინის შთამომავლები, 180 000 რჩეული მეომარი, რათა შებრძოლებოდნენ ისრაელს და მეფობა რობოამისთვის, სოლომონის ძისთვის, დაებრუნებინათ.+ 22 მაშინ ღვთის სიტყვა ეუწყა შემაიას,+ ღვთის კაცს: 23 «უთხარი იუდას მეფე რობოამს, სოლომონის ძეს, იუდასა და ბენიამინის შთამომავლებსა და დანარჩენ ხალხს, 24 აი, რას ამბობს-თქო იეჰოვა: „ნუ შეებრძოლებით თქვენს მოძმეთ, ისრაელებს. თითოეული თქვენ-თქვენს სახლებში დაბრუნდით, რადგან ეს ჩემი ნებით მოხდა“».+ ისინიც დაემორჩილნენ იეჰოვას და იეჰოვას სიტყვისამებრ თავ-თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ.
25 გაამაგრა იერობოამმა შექემი+ ეფრემის მთიან მხარეში და იქ დასახლდა. წავიდა იქიდან და ფენუელი გაამაგრა.+ 26 იერობოამმა იფიქრა: „დაუბრუნდება სამეფო დავითის საგვარეულოს;+ 27 თუ ეს ხალხი იერუსალიმში ივლის იეჰოვას ტაძარში მსხვერპლის შესაწირავად,+ თავიანთი ბატონისკენ, იუდას მეფე რობოამისკენ, გაუწევთ გული, მე მომკლავენ და იუდას მეფე რობოამს დაუბრუნდებიან“. 28 დაეკითხა მრჩევლებს მეფე და ორი ოქროს ხბო დაამზადა.+ შემდეგ უთხრა ხალხს: „რატომღა უნდა იაროთ იერუსალიმში?! ისრაელო, აი თქვენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტიდან გამოგიყვანათ!“+ 29 ერთი ხბო ბეთელში+ დადგა და მეორე — დანში.+ 30 ასე გაეხვია ცოდვაში ხალხი;+ ხბოს თაყვანსაცემად ისინი დანშიც კი ჩადიოდნენ.
31 მან მაღლობებზე სალოცავები ააგო, სადაც მღვდლებად უბრალო ხალხი დანიშნა, რომლებიც არ იყვნენ ლევიანები.+ 32 იერობოამმა მე-8 თვის მე-15 დღეს დააწესა დღესასწაული, იმის მსგავსი, იუდაში რომ იყო.+ მან ბეთელში აშენებულ სამსხვერპლოზე+ თავის ჩამოსხმულ ხბოებს შესაწირავი შესწირა, ხოლო თავის გაკეთებულ სათაყვანო მაღლობებზე მღვდლები დანიშნა. 33 მან თავის მიერ ამორჩეულ თვეს, მე-8 თვეს, მე-15 დღეს, შესწირა შესაწირავი იმ სამსხვერპლოზე, ბეთელში რომ ააშენა; დაუწესა იერობოამმა ისრაელებს დღესასწაული, და თავად დაწვა და ააბოლა შესაწირავი სამსხვერპლოზე.