გამოსვლა
10 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „წადი ფარაონთან; მე გავაჯიუტე ისიც და მისი მსახურებიც*,+ რათა სასწაულები მოვახდინო მის თვალწინ+ 2 და შენ შენს შვილებსა და შვილიშვილებს მოუყვე, როგორ დავსაჯე ეგვიპტელები და რა სასწაულები მოვახდინე მათ თვალწინ;+ გეცოდინებათ, რომ მე ვარ იეჰოვა“.
3 წავიდნენ მოსე და აარონი ფარაონთან და უთხრეს: «აი, რა დაგვაბარა იეჰოვამ, ებრაელთა ღმერთმა: „როდემდე უნდა მეურჩებოდე?!+ გაუშვი ჩემი ხალხი, რომ მემსახურონ. 4 თუ არც ამჯერად გაუშვებ ჩემს ხალხს, ხვალ შენს ქვეყანას კალიებს დავასევ. 5 დაფარავენ მიწის პირს და მიწა აღარ გამოჩნდება. გადაჭამენ ყველაფერს, რაც სეტყვას გადაურჩა, რაც დაგრჩათ, და გააჩანაგებენ ხეებს მინდორში.+ 6 კალიებით აივსება შენი, შენი მსახურებისა და მთელი ეგვიპტის სახლები. ამ მიწაზე მსგავსი რამ შენს მამა-პაპასაც არ უნახავს“».+ გაბრუნდნენ და წავიდნენ ფარაონისგან.
7 ფარაონს თავისმა მსახურებმა უთხრეს: „როდემდე უნდა გვატყდებოდეს უბედურება ამ კაცის გამო?! გაუშვი ეს ხალხი, რომ ემსახურონ იეჰოვას, თავიანთ ღმერთს. ვერ ხედავ, რომ იღუპება ეგვიპტე?!“ 8 მოუხმო ფარაონმა მოსესა და აარონს და უთხრა: „წადით, ემსახურეთ იეჰოვას, თქვენს ღმერთს, მაგრამ ვინ და ვინ წახვალთ?“ 9 მოსემ მიუგო: „ახალგაზრდებსაც წავიყვანთ და მოხუცებსაც, ჩვენს ვაჟებსაც და ასულებსაც, თან წავიყვანთ ჩვენს ცხვარ-ძროხასაც,+ რადგან დღესასწაული უნდა გავუმართოთ იეჰოვას“.+ 10 მან მიუგო: „მე თუ თქვენ აქედან ბავშვებიანად გაგიშვით, მართლა თქვენთან ყოფილა იეჰოვა.+ ბოროტება გაქვთ განზრახული. 11 არა! მარტო კაცები წადით და, თუ მსახურება გინდათ, ემსახურეთ იეჰოვას“. გაყარეს ისინი ფარაონისგან.
12 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „გაიწოდე ხელი ეგვიპტის მიწისკენ, რომ შეესიონ მას კალიები და გადაჭამონ მთელი მცენარეულობა, ყველაფერი, რაც სეტყვას გადაურჩა“. 13 მაშინვე გაიწოდა მოსემ ჯოხი ეგვიპტის მიწისკენ და მოავლინა იეჰოვამ აღმოსავლეთის ქარი, რომელიც მთელი დღე და ღამე ქროდა იმ მიწაზე. გათენდა, აღმოსავლეთის ქარს კალიები მოჰყვნენ. 14 მთელი ეგვიპტის მიწას შეესივნენ, მოეფინნენ მთელ ეგვიპტეს+ და გაუსაძლისი მდგომარეობა შეიქმნა.+ ამდენი კალია იმ მიწაზე არც მანამდე და არც მას შემდეგ არ ყოფილა. 15 დაფარეს მიწის ზედაპირი და ჩააბნელეს მთელი ქვეყანა. გადაჭამეს მთელი მცენარეულობა და ყველა ხის ნაყოფი, რაც სეტყვას გადაურჩა. მთელი ეგვიპტის მიწაზე ხეებსა თუ მინდვრის მცენარეებს სიმწვანე აღარ შერჩა.
16 საჩქაროდ მოუხმო ფარაონმა მოსესა და აარონს და უთხრა: „შევცოდე თქვენი ღვთის, იეჰოვას წინაშე და თქვენ წინაშეც. 17 ამჯერადაც მაპატიეთ; შეევედრეთ იეჰოვას, თქვენს ღმერთს, რომ მომაშოროს ეს უბედურება“. 18 წავიდა იგი* ფარაონისგან და შეევედრა იეჰოვას.+ 19 მოავლინა იეჰოვამ დასავლეთიდან ძლიერი ქარი; წაიღო ქარმა კალიები და წითელ ზღვაში ჩაყარა. მთელ ეგვიპტეში ერთი კალიაც კი არ დარჩენილა. 20 მაგრამ გააჯიუტა+ იეჰოვამ ფარაონი* და არ გაუშვა ფარაონმა ისრაელები.
21 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „ცისკენ აღაპყარი ხელი, რომ სიბნელე ჩამოწვეს ეგვიპტის მიწაზე, უკუნი სიბნელე“. 22 მოსემაც მაშინვე აღაპყრო ხელი ცისკენ და სამი დღით უკუნი სიბნელე ჩამოწვა მთელი ეგვიპტის მიწაზე.+ 23 ეგვიპტელები ერთმანეთს ვეღარ ხედავდნენ; სამი დღე გარეთ ვერ გადიოდნენ. ისრაელების საცხოვრებლებში კი სინათლე იყო.+ 24 მოუხმო ფარაონმა მოსეს და უთხრა: „წადით, ემსახურეთ იეჰოვას,+ ოღონდ ცხვარ-ძროხას აქ დატოვებთ. ბავშვები შეგიძლიათ წაიყვანოთ“. 25 მოსემ მიუგო: „შენ თვითონ გაგვატან დასაწვავ მსხვერპლსაც და შესაწირავსაც, და აღვუვლენთ იეჰოვას, ჩვენს ღმერთს.+ 26 წავიყვანთ ჩვენს ცხვარ-ძროხას. ერთ სულსაც არ დავტოვებთ, რადგან მათგან უნდა გამოვარჩიოთ შესაწირავი ჩვენი ღვთის, იეჰოვას, თაყვანსაცემად. ჯერ არ ვიცით, რას შევწირავთ იეჰოვას; იქ რომ ჩავალთ, მერე გამოვარჩევთ“. 27 გააჯიუტა იეჰოვამ ფარაონი და არ გაუშვა ფარაონმა ისრაელები.+ 28 ფარაონმა მოსეს უთხრა: „თვალით აღარ დამენახო! იცოდე, აქ აღარ მოხვიდე, თორემ, არ გაცოცხლებ!“ 29 მოსემ მიუგო: „შენი სიტყვისამებრ იყოს, აღარ მოვალ“.