მეფეები — წიგნი მეორე
17 იუდას მეფე ახაზის მეფობის მე-12 წელს ისრაელზე ელაჰის ვაჟი ჰოშეა+ გამეფდა და 9 წელი მეფობდა სამარიიდან. 2 ბოროტებას სჩადიოდა იეჰოვას თვალში, ოღონდ არა ისე, როგორც მისი წინამორბედი ისრაელის მეფეები. 3 გამოილაშქრა მისკენ ასურეთის მეფე სალმანასარმა+ და მსახურად და მოხარკედ გაიხადა ჰოშეა;+ 4 მაგრამ შეიტყო ასურეთის მეფემ, რომ ჰოშეა მას შეთქმულებას უწყობდა, რადგან მაცნეები გაეგზავნა ეგვიპტის მეფე სოსთვის,+ ამასთანავე აღარ გადაუხადა მას ხარკი, როგორც ამას წინა წლებში აკეთებდა. ამიტომ შებორკა იგი ასურეთის მეფემ და საპყრობილეში ჩააგდო.
5 დალაშქრა ასურეთის მეფემ მთელი ის მიწა, მიადგა სამარიასაც და სამი წელი ალყაში ჰყავდა მოქცეული. 6 ჰოშეას მეფობის მე-9 წელს აიღო ასურეთის მეფემ სამარია+ და ისრაელები ასურეთში, ხაბორში, გადაასახლა,+ მდინარე გოზანთან,+ აგრეთვე ხალახსა და მიდიელთა ქალაქებში.+
7 ეს იმიტომ მოხდა, რომ შესცოდეს ისრაელებმა იეჰოვას, თავიანთ ღმერთს, რომელმაც გამოიყვანა ისინი ეგვიპტიდან და დაიხსნა ეგვიპტის მეფის, ფარაონის ხელიდან.+ ისინი სხვა ღმერთებს ეთაყვანებოდნენ,+ 8 იმ ერთა წესისამებრ იქცეოდნენ, იეჰოვამ რომ ჩამოაშორა მათ და ისრაელის მეფეთა მიერ დადგენილ ჩვეულებებს მიჰყვებოდნენ.
9 ისრაელები არასწორად იქცეოდნენ თავიანთი ღვთის, იეჰოვას, თვალში, სათაყვანო მაღლობებს იშენებდნენ თავიანთ ქალაქებში,+ საგუშაგოებიდან გამაგრებულ ქალაქებამდე*; 10 აღიმართეს სათაყვანო სვეტები და ბოძები+ ყველა მაღალ გორაზე და ყველა ფოთოლხშირი ხის ქვეშ.+ 11 იმ ერთა მსგავსად წვავდნენ და აბოლებდნენ შესაწირავს სათაყვანო მაღლობებზე, რომლებიც იეჰოვამ განდევნა მათგან;+ ბოროტებას სჩადიოდნენ და შეურაცხყოფდნენ იეჰოვას.
12 საზიზღარ კერპებს* ემსახურებოდნენ,+ რომელთა შესახებაც ნათქვამი ჰქონდა იეჰოვას, არ სცეთო თაყვანი;+ 13 აფრთხილებდა იეჰოვა ისრაელსა და იუდას თავის წინასწარმეტყველთა და წინასწარმხილველთა პირით:+ „ზურგი აქციეთ თქვენს ბოროტ საქმეებს+ და დაიცავით ჩემი მცნებები და წესები იმ კანონის მიხედვით, რომლის დაცვაც თქვენს მამა-პაპას ვუბრძანე და რომელიც ჩემი მსახურების, წინასწარმეტყველების, პირით გადმოგეცით!“ 14 ყური არ ათხოვეს და ისევე ჯიუტობდნენ, როგორც მათი მამა-პაპა, რომელთაც არ ირწმუნეს იეჰოვა, თავიანთი ღმერთი.+ 15 უარყოფდნენ იმ წესებსა და შეთანხმებას,+ მათ მამა-პაპას რომ დაუდო, იმ მითითებებს*, რომლითაც აფრთხილებდა მათ;+ უსარგებლო კერპებს ეთაყვანებოდნენ+ და თვითონაც უსარგებლონი გახდნენ;+ ირგვლივ მყოფი ერების მსგავსად იქცეოდნენ, რომლებზეც ნათქვამი ჰქონდა იეჰოვას, მათ მსგავსად არ მოიქცეთო.+
16 ზურგი აქციეს იეჰოვას, თავიანთი ღვთის, მცნებებს და ჩამოასხეს ორი ხბოს ქანდაკება,+ გააკეთეს სათაყვანო ბოძი,+ პირქვე ემხობოდნენ ცის მთელი ლაშქრის წინაშე+ და ემსახურებოდნენ ბაალს;+ 17 ცეცხლში წვავდნენ თავიანთ ვაჟებსა და ასულებს,+ მკითხაობდნენ,+ მისნობდნენ, ბოროტებას სჩადიოდნენ იეჰოვას თვალში, და შეურაცხყოფდნენ მას.
18 განრისხდა იეჰოვა ისრაელებზე და თავიდან მოიშორა ისინი.+ იუდას ტომის გარდა არავინ დაუტოვებია.
19 არც იუდა იცავდა თავისი ღვთის, იეჰოვას, მცნებებს;+ ისინიც ისრაელის წეს-ჩვეულებებისამებრ ცხოვრობდნენ.+ 20 ბოლოს უარყო იეჰოვამ ისრაელის მთელი შთამომავლობა, დაამდაბლა ისინი, მძარცველთა ხელში ჩაყარა და თავიდან მოიშორა. 21 მოკვეთა ისრაელი დავითის სახლეულობას, მათ კი ნებატის ვაჟი იერობოამი გაამეფეს;+ ჩამოაცილა იერობოამმა ისრაელი იეჰოვას და დიდ ცოდვაში გახვია. 22 იერობოამივით სცოდავდნენ ისრაელები;+ ისინი მანამ სცოდავდნენ, 23 სანამ თავიდან არ მოიშორა იეჰოვამ ისრაელი, როგორც თავის მსახურთა, წინასწარმეტყველთა პირით ჰქონდა ნათქვამი.+ თავისი მიწიდან ისრაელი ასურეთში გადაასახლეს,+ და დღემდე ასეა.
24 ასურეთის მეფემ წამოიყვანა ხალხი ბაბილონიდან, ქუთიდან, ავიდან, ხამათიდან, სეფარვაიმიდან+ და ისრაელების ნაცვლად ჩაასახლა სამარიის ქალაქებში. დაეპატრონნენ ისინი სამარიას და მის ქალაქებში ცხოვრობდნენ. 25 თავიდან არ ეთაყვანებოდნენ იეჰოვას, რის გამოც იეჰოვამ ლომები მიუსია მათ+ და მუსრს ავლებდნენ ისინი. 26 მოახსენეს ასურეთის მეფეს: „იმ ხალხმა, რომელიც წამოიყვანე და სამარიის ქალაქებში ჩაასახლე, არ იცის, როგორ სცეს თაყვანი იმ ქვეყნის ღმერთს, ამიტომაც ლომები მიუსია მათ. მუსრს ავლებენ ლომები მათ, რადგან არავინ იცის, როგორ სცეს თაყვანი იმ ქვეყნის ღმერთს“.
27 ასურეთის მეფემ ბრძანება გასცა: „გაგზავნეთ ერთი მღვდელი, რომელიც იქიდან გადაასახლეთ, რომ ასწავლოს მათ იმ ქვეყნის ღვთის თაყვანისცემა!“ 28 დაბრუნდა იქ სამარიიდან გადასახლებული ერთ-ერთი მღვდელი და ბეთელში+ დასახლდა; ის ასწავლიდა მათ, როგორ ეცათ თაყვანი იეჰოვასთვის.+
29 მაგრამ ყოველი ერი თავის ღმერთს იკეთებდა და მაღლობებზე სამარიელების მიერ აშენებულ სათაყვანო სახლებში დგამდა; ასე აკეთებდა თითოეული ერი თავ-თავიანთ ქალაქებში. 30 ბაბილონელებმა სუქოთ-ბენოთი გაიკეთეს, ქუთელებმა — ნერგალი, ხამათელებმა+ — აშიმა, 31 და აველებმა — ნიბხაზი და თართაკი; სეფარველები თავიანთ ვაჟებს ცეცხლში წვავდნენ სეფარვაიმის ღმერთებისთვის+ — ადრამელექისა და ანამელექისთვის. 32 ეშინოდათ იეჰოვასი, თუმცა მღვდლებად სათაყვანო მაღლობებზე უბრალო ხალხი დანიშნეს; ისინი მაღლობებზე აშენებულ სათაყვანო სახლებში ასრულებდნენ მათთვის მსახურებას.+ 33 იეჰოვასი კი ეშინოდათ, მაგრამ თავიანთ ღმერთებს სცემდნენ თაყვანს იმ ხალხთა წეს-ჩვეულებებისამებრ, რომელთაგანაც აყარეს ისინი.+
34 ისინი დღემდე თავ-თავიანთი რწმენით ცხოვრობენ. არავინ სცემს თაყვანს იეჰოვას და არავინ იცავს მის წესებს, სამართალს, კანონებსა და მცნებებს, რისი დაცვაც იეჰოვამ ისრაელად+ წოდებული იაკობის შთამომავლებს უბრძანა; 35 როცა იეჰოვამ შეთანხმება დაუდო მათ,+ უთხრა: „ნუ შეგეშინდებათ სხვა ღმერთების, პირქვე ნუ დაემხობით მათ წინაშე, ნუ ემსახურებით და ნურც მსხვერპლს შესწირავთ;+ 36 იეჰოვასი გეშინოდეთ,+ რომელმაც დიდი ძალითა და გაწვდილი მკლავით გამოგიყვანათ ეგვიპტიდან,+ მას ეცით თაყვანი და მას შესწირეთ მსხვერპლი. 37 ყოველთვის გულდასმით დაიცავით ის წესები, სამართალი, კანონები და მცნებები, რომლებიც თქვენ მოგცათ;+ არ ემსახუროთ სხვა ღმერთებს; 38 არ დაივიწყოთ შეთანხმება, რომელიც დაგიდეთ;+ არ ემსახუროთ სხვა ღმერთებს, 39 თქვენს ღმერთ იეჰოვას ეცით თაყვანი, რადგან მან დაგიხსნათ მტრების ხელიდან!“
40 თუმცა არ ემორჩილებოდნენ მას და თავ-თავიანთი რწმენით ცხოვრობდნენ.+ 41 იეჰოვასი კი ეშინოდათ,+ მაგრამ ქანდაკებებს სცემდნენ თაყვანს. მათი შვილები და შვილიშვილებიც მათი მამა-პაპის მსგავსად იქცეოდნენ, და დღემდე ასე იქცევიან.