ესაია
39 იმ დროს ბაბილონის მეფემ, მეროდაქ-ბალადანმა, ბალადანის ძემ, წერილები და ძღვენი გაუგზავნა ხიზკიას,+ რადგან შეიტყო ხიზკიას ავადმყოფობისა და გამოჯანმრთელების ამბავი.+ 2 სიხარულით მიიღო ხიზკიამ მაცნეები და უჩვენა თავისი საგანძური,+ ოქრო-ვერცხლი, ბალზამის ზეთი, სხვა ძვირფასი ზეთიც, მთელი თავისი იარაღის საცავი და ყველაფერი, რაც მის საგანძურში იყო. არაფერი დარჩენილა მის სასახლეში და მის სამფლობელოში, რომ არ ეჩვენებინა ხიზკიას მათთვის.
3 ამის შემდეგ მივიდა ესაია წინასწარმეტყველი მეფე ხიზკიასთან და ჰკითხა: „რა გითხრეს ამ კაცებმა და საიდან მოვიდნენ?“ ხიზკიამ მიუგო: „შორეული ქვეყნიდან, ბაბილონიდან, მოვიდნენ“.+ 4 მან კვლავ ჰკითხა: „რა ნახეს შენს სასახლეში?“ ხიზკიამ მიუგო: „ყველაფერი ნახეს, რაც ჩემს სასახლეშია. არაფერი დარჩენილა ჩემს საგანძურში, რომ არ მეჩვენებინა მათთვის“.
5 მაშინ უთხრა ესაიამ ხიზკიას: «ისმინე ლაშქართა ღვთის, იეჰოვას, სიტყვა: 6 „აი, დადგება დრო, როცა ყველაფერს, რაც შენს სასახლეშია და რაც შენს მამა-პაპას დღემდე დაუგროვებია, ბაბილონში წაიღებენ; არაფერს დატოვებენ,+ — ამბობს იეჰოვა.+ — 7 წაიყვანენ შენს შთამომავალთაგან ზოგიერთს, რომლებიც შეგეძინება, და ბაბილონის მეფის კარისკაცები გახდებიან!“»+
8 მაშინ ხიზკიამ უთხრა ესაიას: „კარგია იეჰოვას ცნობა, შენ რომ გადმომეცი!“ შემდეგ დასძინა: „ჩემს სიცოცხლეში ხომ მაინც ვიცხოვრებთ მშვიდობიანად და უსაფრთხოდ!“+