სამუელი — წიგნი პირველი
5 ფილისტიმელებმა ჭეშმარიტი ღვთის კიდობანი+ ებენეზერიდან აშდოდში წაიღეს. 2 აიღეს ის, თავიანთი ღვთის, დაგონის,+ ტაძარში მიიტანეს და მისი კერპის გვერდით დადგეს. 3 ადგნენ აშდოდელები მეორე დღეს, დილით ადრე, და ნახეს, რომ დაგონის კერპი პირქვე ეგდო იეჰოვას კიდობნის წინ.+ აიღეს და ისევ თავის ადგილზე დადგეს.+ 4 ადგნენ მომდევნო დღეს დილით ადრე და ნახეს, რომ დაგონი ისევ პირქვე ეგდო იეჰოვას კიდობნის წინ, მისი თავი და ორივე ხელის მტევანი კი ზღურბლზე ეყარა; მხოლოდ თევზის ტანი შერჩენოდა მთელი. 5 ამიტომაცაა, რომ დაგონის ქურუმები და მის ტაძარში შემსვლელები დღემდე არ ადგამენ ფეხს ტაძრის ზღურბლზე აშდოდში.
6 დასაჯა იეჰოვამ აშდოდელები და ბუასილი გაუჩინა აშდოდისა და მისი მიდამოების მკვიდრთ.+ 7 როცა დაინახეს აშდოდელებმა, რაც ხდებოდა, თქვეს: „ნუ გავაჩერებთ ისრაელის ღვთის კიდობანს ჩვენთან, რადგან არ გვინდობს მათი ღმერთი არც ჩვენ და არც ჩვენს ღმერთ დაგონს!“ 8 გაგზავნეს კაცები, მოუხმეს ფილისტიმელთა ყველა მთავარს და ჰკითხეს მათ, რა ვუყოთო ისრაელის ღვთის კიდობანს. მათ მიუგეს, გათში+ გადავიტანოთო. ადგნენ და იქ წაიღეს ისრაელის ღვთის კიდობანი.
9 იქ რომ მიიტანეს, იეჰოვამ ეს ქალაქიც დასაჯა და თავზარი დასცა ქალაქის მცხოვრებლებს. მან დიდიან-პატარიანად ყველას ბუასილი გაუჩინა.+ 10 ამიტომ წაიღეს ღვთის კიდობანი ეკრონში,+ მაგრამ როგორც კი იქ მიიტანეს, ეკრონელებმა ყვირილი მორთეს, ჩვენთან მოიტანეს ისრაელის ღვთის კიდობანი, რომ ჩვენცა და ჩვენი ხალხიც დავიხოცოთო.+ 11 გაგზავნეს კაცები, მოუხმეს ფილისტიმელთა ყველა მთავარს და უთხრეს: „წაიღეთ აქედან ისრაელის ღვთის კიდობანი! დააბრუნეთ თავის ადგილზე, რომ არც ჩვენ დავიხოცოთ და არც ჩვენი ხალხი!“ სიკვდილის შიშს მოეცვა მთელი ქალაქი, რადგან მკაცრად დასაჯა ისინი ჭეშმარიტმა ღმერთმა.+ 12 ვინც სიკვდილს გადაურჩა, ბუასილი დაემართა. ცას სწვდებოდა ქალაქის ღაღადი.