მეფეები — წიგნი მეორე
16 რემალიას ვაჟის, ფეკახის, მეფობის მე-17 წელს იუდას მეფე იოთამის ვაჟი ახაზი+ გამეფდა. 2 ახაზი 20 წლის გამეფდა და 16 წელი იმეფა იერუსალიმში. თავისი წინაპრისგან, დავითისგან განსხვავებით ის არასწორად იქცეოდა თავისი ღვთის, იეჰოვას, თვალში.+ 3 ის ისრაელის მეფეების კვალს მიჰყვებოდა,+ თავისი ვაჟიც კი დაწვა ცეცხლში+ იმ ხალხთა საძულველი წესისამებრ,+ რომლებიც იეჰოვამ ჩამოაშორა ისრაელებს. 4 შესაწირავს წვავდა და აბოლებდა სათაყვანო მაღლობებზე,+ გორებზე და ყველა ფოთოლხშირი ხის ქვეშ.+
5 გაილაშქრეს იერუსალიმზე სირიის მეფე რეცინმა და ისრაელის მეფე ფეკახმა, რემალიას ვაჟმა.+ მათ ალყაში მოაქციეს ახაზი, მაგრამ ვერ დაიპყრეს ქალაქი. 6 მაშინ დაუბრუნა სირიის მეფე რეცინმა ელათი+ ედომს და აყარა იუდეველები ელათიდან. დასახლდნენ ედომელები ელათში და დღემდე იქ ცხოვრობენ. 7 მაცნეები გაუგზავნა ახაზმა ასურეთის მეფე ტიგლათფილესერს+ და შეუთვალა: „შენი მსახური და შენი ვაჟი ვარ. მოდი, მიხსენი სირიის მეფისა და ისრაელის მეფის ხელიდან, რომლებიც თავს მესხმიან!“ 8 გამოიტანა ახაზმა მთელი ოქრო-ვერცხლი იეჰოვას ტაძრიდან და მეფის სასახლის საგანძურიდან ასურეთის მეფის მოსასყიდად.+ 9 დასთანხმდა მას ასურეთის მეფე, მიადგა დამასკოს და აიღო; ტყვედ წაასხა ხალხი კირში,+ რეცინი კი მოკლა.+
10 წავიდა ახაზი დამასკოში ასურეთის მეფესთან, ტიგლათფილესერთან შესახვედრად. დამასკოში მეფე ახაზმა სამსხვერპლო ნახა და ურია მღვდელს მისი გეგმა გაუგზავნა იმის საჩვენებლად, თუ როგორ იყო აგებული.+ 11 მღვდელმა ურიამ+ მეფე ახაზის დამასკოდან დაბრუნებამდე ააგო სამსხვერპლო+ მისგან მიღებული მითითებების თანახმად. 12 ჩამოვიდა მეფე დამასკოდან, ნახა სამსხვერპლო და მასზე შესაწირავი აღავლინა.+ 13 ამ სამსხვერპლოზე წვავდა და აბოლებდა ის დასაწვავ მსხვერპლსა და მარცვლეულ შესაწირავს, მასზე ღვრიდა დასაღვრელ შესაწირავს და სამშვიდობო მსხვერპლის სისხლს ასხურებდა. 14 წაიღო სპილენძის სამსხვერპლო,+ რომელიც იეჰოვას წინაშე იდგა ტაძრის წინ იეჰოვას ტაძარსა და თავის მიერ აგებულ სამსხვერპლოს შორის, და თავისი სამსხვერპლოს ჩრდილოეთით დადგა. 15 უბრძანა მეფე ახაზმა ურია+ მღვდელს: „დიდ სამსხვერპლოზე დაწვი და ააბოლე დილის დასაწვავი მსხვერპლი,+ საღამოს მარცვლეული შესაწირავი,+ მეფის დასაწვავი მსხვერპლი, მისი მარცვლეული შესაწირავი, მთელი ხალხის დასაწვავი მსხვერპლი, მათი მარცვლეული შესაწირავი და მათი დასაღვრელი შესაწირავი; ზედ მოასხურე დასაწვავი მსხვერპლისა და სხვა შესაწირავების მთელი სისხლი, სპილენძის სამსხვერპლოს კი მე მივხედავ!“ 16 ყველაფერი ისე გააკეთა ურია მღვდელმა, როგორც მეფე ახაზმა უბრძანა.+
17 მოამტვრია მეფე ახაზმა გვერდებიდან საზიდრებს დაფები+ და ჩამოიღო აუზები,+ ჩამოდგა დიდი აუზი* სპილენძის ხარებიდან+ და ქვაფენილზე დადგა,+ 18 მან ტაძრის ეზოდან საშაბათო გადახურული ნაგებობაც მოაშორა და იეჰოვას ტაძარში მეფის გარეთა შესასვლელიც გააუქმა. ეს ასურეთის მეფის შიშით გააკეთა.
19 ახაზის დანარჩენი საქმეების შესახებ იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.+ 20 ბოლოს განისვენა ახაზმა და დამარხეს იგი თავისი მამა-პაპის გვერდით, დავითის ქალაქში. მის შემდეგ მისი ვაჟი ხიზკია+ გამეფდა.