მატიანე — წიგნი პირველი
29 მიმართა მეფე დავითმა მთელ ხალხს: „ჩემი ვაჟი სოლომონი, ღვთის რჩეული,+ ახალგაზრდა და გამოუცდელია,+ საქმე კი დიდია, რადგან ეს ტაძარი ჩვენი ღვთისთვის, იეჰოვასთვის, უნდა აშენდეს და არა — კაცისთვის.+ 2 ძალ-ღონე არ დამიშურებია, რომ ყველაფერი მომემზადებინა ღვთის ტაძრისთვის: შემეგროვებინა ოქრო — ოქროს ნაკეთობების, ვერცხლი — ვერცხლის ნაკეთობების, სპილენძი — სპილენძის ნაკეთობების, რკინა — რკინის ნაკეთობების,+ ხოლო ხე-ტყე+ — ხის ნაკეთობების დასამზადებლად, აგრეთვე ონიქსის ქვები, ჩასადუღაბებელი ქვები, კენჭები მოზაიკისთვის, ყველანაირი ძვირფასი ქვა და დიდი რაოდენობით ალებასტრი. 3 რაკი ძვირფასია ჩემთვის ჩემი ღვთის ტაძარი,+ ჩემი საგანძურიდანაც+ ვიღებ ოქრო-ვერცხლს, იმის გარდა, რაც ღვთის ამ წმინდა ტაძრისთვის მოვამზადე. 4 აი, რას ვწირავ: 3 000 ტალანტ* ოფირის ოქროს+ და 7 000 ტალანტ ხალას ვერცხლს — სხვადასხვა ოთახში კედლების მოსაპირკეთებლად, 5 ოქრო-ვერცხლის ნაკეთობების დასამზადებლად და სახელოსნო სამუშაოების შესასრულებლად. კიდევ ვის სურს, თავისი ხელით მიართვას ძღვენი იეჰოვას?“+
6 ისრაელის ტომების მთავრებმა, შტოთა მთავრებმა, ათასისთავებმა, ასისთავებმა+ და მეფის ქონების გამგებლებმა+ ნებაყოფლობით გაიღეს შესაწირავი. 7 აი, რა გაიღეს მათ ღვთის ტაძრისთვის: 5 000 ტალანტი ოქრო, 10 000 დარიკი*, 10 000 ტალანტი ვერცხლი, 18 000 ტალანტი სპილენძი და 100 000 ტალანტი რკინა. 8 ვისაც ძვირფასი ქვები აღმოაჩნდა, იეჰოვას ტაძრის საგანძურისთვის გაიღო, რომელიც გერშონელ+ იეხიელს+ ებარა. 9 გაიხარა ხალხმა ნებაყოფლობით გაღებული შესაწირავის გამო, რადგან მთელი გულით+ გაიღეს შესაწირავი იეჰოვასთვის; დიდად ხარობდა მეფე დავითიც.
10 განადიდა დავითმა იეჰოვა მთელი ხალხის თვალწინ: „იდიდე, იეჰოვა, ისრაელის ღმერთო, ჩვენო მამა, მარადიულად! 11 იეჰოვა, დიადი,+ ძლევამოსილი,+ ბრწყინვალე, აღმატებული და დიდებული ხარ,+ რადგან ყველაფერი შენია ცაში თუ დედამიწაზე!+ შენია მეფობა, იეჰოვა!+ ყველაზე და ყველაფერზე აღმატებული ხარ! 12 შენგანაა სიმდიდრე და დიდება,+ შენ განაგებ ყველაფერს.+ ძლიერი+ და ძლევამოსილი+ ხარ, შენ ძალგიძს ყველას განდიდება+ და გაძლიერება.+ 13 ამიტომ გმადლობთ და ვაქებთ შენს მშვენიერ სახელს, ჩვენო ღმერთო!
14 ვინ ვარ მე და ვინ არის ჩემი ხალხი, რომ ამდენის გაღება შევძელით?! ყველაფერი შენგანაა და შენგანვე ბოძებული მოგეცით. 15 შენ ხომ ხედავ, რომ ხიზნები ვართ ჩვენი მამა-პაპის მსგავსად.+ ჩრდილივით+ არის ჩვენი სიცოცხლე, დღემოკლენი ვართ. 16 იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, მთელი ეს სიმდიდრე, რაც შენს წმინდა სახელზე ტაძრის ასაშენებლად შევაგროვეთ, შენგან არის და შენვე გეკუთვნის. 17 კარგად ვიცი, ჩემო ღმერთო, რომ გულთამხილავი ხარ+ და უმწიკვლობა* გგვრის სიამოვნებას.+ მე წრფელი გულით, ნებაყოფლობით შემოგწირე ეს ყველაფერი და აქ მყოფ შენს ხალხსაც შევხარი, ნებაყოფლობით რომ გიძღვნის შესაწირავს. 18 იეჰოვა, ჩვენი მამა-პაპის — აბრაამის, ისაკისა და ისრაელის — ღმერთო, ხელი მოუმართე შენს ხალხს, რომ ყოველთვის ასეთი შემართებით და მთელი გულით გემსახურონ!+ 19 დაეხმარე ჩემს ვაჟს, სოლომონს, რომ მთელი გულით+ დაიცვას შენი მცნებები,+ შენი მითითებები* და წესები, შეასრულოს ეს ყველაფერი და ააგოს ტაძარი, რომლის ასაშენებლადაც თადარიგი დავიჭირე“.+
20 დავითმა მთელ ხალხს მოუწოდა: „ახლა განადიდეთ თქვენი ღმერთი იეჰოვა!“ ხალხმაც განადიდა იეჰოვა, თავიანთი მამა-პაპის ღმერთი, მუხლი მოიყარა და პირქვე დაემხო იეჰოვასა და მეფის წინაშე. 21 მეორე დღესაც მიიტანეს იეჰოვასთვის შესაწირავი და დასაწვავი მსხვერპლი,+ და შესწირეს იეჰოვას: 1 000 მოზვერი, 1 000 ვერძი, 1 000 მამალი თოხლი — ყველაფერი თავ-თავიანთ დასაღვრელ შესაწირავთან+ ერთად; უამრავი მსხვერპლი შესწირეს მთელი ისრაელისთვის.+ 22 იმ დღესაც ილხენდნენ,+ ჭამდნენ და სვამდნენ იეჰოვას წინაშე. მათ კიდევ ერთხელ გამოაცხადეს მეფე დავითის ვაჟი სოლომონი მეფედ და წინამძღოლად სცხეს ის იეჰოვას წინაშე,+ ცადოკი კი მღვდლად სცხეს.+ 23 დაჯდა სოლომონი იეჰოვას ტახტზე+ მამამისის, დავითის ნაცვლად. წარმატებული იყო მისი მეფობა და მთელი ისრაელი ემორჩილებოდა მას. 24 ყველა მთავარი,+ ყველა მამაცი მებრძოლი+ და მეფე დავითის ყველა ვაჟი+ დაემორჩილა მეფე სოლომონს. 25 ძლიერ განადიდა იეჰოვამ სოლომონი მთელ ისრაელში, ყველა მის წინამორბედ მეფეზე მეტად აღაზევა იგი.+
26 მთელი ისრაელის მეფე იყო დავითი, იესეს ვაჟი; 27 მან ისრაელზე 40 წელი იმეფა: 7 წელი+ ხებრონიდან, 33 წელი კი — იერუსალიმიდან.+ 28 მოკვდა ის დღეგრძელი,+ ცხოვრებით კმაყოფილი, მდიდარი და განდიდებული; მის შემდეგ მისმა ვაჟმა სოლომონმა დაიწყო მეფობა.+ 29 მეფე დავითის ცხოვრება, თავიდან ბოლომდე, წინასწარმხილველმა სამუელმა, წინასწარმეტყველმა ნათანმა+ და წინასწარმხილველმა გადმა+ აღწერეს. 30 მათ მისი მეფობის, მისი ძლევამოსილებისა და იმ ამბების შესახებაც დაწერეს, რაც მის დროს ისრაელსა თუ მეზობელ სამეფოებში მოხდა.