დაბადება
35 ღმერთმა იაკობს უთხრა: „ადექი, წადი ბეთელში+ და იქ იცხოვრე. აუგე სამსხვერპლო ჭეშმარიტ ღმერთს, რომელიც მაშინ გამოგეცხადა, როცა შენს ძმას, ესავს, გაურბოდი“.+
2 იაკობმა თავის სახლეულობასა და ყველას, ვინც მასთან იყო, უთხრა: „მოიშორეთ კერპები,+ განიწმინდეთ და ტანსაცმელი გამოიცვალეთ. 3 ავდგეთ და წავიდეთ ბეთელში. იქ სამსხვერპლოს ავუგებ ჭეშმარიტ ღმერთს, რომელმაც გასაჭირის დროს მიპასუხა და რომელსაც არასდროს მივუტოვებივარ“.+ 4 მისცეს იაკობს კერპები, საყურეები, ყურებზე რომ ეკეთათ, და მანაც ჩამარხა დიდი ხის ქვეშ, რომელიც შექემის მახლობლად იყო.
5 დაიძრნენ იქიდან. ღვთის შიშმა მოიცვა ირგვლივ მდებარე ქალაქები და არ დადევნებიან იაკობის ვაჟებს. 6 ბოლოს იაკობი და ყველა, ვინც მასთან იყო, ლუზში+ ანუ ბეთელში ჩავიდნენ, რომელიც ქანაანის ქვეყანაშია. 7 იქ მან სამსხვერპლო ააგო და იმ ადგილს ელ-ბეთელი* უწოდა, რადგან იქ გამოეცხადა ჭეშმარიტი ღმერთი, როცა თავის ძმას გაურბოდა.+ 8 მოკვდა რებეკას ძიძა დებორა+ და დამარხეს იგი მუხის ქვეშ ბეთელთან ახლოს. ამიტომ იაკობმა იმ ადგილს ალონ-ბაქუთი* დაარქვა.
9 ფადან-არამიდან წამოსვლის შემდეგ ღმერთი კიდევ გამოეცხადა იაკობს და აკურთხა იგი. 10 ღმერთმა უთხრა: „იაკობი+ გქვია, მაგრამ ამიერიდან აღარ გერქმევა იაკობი, ისრაელი იქნება შენი სახელი“, და დაარქვა მას ისრაელი.+ 11 ღმერთმა უთხრა: „მე ვარ ყოვლისშემძლე ღმერთი.+ ინაყოფიერე და გამრავლდი. შენგან წარმოიშობიან ერები,+ ხალხები და მეფეები.+ 12 მიწას, რომელიც აბრაამსა და ისაკს მივეცი, შენ და შენს შთამომავალს მოგცემთ“.+ 13 შემდეგ გაშორდა ღმერთი იმ ადგილს, სადაც მას ელაპარაკა.
14 აღმართა იაკობმა ქვის სვეტი იქ, სადაც ღმერთი ელაპარაკა, და ზედ დასაღვრელი შესაწირავი და ზეთი დაასხა.+ 15 იაკობი კვლავაც ბეთელს+ უწოდებდა იმ ადგილს, სადაც ღმერთი ელაპარაკა.
16 შემდეგ დაიძრნენ ბეთელიდან. სანამ ეფრათაში ჩავიდოდნენ, რახელს მშობიარობა დაეწყო; გაუძნელდა მშობიარობა. 17 ბავშვს რომ ვერ აჩენდა, ბებიაქალმა უთხრა: „ნუ გეშინია, ამჯერადაც ვაჟი გეყოლება“.+ 18 სიკვდილის პირას იყო რახელი; სიცოცხლეს რომ ეთხოვებოდა*, მას ბენონი* დაარქვა, მამამისმა კი — ბენიამინი*.+ 19 მოკვდა რახელი და ეფრათისკენ ანუ ბეთლემისკენ+ მიმავალ გზაზე დამარხეს. 20 აღმართა იაკობმა სვეტი მის სამარხზე. ეს სვეტი რახელის საფლავზე დღესაც დგას.
21 დაიძრა იქიდან ისრაელი და გაშალა კარავი ედერის კოშკიდან მოშორებით. 22 ისრაელი იმ მიწაზე იყო დაბანაკებული, როცა რეუბენი წავიდა და მამამისის ხარჭასთან, ბილჰასთან, დაწვა. გაიგო ეს ისრაელმა.+
იაკობს 12 ვაჟი ჰყავდა. 23 ლეასგან ჰყავდა პირმშო რეუბენი,+ სიმონი, ლევი, იუდა, ისაქარი და ზებულონი, 24 რახელისგან — იოსები და ბენიამინი, 25 ბილჰასგან, რახელის მოახლისგან — დანი და ნაფთალი, 26 ზილფასგან კი, ლეას მოახლისგან — გადი და აშერი. ესენი არიან იაკობის ვაჟები, რომლებიც მას ფადან-არამში შეეძინა.
27 ბოლოს მივიდა იაკობი მამამისთან, ისაკთან, მამრეში,+ კირიათ-არბაში, იგივე ხებრონში, სადაც აბრაამი და ისაკი ხიზნები იყვნენ.+ 28 ისაკმა 180 წელი იცოცხლა.+ 29 მოკვდა ისაკი, მოხუცი და ცხოვრებით კმაყოფილი, და შეუერთდა თავის ხალხს*; იგი მისმა ვაჟებმა, ესავმა და იაკობმა, დამარხეს.+