იერემია
19 აი, რა თქვა იეჰოვამ: «წადი და მეთუნისგან თიხის დოქი იყიდე.+ გაიყოლე რამდენიმე უხუცესი და უფროსი მღვდელი. 2 წადი ჰინომის ძის ველზე,+ რომელიც თიხის ნატეხების კარიბჭესთანაა, და იქ გააცხადე, რასაც გეტყვი. 3 თქვი, ისმინეთ-თქო იეჰოვას სიტყვა, იუდას მეფეებო და იერუსალიმის მკვიდრნო; აი, რას ამბობს-თქო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი:
„ისეთ უბედურებას დავატეხ ამ ადგილს, რომ ამის გამგონეს ყურები შუილს დაუწყებს, 4 რადგან მიმატოვეს+ და ისე წაბილწეს ეს ადგილი, რომ ვეღარ იცნობ.+ მსხვერპლს სწირავენ სხვა ღმერთებს, რომლებსაც არც თავად იცნობდნენ, არც მათი მამა-პაპა და არც იუდას მეფეები; უდანაშაულოთა სისხლით მორწყეს ეს ადგილი.+ 5 მოაწყვეს ბაალის სათაყვანო მაღლობები, რომ თავიანთი ვაჟები ცეცხლში დაწვან და ბაალს შესწირონ მთლიანად დასაწვავ მსხვერპლად,+ რაც არ მითქვამს მათთვის, არ მიბრძანებია, გულშიც კი არ გამივლია.+
6 ამიტომ დადგება დრო, — ამბობს იეჰოვა, — როცა ამ ადგილს აღარც თოფეთი ერქმევა და აღარც ჰინომის ძის ველი; მას სასაკლაო ველი დაერქმევა.+ 7 ამ ადგილზე ჩავშლი იუდასა და იერუსალიმის განზრახვას; მახვილით დავცემ მათ თავიანთი მტრების თვალწინ, მათი ხელით, ვინც მათ მოკვლას ლამობს. მათ გვამებს ცის ფრინველებსა და მიწის მხეცებს შევაჭმევინებ.+ 8 ამ ქალაქს შემაძრწუნებელ სანახაობად ვაქცევ; მისი შემხედვარენი სტვენას მოჰყვებიან. ვინც მას ჩაუვლის, შეძრწუნდება და სტვენას დაიწყებს მისი უბედურების გამო.+ 9 საკუთარი ვაჟებისა და ასულების ხორცს ვაჭმევ; სასოწარკვეთილი მოძმენი ერთმანეთის ხორცს შეჭამენ, რადგან მტრებს, რომლებიც მოკვლას დაუპირებენ მათ, ალყაში ეყოლებათ მოქცეული“.+
10 შემდეგ დაამსხვრიე დოქი შენთან ერთად წამოსული კაცების თვალწინ 11 და უთხარი მათ, აი, რას ამბობს-თქო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „როგორც კაცი ამსხვრევს მეთუნის ჭურჭელს, რომლის გამთელებაც შეუძლებელია, ისე დავამსხვრევ ამ ხალხსა და ამ ქალაქს; მკვდრებს თოფეთში მანამ დამარხავენ, სანამ ადგილი იქნება.+
12 ასე მოვექცევი ამ ადგილს, — ამბობს იეჰოვა, — და მის მკვიდრთ, რათა თოფეთს დავამსგავსო ეს ქალაქი. 13 თოფეთივით გაუწმინდურდება იერუსალიმის სახლები და იუდას მეფეთა სახლები,+ ყველა სახლი, რომელთა ბანებზეც მსხვერპლს სწირავდნენ ცის მთელ ლაშქარს+ და დასაღვრელ შესაწირავს უღვრიდნენ სხვა ღმერთებს».+
14 წამოვიდა იერემია თოფეთიდან, სადაც გაგზავნილი ჰყავდა ის იეჰოვას, რომ ეწინასწარმეტყველებინა; დადგა იეჰოვას ტაძრის ეზოში და შეკრებილ ხალხს მიმართა: 15 «აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „დავატეხ ამ ქალაქს და მის ირგვლივ მდებარე ქალაქებს მთელ იმ უბედურებას, რაც მის შესახებ მითქვამს, რადგან ჯიუტობენ და არ მემორჩილებიან“».+