გამოსვლა
38 გააკეთა ბეცალელმა დასაწვავი შესაწირავისთვის სამსხვერპლო აკაციის ხისგან. სამსხვერპლო ოთხკუთხედის ფორმისა იყო; სიგრძით 5 წყრთა* და სიგანითაც 5 წყრთა, ხოლო სიმაღლით 3 წყრთა.+ 2 სამსხვერპლოს ოთხივე კუთხეში რქები გაუკეთა. რქები კუთხეებიდან ამოდიოდა. სამსხვერპლო სპილენძით მოავარაყა.+ 3 გააკეთა სამსხვერპლოს მთელი მოწყობილობა: ქვაბები, ნიჩბები, ჯამები, ჩანგლები და საცეცხლურები; მთელი მისი მოწყობილობა სპილენძისგან გააკეთა. 4 სამსხვერპლოს აგრეთვე გაუკეთა სპილენძის ბადე სარტყლის ქვემოთ, შუაში. 5 ჩამოასხა 4 სპილენძის რგოლი კეტებისთვის და სპილენძის ბადესთან ახლოს ოთხივე კუთხეს მიამაგრა. 6 კეტები აკაციის ხისგან გააკეთა და სპილენძით მოავარაყა. 7 კეტები სამსხვერპლოს სატარებლად მის გვერდებზე მიმაგრებულ რგოლებში გაუყარა. სამსხვერპლო ფიცრებისგან ისე გააკეთა, რომ შიგნით სიცარიელე დატოვა.
8 აუზი და მისი სადგამი სპილენძისგან დაამზადა,+ რისთვისაც შეხვედრის კარვის შესასვლელთან მომსახურე ქალების სარკეები* გამოიყენა.
9 შემდეგ გააკეთა ეზო.+ სამხრეთით ეზოს 100 წყრთის სიგრძეზე ძვირფასი გრეხილი სელის ფარდები გაუკეთა.+ 10 ფარდებს სპილენძის 20 სვეტი და 20 საყრდენი ჰქონდა; სვეტების კაუჭები და შესაერთებლები ვერცხლისა იყო. 11 ფარდები ჩრდილოეთითაც 100 წყრთის სიგრძეზე იყო ჩამოკიდებული; ფარდებს სპილენძის 20 სვეტი და 20 საყრდენი ჰქონდა; სვეტების კაუჭები და შესაერთებლები ვერცხლისა იყო. 12 ფარდები ეზოს დასავლეთითაც ჰქონდა 50 წყრთის სიგანეზე; ფარდებს 10 სვეტი და 10 საყრდენი ჰქონდა. სვეტების კაუჭები და შესაერთებლები ვერცხლისა იყო. 13 ეზოს სიგანე აღმოსავლეთითაც, მზის ამოსავლის მხარეს, 50 წყრთა იყო. 14 ეზოს შესასვლელის ერთ მხარეს ფარდების სიგრძე 15 წყრთა იყო; ფარდებს 3 სვეტი და 3 საყრდენი ჰქონდა. 15 ფარდების სიგრძე ეზოს შესასვლელის მეორე მხარესაც 15 წყრთა იყო; ფარდებს ამ მხარესაც 3 სვეტი და 3 საყრდენი ჰქონდა. 16 ეზოს გარშემო ყველა ფარდა ძვირფასი გრეხილი სელისა იყო. 17 სვეტების საყრდენები სპილენძისა იყო, სვეტების კაუჭები და შესაერთებლები კი — ვერცხლისა. სვეტების თავებიც ვერცხლით იყო მოვარაყებული. ეზოს ყველა სვეტს ვერცხლის შესაერთებლები ჰქონდა.+
18 ეზოს შესასვლელის ფარდა ლურჯი ძაფით, იისფერი მატყლის ძაფით, ალისფერი ნართითა და ძვირფასი გრეხილი სელის ძაფით იყო მოქსოვილი. მისი სიგრძე 20 წყრთა იყო, სიმაღლე კი ეზოს სხვა ფარდების მსგავსად — 5 წყრთა.+ 19 მისი 4 სვეტი და 4 საყრდენი სპილენძისა იყო. სვეტების კაუჭები და შესაერთებლები ვერცხლისა იყო. სვეტების თავები ვერცხლით იყო მოვარაყებული. 20 კარვისა და ეზოს ყველა პალო სპილენძისა იყო.+
21 მოსეს ბრძანებისამებრ ლევიანებმა+ აარონ მღვდლის ვაჟის, ითამარის,+ ხელმძღვანელობით აღრიცხეს ყველაფერი, რაც კარვის, მოწმობის კარვის,+ მშენებლობისთვის დაიხარჯა. 22 ბეცალელმა,+ ურის ვაჟმა, ხურის შვილიშვილმა, იუდას ტომიდან გააკეთა ყველაფერი, რაც იეჰოვამ მოსეს უბრძანა. 23 მისი დამხმარე იყო ოჰოლიაბი,+ ახისამაქის ვაჟი დანის ტომიდან. იგი ხელოსანი იყო, ქარგავდა და ქსოვდა კიდეც ლურჯი ძაფით, იისფერი მატყლის ძაფით, ალისფერი ნართითა და ძვირფასი სელის ძაფით.
24 შესაწირავად მიტანილმა მთელმა ოქრომ,+ რაც წმინდა ადგილის სამუშაოების შესასრულებლად დაიხარჯა, შეადგინა 29 ტალანტი* და 730 შეკელი* წმინდა ადგილის შეკელის* მიხედვით. 25 აღრიცხულთა მიერ შეწირული ვერცხლი იყო 100 ტალანტი და 1 775 შეკელი წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით. 26 თითოეულმა აღრიცხულმა მამაკაცმა, 20 წლიდან ზევით, რომელთა რიცხვიც 603 550-ს ითვლიდა,+ ნახევარი შეკელი გაიღო წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით.+
27 წმინდა ადგილის საყრდენებისა და ფარდის საყრდენების ჩამოსასხმელად 100 ტალანტი ვერცხლი დაიხარჯა, 100 საყრდენზე — 100 ტალანტი, თითო საყრდენზე — თითო ტალანტი.+ 28 1 775 შეკელი ვერცხლისგან ბეცალელმა სვეტების კაუჭები გააკეთა, სვეტების თავები მოავარაყა და სვეტები ერთმანეთთან შეაერთა.
29 შესაწირავად მიტანილი სპილენძი 70 ტალანტი და 2 400 შეკელი იყო. 30 მისგან გააკეთა შეხვედრის კარვის შესასვლელის საყრდენები, სამსხვერპლო და მისი ბადე, სამსხვერპლოს მთელი მოწყობილობა, 31 ეზოს ყველა საყრდენი, ეზოს შესასვლელის საყრდენები, კარვისა და ეზოს ყველა პალო.+