ესთერი
5 მესამე დღეს+ ესთერი სადედოფლო სამოსელში გამოეწყო და მეფის სასახლის შიდა ეზოში მისი სასახლის წინ დადგა. ამ დროს მეფე დარბაზში თავის ტახტზე იჯდა, რომელიც შესასვლელს უყურებდა. 2 თვალი მოჰკრა თუ არა მეფემ ეზოში მდგომ დედოფალ ესთერს, მან წყალობა პოვა მის თვალში. მაშინ გაიშვირა მისკენ ოქროს კვერთხი,+ ხელში რომ ეჭირა, ესთერიც მიუახლოვდა და კვერთხის წვერს შეეხო.
3 ჰკითხა მას მეფემ: „რა მოხდა, დედოფალო ესთერ? რა სათხოვარი გაქვს? ნახევარი სამეფოც რომ მთხოვო, მოგცემ!“ 4 ესთერმა მიუგო: „თუ მეფე ისურვებს, მობრძანდეს დღეს ჰამანთან+ ერთად ნადიმზე, რომელიც მეფეს მოვუმზადე“. 5 თქვა მეფემ: „საჩქაროდ მოუხმეთ ჰამანს, რათა შესრულდეს ესთერის თხოვნა!“ მივიდნენ მეფე და ჰამანი ნადიმზე, რომელიც ესთერმა გამართა.
6 ღვინის სმის დროს უთხრა მეფემ ესთერს: „რა სათხოვარი გაქვს? შეგისრულდება! ნახევარი სამეფოც რომ მთხოვო, მოგცემ!“+ 7 მაშინ ესთერმა მიუგო: „აი ჩემი სათხოვარი: 8 თუ წყალობა მიპოვია მეფის თვალში და, თუ მეფე ინებებს ჩემი სათხოვრის შესრულებას, მოვიდეს ჰამანთან ერთად ნადიმზე, რომელსაც ხვალ გავუმართავ მათ, და მაშინ ვამცნობ მეფეს ჩემს სათხოვარს“.
9 იმ დღეს გულმხიარული და გახალისებული წამოვიდა ჰამანი იქიდან, მაგრამ როგორც კი თვალი მოჰკრა მეფის კარიბჭესთან მორდოქაის, რომელიც არც ამდგარა და არც შემდრკალა მის დანახვაზე, განრისხდა მასზე.+ 10 მაგრამ თავი შეიკავა ჰამანმა, სახლში წავიდა და მოუხმო თავის მეგობრებსა და თავის ცოლ ზერეშს.+ 11 სიამაყით უყვებოდა მათ თავის აურაცხელ სიმდიდრეზე, თავის მრავალ ვაჟზე+ და იმაზე, თუ როგორ განადიდა მეფემ და როგორ აღაზევა ის სხვა მთავრებსა და მსახურებზე მეტად.+
12 თქვა ჰამანმა: „თანაც დედოფალ ესთერს მეფესთან ერთად ჩემ გარდა არავინ მიუწვევია ნადიმზე.+ ხვალაც მასთან ვარ დაპატიჟებული მეფესთან ერთად.+ 13 მაგრამ ეს ყველაფერი არაფრად მიღირს, ვიდრე მეფის კარიბჭესთან იუდეველ მორდოქაის ვხედავ!“ 14 უთხრეს მას მისმა ცოლმა ზერეშმა და მისმა მეგობრებმა: „აღამართვინე 50-წყრთიანი* ძელი, და დილით უთხარი მეფეს, რომ მასზე ჩამოკიდონ მორდოქაი.+ მერე კი წადი მეფესთან ერთად ნადიმზე და მოილხინე!“ მოეწონა ეს აზრი ჰამანს და აღამართვინა ძელი.