მეფეები — წიგნი პირველი
16 იეჰოვამ ბააშასთვის გამოტანილი განაჩენი ხანანის+ ვაჟ იეჰუს+ გაუცხადა: 2 „მე წამოგაყენე მიწის მტვრიდან, რომ ჩემი ხალხის, ისრაელის, წინამძღოლად მექციე,+ მაგრამ შენ იერობოამის გზას დაადექი, ცოდვაში გახვიე ჩემი ხალხი ისრაელი და ისინიც თავიანთი ცოდვებით შეურაცხმყოფდნენ.+ 3 ამიტომ პირწმინდად გავხვეტ ბააშასა და მის სახლეულობას ნებატის ძის, იერობოამის, სახლეულობის მსგავსად.+ 4 ვინც ქალაქში მოუკვდება ბააშას, ძაღლები შეჭამენ, ხოლო ვინც მინდორში — ცის ფრინველები!“
5 ბააშას დანარჩენ საქმეებსა და მის ძლევამოსილებაზე ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 6 განისვენა ბააშამ თავისი მამა-პაპის გვერდით; დამარხეს ის თირცაში.+ მის შემდეგ მისი ვაჟი ელაჰი გამეფდა. 7 მანამდე იეჰოვამ ხანანის ვაჟის, იეჰუ წინასწარმეტყველის პირით ბააშასა და მისი სახლეულობისთვის გამოტანილი განაჩენი გამოაცხადა, რადგან ბოროტებას სჩადიოდა ბააშა იეჰოვას თვალში და თავისი საქციელით შეურაცხყოფდა მას იერობოამის სახლეულობის მსგავსად, და იმის გამოც, რომ მოკლა ნადაბი.+
8 იუდას მეფე ასას მეფობის 26-ე წელს, ბააშას ვაჟი ელაჰი გამეფდა ისრაელზე თირცაში და ორი წელი იმეფა. 9 შეთქმულება მოუწყო მას თავისმა მსახურმა ზიმრიმ, რომელსაც საომარი ეტლების ერთი ნახევარი ებარა. ეს მაშინ მოხდა, როცა ის თირცაში სასახლის გამგებელ არცას სახლში თვრებოდა. 10 მივიდა ზიმრი და მოკლა იგი+ იუდას მეფე ასას მეფობის 27-ე წელს, მის ნაცვლად კი თვითონ გამეფდა. 11 როგორც კი ზიმრი ტახტზე ავიდა, ბააშას სახლეულობიდან ყველა ამოხოცა. მის სანათესაოსა* თუ სამეგობროში არცერთი მამაკაცი* არ დაუტოვებია ცოცხალი. 12 გაანადგურა ზიმრიმ ბააშას მთელი სახლეულობა იეჰოვას მიერ გამოტანილი განაჩენისამებრ, რომელიც წინასწარმეტყველ იეჰუს პირით გააცხადა.+ 13 ეს მათ ბააშასა და ელაჰის, მისი ვაჟის, ცოდვების გამო დაემართათ, თვითონაც რომ სცოდავდნენ და ისრაელიც რომ გახვიეს ცოდვაში, უსარგებლო კერპებით რომ შეურაცხყოფდნენ იეჰოვას, ისრაელის ღმერთს.+ 14 ელაჰის დანარჩენი საქმეები, ის ყოველივე, რაც მან გააკეთა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
15 იუდას მეფე ასას მეფობის 27-ე წელს თირცაში ზიმრი გამეფდა და შვიდი დღე იმეფა. ამ დროს ისრაელის ჯარი ფილისტიმელთა გიბეთონთან იყო დაბანაკებული.+ 16 დაბანაკებულებმა გაიგეს, რომ ზიმრის შეთქმულება მოეწყო და მეფე მოეკლა. იმ დღეს ბანაკში ისრაელებმა მხედართმთავარი ომრი+ გაამეფეს. 17 წავიდა ომრი თავის ჯართან ერთად გიბეთონიდან და ალყაში მოაქცია თირცა. 18 როცა დაინახა ზიმრიმ, რომ აიღეს ქალაქი, შევიდა მეფის სასახლის გამაგრებულ კოშკში, გადაწვა მეფის სასახლე და თავი გამოიბუგა; ასე მოკვდა იგი.+ 19 ეს მას თავისი ცოდვების, იეჰოვას თვალში ჩადენილი ბოროტების გამო დაემართა, რადგან იერობოამივით იქცეოდა და ცოდვაში გახვია ისრაელი.+ 20 ზიმრის დანარჩენ საქმეებსა და მის შეთქმულებაზე ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
21 მაშინ ორად გაიყო ისრაელი: ხალხის ერთი ნაწილი გინათის ვაჟის, თიბნის, მეფობას უჭერდა მხარს, მეორე ნაწილი კი — ომრის. 22 ომრის მომხრეებმა სძლიეს გინათის ვაჟის, თიბნის, მომხრეებს; თიბნი მოკვდა, ომრი კი გამეფდა.
23 იუდას მეფე ასას მეფობის 31-ე წელს ისრაელზე ომრი გამეფდა და 12 წელი იმეფა. თირცაში მან 6 წელი იმეფა. 24 მან შემერისგან 2 ტალანტ* ვერცხლად იყიდა სამარიის მთა, სადაც ქალაქი გააშენა; ქალაქს მთის პატრონის, შემერის გამო სამარია*+ უწოდა. 25 ბოროტებას სჩადიოდა ომრი იეჰოვას თვალში და თავის წინამორბედებზე უარესად იქცეოდა.+ 26 ისე სცოდავდა, როგორც ნებატის ვაჟი იერობოამი, რომელმაც ცოდვაში გახვია ისრაელი; უსარგებლო კერპებით შეურაცხყოფდა იეჰოვას, ისრაელის ღმერთს.+ 27 ომრის დანარჩენი საქმეებისა და მისი ძლევამოსილების შესახებ ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 28 ბოლოს განისვენა ომრიმ თავისი მამა-პაპის გვერდით; იგი სამარიაში დამარხეს. მის შემდეგ მისი ვაჟი ახაბი+ გამეფდა.
29 ომრის ვაჟი ახაბი იუდას მეფე ასას მეფობის 38-ე წელს გამეფდა ისრაელზე. იგი 22 წელი განაგებდა ისრაელს სამარიიდან.+ 30 ყველა თავის წინამორბედზე უარესად იქცეოდა ახაბი იეჰოვას თვალში.+ 31 თითქოს ის არ კმაროდა, რომ ნებატის ვაჟ იერობოამივით+ სცოდავდა, მან ცოლად სიდონელთა+ მეფის, ეთბაალის, ასული იზებელი+ მოიყვანა და ბაალის+ მსახურებას მიჰყო ხელი. 32 მან სამსხვერპლო აუგო ბაალს+ ბაალის ტაძარში, რომელიც სამარიაში ააშენა. 33 სათაყვანო ბოძიც+ გააკეთა ახაბმა და თავის წინამორბედ ისრაელის მეფეებზე მეტად შეურაცხყოფდა იეჰოვას, ისრაელის ღმერთს.
34 იმ დროს ბეთელელმა ხიელმა იერიხონი აღადგინა. მას პირმშო აბირამი საძირკვლის ჩაყრისას მოუკვდა, ხოლო სეგუბი, ნაბოლარა — კარიბჭის აღმართვისას, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი იესო ნავეს ძის პირით.+