ეზეკიელი
25 კვლავ მეუწყა იეჰოვას სიტყვა: 2 «კაცის ძეო, შებრუნდი ამონელებისკენ+ და იწინასწარმეტყველე მათდა საუბედუროდ.+ 3 უთხარი ამონელებს, ისმინეთ უზენაესი უფლის, იეჰოვას, სიტყვა, აი, რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „რაკი ჩემს წმინდა ადგილზე ამბობთ, ახია, რომ წაიბილწა, ისრაელის მიწა გაპარტახდა და იუდა გადაასახლესო, 4 ჩაგაგდებთ აღმოსავლელთა ხელში; თქვენს მიწაზე დაბანაკდებიან და გაშლიან კარვებს. თქვენს სარჩოს შეჭამენ და თქვენს რძეს დალევენ. 5 აქლემების საძოვრად ვაქცევ რაბას+ და ფარების მოსასვენებელ ადგილად — ამონელთა ქვეყანას; მაშინ გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა“.
6 აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „რაკი მასხრად იგდებდით ისრაელს — ტაშს უკრავდით,+ ფეხებს აბაკუნებდით — და ხარობდით,+ 7 ხელს აღვმართავ თქვენზე და თქვენს თავს ხალხებს გავაძარცვინებ. ამოგძირკვავთ ხალხთაგან და აღგგვით მიწის პირიდან;+ ბოლოს მოგიღებთ და გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა“.
8 აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „რაკი მოაბი+ და სეირი+ ამბობენ, იუდა სხვა ერებივითააო, 9 მივუსევ მტერს მოაბის ფერდობს — საზღვარზე მდებარე ქალაქებს, საამაყო ქალაქებს, ბეთ-იეშიმოთს, ბაალ-მეონს, თვით კირიათაიმს.+ 10 ამონელებსაც აღმოსავლელთა ხელში ჩავყრი,+ რათა აღარ იხსენიებოდნენ ერებს შორის.+ 11 აღვასრულებ განაჩენს მოაბზე+ და გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“.
12 აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „რაკი ედომი გადაემტერა იუდას და დიდი დანაშაული ჩაიდინა, შური რომ იძია მათზე,+ 13 აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: ხელს აღვმართავ ედომზეც, დავუხოცავ კაცსაც და პირუტყვსაც, და გავაპარტახებ.+ თემანიდან დედანამდე ყველა მახვილით შეიმუსრება.+ 14 ჩემი ხალხის, ისრაელის, ხელით ვიძიებ შურს ედომზე;+ ჩემს რისხვასა და მრისხანებას დაატეხენ თავს. ნახავენ, როგორ ვიძიებ შურს,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა“.
15 აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „რაკი ფილისტიმელები ემტერებოდნენ ისრაელებს და ცდილობდნენ, შური ეძიათ მათზე და გაენადგურებინათ,+ 16 აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: აღვმართავ ხელს ფილისტიმელებზე,+ მოვსპობ ქერეთელებს+ და აღვგვი ზღვის სანაპიროზე მცხოვრებ დანარჩენ ხალხს.+ 17 შურს ვიძიებ მათზე, სასტიკად დავსჯი და გაიგებენ, რომ მე, იეჰოვამ, ვიძიე შური“».