12 იობმა მიუგო:
2 „თურმე ხალხი თქვენ ყოფილხართ,
და სიბრძნეც თქვენთან ერთად მოკვდება!
3 მაგრამ რაღაც მეც გამეგება.
რით ვარ თქვენზე ნაკლები?!
ვინ არ იცის ეს ყველაფერი?!
4 ახლობელთა დასაცინი გავხდი,+
როცა ღმერთს ვუხმობდი პასუხის მისაღებად.+
მართალსა და ერთგულ კაცს დასცინიან.
5 უდარდელი კაცი უბედურებას არაფრად აგდებს,
ჰგონია, რომ ის მხოლოდ გზასაცდენილთ ატყდებათ თავს.
6 მძარცველები თავიანთ კარვებში მშვიდად არიან,+
ღვთის განმარისხებელნი უსაფრთხოდ გრძნობენ თავს,+
ხელში კერპები უჭირავთ და თაყვანს სცემენ მათ.
7 აბა, ჰკითხე ცხოველებს და გასწავლიან,
ცის ფრინველებს, და გეტყვიან.
8 დაუკვირდი დედამიწას და გასწავლის,
ზღვის თევზები კი აგიხსნიან.
9 რომელმა მათგანმა არ იცის,
რომ ამ ყოველივეს შემოქმედი იეჰოვაა?!
10 მის ხელშია ყოველი არსების სული,
და ყოველი ხორციელის სული.+
11 სიტყვებს ყური არჩევს,
საჭმლის გემოს — ენა.+
12 სიბრძნე მოხუცებს აქვთ+
და გონიერება დღეთა სიმრავლეს მოაქვს.
13 ის არის ბრძენი და ძლევამოსილი;+
მისგან მომდინარეობს რჩევა და გონიერება.+
14 რასაც ის ანგრევს, ვეღარ შენდება,+
რასაც ის კეტავს, ვერავინ აღებს.
15 აკავებს წყალს და ყველაფერი შრება,+
გზავნის მას და ის ფარავს მიწას.+
16 ის არის ძლევამოსილი და ბრძენი,+
მის ხელშია გზასაცდენილიც და სხვისი გზის გამმრუდებელიც.
17 მრჩევლებს ფეხშიშველს ატარებს,
და მოსამართლეებს ასულელებს.+
18 მეფეების დადებულ ბორკილებს ხსნის+
და წელზე სარტყელს არტყამს მათ.
19 ფეხშიშველს ატარებს მღვდლებს+
და ამხობს ძალაუფლების მქონეთ.+
20 პირს უკრავს სანდო მრჩევლებს
და უხუცესებს გონიერებას ართმევს.
21 თავლაფს ასხამს დიდებულებს+
და ძლიერებს აუძლურებს.
22 სიბნელეში ღრმად დაფარულს აჩენს+
და უკუნეთს სინათლედ აქცევს.
23 ერებს აძლიერებს და შემდეგ ანადგურებს,
ერებს ამრავლებს და შემდეგ ასახლებს.
24 ხალხის თავკაცებს გონიერებას ართმევს
და ახეტიალებს უკაცრიელ ადგილას.+
25 ხელის ცეცებით დადიან სიბნელეში,+ სადაც არაა სინათლე;
მთვრალებივით ახეტიალებს მათ“.+