სამუელი — წიგნი პირველი
26 ზიფელები+ მივიდნენ საულთან გიბაში+ და უთხრეს: „იცი, რომ დავითი ხაქილის გორაზე იმალება, იეშიმონს*+ რომ გადაჰყურებს?“ 2 ადგა საული და 3 000 რჩეულ ისრაელთან ერთად ზიფის უდაბნოში წავიდა დავითის მოსაძებნად.+ 3 გზასთან დაბანაკდა საული ხაქილის გორაზე, იეშიმონს რომ გადაჰყურებს. დავითი უდაბნოში იმალებოდა, როცა გაიგო, რომ საულს მისი კვალისთვის მიეგნო. 4 გაგზავნა დავითმა მზვერავები იმის შესამოწმებლად, ნამდვილად მოსულიყო თუ არა საული. 5 ადგა დავითი და მივიდა იმ ადგილას, სადაც საული იყო დაბანაკებული; დაინახა დავითმა, სად ეძინათ საულსა და მის მხედართმთავარ აბნერს,+ ნერის ვაჟს. შუაგულ ბანაკში იწვა საული, მის ირგვლივ კი მისი ჯარი იყო დაბანაკებული. 6 ჰკითხა დავითმა ხეთელ+ ახიმელექსა და იოაბის ძმა აბიშაის,+ ცერუიას+ ვაჟს: „რომელი გამომყვებით საულის ბანაკში?“ აბიშაიმ მიუგო: „მე გამოგყვები!“ 7 ღამით მივიდნენ დავითი და აბიშაი საულის ბანაკში. საულს ბანაკის შუაგულში ეძინა და თავთან თავისი შუბი ჰქონდა ჩარჭობილი მიწაში, მის ირგვლივ კი აბნერი და სხვა ჯარისკაცები იწვნენ.
8 აბიშაიმ დავითს უთხრა: „ხელში ჩაგიგდო დღეს ღმერთმა შენი მტერი.+ გთხოვ, მიმიშვი, რომ შუბის ერთი დარტყმით დავაკლა მიწას ისე, რომ მეორედ დარტყმა აღარ დამჭირდეს!“ 9 დავითმა მიუგო: „ნურაფერს დაუშავებ! ვის აღუმართავს ხელი იეჰოვას ცხებულზე+ და უდანაშაულო დარჩენილა?!“+ 10 შემდეგ დასძინა: „ცოცხალ ღმერთს, იეჰოვას, ვფიცავ, თავად იეჰოვა დაღუპავს მას,+ თუ არადა, მისი სიკვდილის დღეც მოაწევს,+ ან საომრად წავა და იქ დაიღუპება.+ 11 იეჰოვამ დამიფაროს, რომ რამე დავუშავო იეჰოვას ცხებულს!+ გთხოვ, აიღე შუბი, თავთან რომ აქვს, და მათარა, და წავიდეთ“. 12 აიღო დავითმა შუბი და მათარა, საულს თავთან რომ ედო, და წავიდნენ. ისინი არავის დაუნახავს,+ არავის არაფერი გაუგია და არც არავის გამოღვიძებია, რადგან ყველას ღრმა ძილი მოჰგვარა იეჰოვამ. 13 დავითი გაღმა გავიდა და მოშორებით მთის წვერზე დადგა; დიდი მანძილი იყო მათ შორის.
14 გადმოსძახა დავითმა საულის ჯარს და აბნერს,+ ნერის ვაჟს: „ხმა გამეცი, აბნერ!“ აბნერმა მიუგო: „ვინა ხარ, რომ იძახი და მეფეს აწუხებ?“ 15 დავითმა აბნერს უთხრა: „ვაჟკაცი არა ხარ?! შენნაირი ვინ არის ისრაელში?! მაშ, რატომ არ დაიცავი შენი მეფე-ბატონი?! აი, ვიღაც მოსულა მეფის, შენი ბატონის, მოსაკლავად.+ 16 ვერ ივარგე, აბნერ! ცოცხალ ღმერთს, იეჰოვას, ვფიცავ, სიკვდილს იმსახურებთ, რადგან არ დაიცავით თქვენი ბატონი, იეჰოვას ცხებული!+ აბა ნახე, სად არის მეფის შუბი და მათარა,+ თავთან რომ ჰქონდა?!“
17 იცნო საულმა დავითის ხმა და უთხრა: „ეს შენი ხმაა, დავით, შვილო?“+ დავითმა მიუგო: „ჩემი ხმაა, მეფე-ბატონო!“ 18 შემდეგ ჰკითხა: „რატომ დევნის ჩემი ბატონი თავის მსახურს?+ რა ჩავიდინე, რაში მიმიძღვის ბრალი?+ 19 მოუსმინოს მეფე-ბატონმა თავის მსახურს: თუ იეჰოვამ აღგძრა ჩემ წინააღმდეგ, მაშინ მიიღოს მან ჩემგან მარცვლეული შესაწირავი, მაგრამ, თუ ადამიანებმა წაგაქეზეს,+ იეჰოვამ დაწყევლოს ისინი, რადგან არ დამაყენეს იეჰოვას სამკვიდროში+ და მითხრეს, წადი, სხვა ღმერთებს ემსახურეო! 20 ნუ დაღვრი ჩემს სისხლს იეჰოვასგან შორს. რწყილს დასდევნებია ისრაელის მეფე+ ისე, თითქოს კაკაბს დასდევდეს მთებში!“
21 საულმა მიუგო: „შევცოდე!+ დაბრუნდი, დავით, შვილო, აღარაფერს დაგიშავებ, რადგან დღეს დააფასე ჩემი სიცოცხლე.+ უგუნურად მოვიქეცი და ძალიან შევცდი!“ 22 დავითმა მიუგო: „აი მეფის შუბი! გამოუშვი რომელიმე მსახური და წაიღოს. 23 იეჰოვა თითოეულს თავისი სიმართლისა და ერთგულებისამებრ მიუზღავს.+ დღეს შენი თავი ხელში ჩამიგდო იეჰოვამ, მაგრამ არ მინდოდა, რომ ხელი აღმემართა იეჰოვას ცხებულზე.+ 24 როგორც შენი სიცოცხლე იყო ძვირფასი დღეს ჩემთვის, ისე ჩემი სიცოცხლე იყოს ძვირფასი იეჰოვასთვის და მიხსნას ყველა გასაჭირისგან!“+ 25 საულმა დავითს უთხრა: „კურთხეული იყავი, დავით, შვილო! დიდ საქმეებს მოიმოქმედებ და ყველაფერში ხელი მოგემართება!“+ ამის შემდეგ დავითი თავისი გზით წავიდა, საული კი შინ დაბრუნდა.+