მსაჯულები
10 აბიმელექის სიკვდილის შემდეგ ისრაელის სახსნელად+ ისაქარის ტომიდან გამოჩნდა თოლა, დოდოს ვაჟის, ფუას ვაჟი; ის შამირში ცხოვრობდა, ეფრემის მთიან მხარეში. 2 იგი 23 წელი იყო ისრაელის მსაჯული; შემდეგ მოკვდა და შამირში დამარხეს.
3 მის შემდეგ გალაადელი იაირი გამოჩნდა, რომელიც 22 წელი იყო ისრაელის მსაჯული. 4 მას 30 ვაჟი ჰყავდა, რომელთაც 30 ვირი ჰყავდათ და 30 ქალაქი ჰქონდათ. ქალაქებს დღემდე ხავოთ-იაირი ეწოდება+ და ისინი გალაადის მიწაზეა. 5 მოკვდა იაირი და კამონში დამარხეს.
6 კვლავ დაიწყეს ბოროტების ჩადენა ისრაელებმა იეჰოვას თვალში.+ ემსახურებოდნენ ბაალისა+ და აშთორეთის კერპებს, არამის* ღმერთებს, სიდონის ღმერთებს, მოაბის ღმერთებს,+ ამონელთა ღმერთებსა+ და ფილისტიმელთა ღმერთებს.+ ზურგი აქციეს მათ იეჰოვას და აღარ ემსახურებოდნენ მას. 7 განრისხდა იეჰოვა ისრაელზე და ფილისტიმელებსა და ამონელებს ჩაუგდო ხელში.+ 8 იმ წლიდან მოყოლებული 18 წელი ავიწროებდნენ და სასტიკად ჩაგრავდნენ ისინი ისრაელებს, რომლებიც იორდანის გაღმა, ამორეველთა მიწაზე ცხოვრობდნენ გალაადში. 9 ამონელები იორდანეზეც გადმოდიოდნენ და იუდას, ბენიამინისა და ეფრემის ტომებს ებრძოდნენ. ცუდ დღეში ჩავარდა ისრაელი. 10 შველა სთხოვეს ისრაელებმა იეჰოვას:+ „შეგცოდეთ, რადგან მიგატოვეთ, ჩვენო ღმერთო, და ბაალის კერპებს ვცემდით თაყვანს!“+
11 მიუგო იეჰოვამ ისრაელებს: „განა არ გიხსენით ეგვიპტელთა,+ ამორეველთა,+ ამონელთა, ფილისტიმელთა,+ 12 სიდონელთა, ამალეკელთა და მიდიანელთა ხელიდან, როცა გჩაგრავდნენ ისინი და შველას მთხოვდით?! 13 თქვენ კი ზურგი მაქციეთ და სხვა ღმერთებს დაუწყეთ მსახურება,+ ამიტომ აღარ გიხსნით!+ 14 წადით და თქვენ მიერ არჩეულ ღმერთებს შეღაღადეთ!+ მათ გიხსნან გასაჭირიდან!“+ 15 შესთხოვეს ისრაელებმა იეჰოვას: „შევცოდეთ! ოღონდ დღეს გვიხსენი და ისე მოგვექეცი, როგორც გენებოს!“ 16 მოიშორეს კერპები და ისევ იეჰოვას ემსახურებოდნენ;+ ვეღარ აიტანა მან ისრაელის გასაჭირი.+
17 შეიკრიბნენ ამონელები+ და დაბანაკდნენ გალაადში. ისრაელებიც შეიკრიბნენ და მიცფაში დაბანაკდნენ. 18 ხალხმა და გალაადის მთავრებმა ერთმანეთს უთხრეს, ვინც ამონელების წინააღმდეგ ბრძოლაში გაგვიძღვება,+ მთელი გალაადის თავკაციც ის გახდესო.