დაბადება
23 სარამ 127 წელი იცოცხლა; ეს იყო მისი სიცოცხლის წლები.+ 2 მოკვდა სარა კირიათ-არბაში,+ იმავე ხებრონში,+ ქანაანის+ მიწაზე. აბრაამი გლოვობდა და დასტიროდა სარას. 3 დაიტირა აბრაამმა თავისი ცოლი; მერე მივიდა ხეთის+ შთამომავლებთან და უთხრა: 4 „ხიზანი ვარ და თქვენ შორის ვმკვიდრობ.+ გამომიყავით ადგილი, რომ დავმარხო ჩემი ცოლი“. 5 ხეთის შთამომავლებმა აბრაამს მიუგეს: 6 „მოგვისმინე, ჩემო ბატონო. შენ ღვთისგან დანიშნული* თავკაცი ხარ ჩვენ შორის.+ ჩვენს საუკეთესო სამარხში დამარხე მიცვალებული, სამარხზე არცერთი ჩვენგანი არ გეტყვის უარს“.
7 ადგა აბრაამი, პირქვე დაემხო იმ მიწის მკვიდრთა, ხეთის+ ძეთა წინაშე 8 და უთხრა: „თუ თანახმა ხართ, რომ დავმარხო მიცვალებული, მომისმინეთ: დაელაპარაკეთ ეფრონს, ცოხარის ძეს, 9 რომ მომყიდოს მაქფელის გამოქვაბული, რომელიც მას ეკუთვნის და მისივე მინდვრის ბოლოშია. რამდენი ვერცხლიც ღირს, იმდენ ვერცხლად+ მომყიდოს თქვენი თანდასწრებით, რომ იქ დავმარხო მიცვალებული“.+
10 ეფრონი ხეთის შთამომავლებთან ერთად იჯდა. ხეთის შთამომავლებისა და მათ გასაგონად, ვინც ქალაქის კარიბჭეში+ შედიოდა, ხეთელმა ეფრონმა აბრაამს უთხრა: 11 „არა, ჩემო ბატონო! მომისმინე. მინდორსაც მოგცემ და გამოქვაბულსაც ჩემი ხალხის თანდასწრებით და დამარხე მიცვალებული“. 12 აბრაამი პირქვე დაემხო იმ მიწის მკვიდრთა წინაშე 13 და მათ გასაგონად სთხოვა ეფრონს: „მომისმინე. მოგცემ ვერცხლს, მინდვრის საფასურს. აიღე და იქ დავმარხავ მიცვალებულს“.
14 ეფრონმა აბრაამს მიუგო: 15 „ჩემო ბატონო, მომისმინე. ეს მიწა 400 შეკელი* ვერცხლი ღირს, მაგრამ ჩვენ შორის ეს რა სალაპარაკოა?! მიდი და დამარხე მიცვალებული“. 16 აბრაამიც დასთანხმდა ეფრონს, მიუწონა მას იმდენი ვერცხლი, რამდენიც ეფრონმა ხეთის შთამომავლების გასაგონად თქვა, ვაჭართა საწონით 400 შეკელი ვერცხლი.+ 17 ასე გახდა ეფრონის მინდორი, რომელიც მამრეს წინ მაქფელაში იყო, ამავე მინდორში მდებარე გამოქვაბული და მინდვრის ყველა ხე 18 აბრაამის საკუთრება, რაც მან ხეთის შთამომავლებისა და ქალაქის კარიბჭეში ყველა შემსვლელის თვალწინ შეიძინა. 19 დამარხა აბრაამმა თავისი ცოლი სარა მამრეს წინ მდებარე მაქფელის მინდვრის გამოქვაბულში, ხებრონში, ქანაანის მიწაზე. 20 ასე გადასცეს ხეთის შთამომავლებმა აბრაამს მინდორი და გამოქვაბული სამარხად.+