სამუელი — წიგნი მეორე
2 ამ ამბების შემდეგ დაეკითხა დავითი იეჰოვას:+ „წავიდე იუდას რომელიმე ქალაქში?“ იეჰოვამ მიუგო: „წადი“. დავითმა ჰკითხა: „რომელში წავიდე?“ მან მიუგო: „ხებრონში“.+ 2 წავიდა დავითი ხებრონში თავის ორივე ცოლთან, იზრეელელ ახინოამთან+ და ქარმელელი ნაბალის ქვრივ აბიგაილთან+ ერთად. 3 თავისი კაცებიც თან წაიყვანა დავითმა+ თავ-თავიანთი ოჯახებით; ისინი ხებრონსა და მის მიმდებარე ქალაქებში დასახლდნენ. 4 მივიდნენ იუდასტომელი კაცები და იქ სცხეს დავითი იუდას ტომის მეფედ.+
შეატყობინეს დავითს, საული იაბეშ-გალაადელებმა დამარხესო. 5 გაუგზავნა დავითმა მაცნეები იაბეშ-გალაადელებს და შეუთვალა: „იეჰოვამ გაკურთხოთ, რადგან სიკეთე* გაუკეთეთ თქვენს ბატონს, საულს, და დამარხეთ.+ 6 სიკეთე* და ერთგულება გამოავლინოს თქვენდამი იეჰოვამ; მეც სიკეთით გადაგიხდით იმის გამო, რაც გააკეთეთ.+ 7 ახლა გამაგრდით და ვაჟკაცურად იყავით, რადგან მკვდარია თქვენი ბატონი საული, იუდასტომელებმა კი მე მცხეს თავიანთ მეფედ!“
8 ამასობაში საულის მხედართმთავარ აბნერს,+ ნერის ვაჟს, წაეყვანა საულის ვაჟი იშ-ბოშეთი+ და მახანაიმში+ გადაეყვანა. 9 გაემეფებინა ის იქ გალაადზე,+ აშურელებზე, იზრეელზე,+ ეფრემზე,+ ბენიამინსა და მთელ ისრაელზე. 10 საულის ვაჟი იშ-ბოშეთი 40 წლის გამეფდა ისრაელზე და ორი წელი იმეფა, იუდას ტომი კი დავითს ემხრობოდა.+ 11 დავითი 7 წელი და 6 თვე მეფობდა იუდას ტომზე ხებრონიდან.+
12 წავიდნენ ნერის ვაჟი აბნერი და საულის ვაჟის, იშ-ბოშეთის, მსახურები მახანაიმიდან+ გაბაონში;+ 13 ცერუიას+ ვაჟი იოაბი+ და დავითის მსახურებიც გამოემართნენ და მათ გაბაონის წყალსატევთან შეხვდნენ. ერთნი წყალსატევის ერთ მხარეს დადგნენ, მეორენი — მეორე მხარეს. 14 უთხრა აბნერმა იოაბს: „გამოვიდნენ ჭაბუკები და შეებან ერთმანეთს ჩვენ თვალწინ“. იოაბმა მიუგო: „გამოვიდნენ“. 15 ადგა და გამოვიდა თორმეტი ბენიამინელი საულის ვაჟის, იშ-ბოშეთის, მხრიდან, თორმეტიც — დავითის მსახურებიდან. 16 თმებში ჩაავლეს ხელი ერთმანეთს და ფერდებში მახვილები გაუყარეს; ყველანი ერთად დაეცნენ. იმ ადგილს გაბაონში ხელკათ-ჰაცურიმი* ეწოდა.
17 სასტიკი ბრძოლა გაიმართა იმ დღეს და დამარცხდნენ აბნერი და ისრაელები დავითის მსახურებთან. 18 იქ იყო ცერუიას სამი ვაჟი:+ იოაბი,+ აბიშაი+ და ასაჰელი.+ ასაჰელი ფეხმარდი იყო და ისე დარბოდა, როგორც ქურციკი მინდორში. 19 დაედევნა ასაჰელი აბნერს, კვალდაკვალ მისდევდა მას, არც მარჯვნივ უხვევდა და არც მარცხნივ. 20 უკან მიიხედა აბნერმა და ჰკითხა: „ასაჰელ, შენა ხარ?“ მან მიუგო: „მე ვარ!“ 21 უთხრა აბნერმა: „გინდ მარჯვნივ გადაუხვიე, გინდ მარცხნივ, დაიჭირე რომელიმე ჭაბუკი და რაც გინდა, ის წაართვი“, მაგრამ არ გაეცალა მას ასაჰელი. 22 კვლავ უთხრა აბნერმა ასაჰელს: „რას მომდევ?! ნუ მომაკვლევინებ თავს! როგორღა შევხედო თვალებში შენს ძმას, იოაბს?“ 23 მაინც არ გაეცალა იგი. მაშინ აძგერა აბნერმა მას მუცელში შუბის ბოლო+ და შუბმა ზურგში გაატანა. ადგილზევე დაეცა ასაჰელი და მოკვდა. ვინც კი მიდიოდა იმ ადგილზე, სადაც ასაჰელი წაიქცა და მოკვდა, ყველა ჩერდებოდა.
24 დაედევნენ აბნერს იოაბი და აბიშაი. მზის ჩასვლისას მიადგნენ ამას გორას, გიახს რომ გადაჰყურებს, გაბაონის უდაბნოს გზაზე. 25 შეიკრიბნენ ბენიამინელები აბნერთან, დაირაზმნენ და ერთ-ერთ გორაზე დადგნენ. 26 გასძახა აბნერმა იოაბს: „როდემდე უნდა ვღვაროთ სისხლი? არ იცი, რომ ბოლო მწარე იქნება?! როდისღა ეტყვი შენს ხალხს, რომ შეწყვიტონ თავიანთი მოძმეების დევნა?“ 27 მიუგო იოაბმა: „ცოცხალ და ჭეშმარიტ ღმერთს ვფიცავ, შენ რომ არაფერი გეთქვა, დილამდე არ მოეშვებოდა ჩემი ხალხი თავისი მოძმეების დევნას!“ 28 ჩაჰბერა იოაბმა საყვირს და თავი ანება მისმა ხალხმა ისრაელის დევნას; ასე შეწყდა ბრძოლა.
29 აბნერი და მისი ხალხი მთელი ღამე არაბის+ გავლით მიდიოდნენ, გადალახეს იორდანე, გაიარეს მთელი ხევი* და ბოლოს მახანაიმში+ ჩავიდნენ. 30 როცა შეწყვიტა იოაბმა აბნერის დევნა, ერთად შეკრიბა მთელი ხალხი; დავითის მსახურებს 19 კაცი და ასაჰელი აკლდათ. 31 დაამარცხეს დავითის მსახურებმა ბენიამინელები და აბნერის სხვა მებრძოლები; მათგან 360 კაცი დაეცა. 32 წაასვენეს ასაჰელი+ და ბეთლემში,+ მამამისის სამარხში, დამარხეს. მთელი ღამე იარეს იოაბმა და მისმა ხალხმა და გამთენიისას მიაღწიეს ხებრონს.+