იერემია
26 იუდას მეფე იეჰოიაკიმის,+ იოშიას ძის, მეფობის დასაწყისში გაცხადდა იეჰოვას სიტყვა: 2 «აი, რას ამბობს იეჰოვა: „დადექი იეჰოვას ტაძრის ეზოში და ილაპარაკე იუდას ქალაქების მკვიდრთა საყურადღებოდ, რომლებიც იეჰოვას ტაძარში თაყვანსაცემად მოდიან. უთხარი მათ ყველაფერი, რასაც გიბრძანებ; ერთი სიტყვაც არ გამოგრჩეს. 3 იქნებ მოგისმინონ და მობრუნდნენ თავ-თავიანთი ბოროტი გზიდან; მეც გადავიფიქრებ და აღარ დავატეხ იმ უბედურებას, რასაც მათ ჩადენილი ბოროტი საქმეების გამო ვუპირებდი.+ 4 უთხარი მათ, აი, რას ამბობს-თქო იეჰოვა: თუ არ მომისმენთ და არ დაიცავთ ჩემს კანონს, რომელიც მოგეცით, 5 არ მოისმენთ, რასაც ჩემი მსახურები, წინასწარმეტყველები, გეუბნებიან, რომლებსაც გიგზავნით, დილაადრიან ვდგები და გიგზავნით, მაგრამ არ უსმენთ,+ 6 მაშინ მეც შილოს+ დავამსგავსებ ამ ტაძარს და დედამიწაზე მცხოვრები ყველა ხალხი ამ ქალაქს წყევლაში ახსენებს“».+
7 მღვდლებმა, წინასწარმეტყველებმა და მთელმა ხალხმა მოისმინეს ის, რაც იერემიამ იეჰოვას ტაძარში წარმოთქვა.+ 8 როცა იერემიამ დაასრულა ხალხისთვის იმის გადაცემა, რაც იეჰოვას ჰქონდა ნაბრძანები, შეიპყრეს ის მღვდლებმა, წინასწარმეტყველებმა, მთელმა ხალხმა და უთხრეს: „სიკვდილი არ აგცდება! 9 რატომ იწინასწარმეტყველე იეჰოვას სახელით, ეს ტაძარი შილოს დაემსგავსებაო, ეს ქალაქი კი გაპარტახდება და გაუკაცრიელდებაო?“ გარს შემოეხვია მთელი ხალხი იერემიას იეჰოვას ტაძარში.
10 გაიგეს ეს სიტყვები იუდას მთავრებმაც, წავიდნენ მეფის სასახლიდან იეჰოვას ტაძარში და იეჰოვას ტაძრის ახალი კარიბჭის შესასვლელთან დასხდნენ.+ 11 მღვდლებმა და წინასწარმეტყველებმა მთავრებსა და მთელ ხალხს უთხრეს: „ეს კაცი სიკვდილის ღირსია,+ რადგან ამ ქალაქის საუბედუროდ იწინასწარმეტყველა, რაც საკუთარი ყურით მოისმინეთ კიდეც“.+
12 მაშინ იერემიამ მთავრებსა და მთელ ხალხს მიმართა: „ამ ტაძრისა და ქალაქის წინააღმდეგ წინასწარმეტყველების წარმოსათქმელად, რომელიც მოისმინეთ, იეჰოვამ გამომგზავნა.+ 13 ამიტომ გაასწორეთ თქვენი სავალი, გამოასწორეთ თქვენი საქმეები და დაემორჩილეთ თქვენს ღმერთს, იეჰოვას; იეჰოვაც გადაიფიქრებს და აღარ დაგატეხთ იმ უბედურებას, რასაც გიპირებდათ.+ 14 მე თქვენს ხელში ვარ; რასაც სწორად და მართებულად მიიჩნევთ, ის მიყავით, 15 ოღონდ იცოდეთ: თუ მომკლავთ, უდანაშაულო სისხლი დაგედებათ თქვენც, ამ ქალაქსაც და მის მკვიდრთაც, რადგან ნამდვილად იეჰოვამ გამომგზავნა თქვენთან ამ ყოველივეს სათქმელად“.
16 მაშინ მთავრებმა და მთელმა ხალხმა მღვდლებსა და წინასწარმეტყველებს უთხრეს: „ეს კაცი სიკვდილს არ იმსახურებს, რადგან ჩვენი ღვთის, იეჰოვას, სახელით გველაპარაკება“.
17 წამოდგა ქვეყნის ზოგიერთი უხუცესი და მთელ ხალხს მიმართა: 18 «მორეშეთელი მიქა,+ იუდას მეფე ხიზკიას+ დროს რომ წინასწარმეტყველებდა, იუდას მკვიდრთ ეუბნებოდა, აი, რას ამბობსო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა:
„მინდორივით გადაიხვნება სიონი,
ნანგრევების გროვად იქცევა იერუსალიმი+
და ტყიან მაღლობად — ტაძრის მთა“.+
19 ხომ არ მოუკლავთ იგი იუდას მეფე ხიზკიას და იუდას მკვიდრებს?! ხომ შეეშინდა მეფეს იეჰოვასი და ხომ მოულბო გული იეჰოვას?! იეჰოვამაც ხომ გადაიფიქრა და აღარ დაატეხა ის უბედურება, რასაც უპირებდა?!+ იცოდეთ, დიდი უბედურება გვეწევა.
20 კიდევ ერთი კაცი წინასწარმეტყველებდა იეჰოვას სახელით, ურია, შემაიას ძე, კირიათ-იეარიმიდან.+ იერემიას მსგავსად ისიც ამ ქალაქისა და ამ მიწის საუბედუროდ წინასწარმეტყველებდა. 21 როცა მისი სიტყვები მეფე იეჰოიაკიმმა,+ მისმა მეომრებმა და მთავრებმა გაიგეს, მეფემ მას მოკვლა დაუპირა.+ ეს რომ ურიამ შეიტყო, შეეშინდა და ეგვიპტეში გაიქცა. 22 მეფე იეჰოიაკიმმა ეგვიპტეში აქბორის ძე ელნათანი+ და სხვა კაცები გაგზავნა. 23 წამოიყვანეს ურია ეგვიპტიდან და მეფე იეჰოიაკიმს მიჰგვარეს; მახვილით მოკლა მან ურია+ და მისი გვამი უბრალო ხალხის სასაფლაოზე დააგდო».
24 ახიკამი,+ შაფანის+ ძე, მფარველობდა იერემიას, რომ არ ჩავარდნილიყო ხალხის ხელში და არ მოეკლათ იგი.+