გამოსვლა
39 ლურჯი ძაფის, იისფერი მატყლის ძაფისა და ალისფერი ნართისგან+ დაამზადეს სამოსელი კარავში მომსახურეთათვის. დაუმზადეს აარონს წმინდა სამოსელი,+ როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები.
2 მან* ეფოდი+ ოქროს, ლურჯი ძაფის, იისფერი მატყლის ძაფის, ალისფერი ნართისა და ძვირფასი გრეხილი სელის ძაფისგან დაამზადა. 3 ოქროს ფირფიტებისგან თხელი ფურცლები გამოჭედეს. მან ისინი ძაფებად დაჭრა, რათა მისით მოექარგა ლურჯი ძაფით, იისფერი მატყლის ძაფით, ალისფერი ნართითა და ძვირფასი სელის ძაფით ნაქსოვი ეფოდი. 4 ეფოდის წინა და უკანა ნაწილი ერთმანეთთან სამხრეებით შეაერთეს. 5 ეფოდზე შემოსაკრავი სარტყელიც+ ოქროს, ლურჯი ძაფის, იისფერი მატყლის ძაფის, ალისფერი ნართისა და ძვირფასი გრეხილი სელის ძაფისგან დამზადდა, როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები.
6 ჩასვეს ონიქსის ქვები ოქროს ბუდეებში და ზედ ისრაელის ვაჟების სახელები ისე ამოტვიფრეს, როგორც ბეჭედი იტვიფრება.+ 7 მან ეს ქვები ეფოდის სამხრეებს მიამაგრა ისრაელის ვაჟების სამახსოვრო ქვებად,+ როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები. 8 ეფოდის მსგავსად, სამკერდეც+ ოქროს, ლურჯი ძაფის, იისფერი მატყლის ძაფის, ალისფერი ნართისა და ძვირფასი გრეხილი სელის ძაფისგან დაამზადა. ეს იყო მქარგველის ნაქარგი.+ 9 სამკერდე, როცა გადაიკეცებოდა, ოთხკუთხედის ფორმისა გამოდიოდა. დაამზადეს სამკერდე, რომელიც, გადაკეცილი, სიგრძითაც და სიგანითაც მტკაველი იყო. 10 ჩასვეს მასში ქვები ოთხ რიგად. პირველ რიგში იყო ლალი, ტოპაზი და ზურმუხტი; 11 მეორე რიგში — ფირუზი, საფირონი და იასპი; 12 მესამე რიგში — ლეშემი*, აქატი და ამეთვისტო; 13 მეოთხე რიგში კი — ქრიზოლითი, ონიქსი და ჟადეიტი. ეს ქვები ოქროს ბუდეებში იყო ჩასმული. 14 ქვებზე ისრაელის 12-ვე ვაჟის სახელი ეწერა; სახელები ისე იყო ამოტვიფრული, როგორც ბეჭედი იტვიფრება. თითო სახელით წარმოდგენილი იყო თითო ტომი 12 ტომიდან.
15 სამკერდეს შემოავლო ხალასი ოქროს წნული, ბაწრის მსგავსი.+ 16 ორი ოქროს ბუდის გარდა ორი ოქროს რგოლიც გააკეთეს და სამკერდეს ზედა ორ ბოლოზე მიამაგრეს. 17 შემდეგ სამკერდის ზედა ბოლოებზე მიმაგრებულ ორ რგოლს ორი ოქროს წნული მიაბეს. 18 ორივე წნულის ბოლოები მიაბეს ეფოდის სამხრეებზე დამაგრებულ ორივე ბუდეს, წინა მხარეს. 19 გააკეთეს ორი ოქროს რგოლი და სამკერდეს უკან, ქვედა ორ ბოლოზე, ეფოდის მხარეს მიამაგრეს.+ 20 გააკეთეს კიდევ ორი ოქროს რგოლი და ეფოდს წინა მხრიდან მიამაგრეს, სამხრეების ჩამოსწვრივ, ნაქსოვი სარტყლის ზემოთ, რომელიც ეკვრის ეფოდს. 21 ბოლოს სამკერდის რგოლები ეფოდის რგოლებს ლურჯი თასმით მიაბეს, რათა სამკერდე მიმაგრებული ყოფილიყო ეფოდზე ნაქსოვი სარტყლის ზემოთ, როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები.
22 მან ეფოდის ქვეშ ჩასაცმელი უსახელო სამოსი მთლიანად ლურჯი ძაფისგან დაამზადა. ეს იყო მქსოველის ნაქსოვი;+ 23 შუაში თავზე ჩამოსაცმელად ჯავშანივით იყო ამოჭრილი; ამოჭრილს არშია ჰქონდა შემოვლებული, რომ არ დახეულიყო. 24 სამოსს ბოლოში ერთმანეთში ჩაგრეხილი ლურჯი ძაფის, იისფერი მატყლის ძაფის და ალისფერი ნართისგან დამზადებული ბროწეულები შემოავლეს. 25 დაამზადეს ხალასი ოქროს ზანზალაკები და სამოსს ბოლოში შემოავლეს, ბროწეულებს შორის. 26 უსახელო სამოსს, რომელიც მსახურებისთვის გამოიყენებოდა, ზანზალაკები და ბროწეულები ერთმანეთის მონაცვლეობით ბოლოში გაუკეთეს, როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები.
27 აარონისა და მისი ვაჟებისთვის დაამზადეს ძვირფასი სელის ძაფისგან გრძელი სამოსელი, მქსოველის ნაქსოვი,+ 28 თავსაბურავი,+ ნაქარგი თავსაბურავები,+ ძვირფასი გრეხილი სელის ძაფისგან — ქვედა საცვლები+ 29 და ძვირფასი გრეხილი სელის ძაფის, ლურჯი ძაფის, იისფერი მატყლის ძაფისა და ალისფერი ნართისგან — სარტყელი, როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები.
30 ბოლოს გააკეთეს ხალასი ოქროს მბზინვარე ფირფიტა, მიძღვნის წმინდა ნიშანი, და როგორც ბეჭედი იტვიფრება ქვაზე, ისე ამოტვიფრეს მასზე: „წმინდაა იეჰოვა!“+ 31 მიაბეს ფირფიტას ლურჯი თასმა თავსაბურავზე დასამაგრებლად, როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები.
32 დასრულდა შეხვედრის კარვის ყველა სამუშაო. ისრაელებმა ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები;+ ზუსტად ისე გააკეთეს.
33 მიუტანეს მოსეს კარვის+ მთელი მოწყობილობა: ქსოვილები,+ სამაგრები,+ ჩარჩოები,+ ძელები,+ სვეტები, საყრდენები,+ 34 ვერძის წითლად შეღებილი ტყავის გადასაფარებელი,+ სელაპის ტყავის გადასაფარებელი, გამყოფი ფარდა,+ 35 მოწმობის კიდობანი, მისი კეტები+ და სახურავი,+ 36 მაგიდა, მთელი მისი მოწყობილობა+ და წარსადგენი პური, 37 ხალასი ოქროს სალამპრე+ ჩამწკრივებული ლამპრებით, მთელი მისი მოწყობილობა+ და ზეთი გასანათებლად,+ 38 ოქროს სამსხვერპლო,+ საცხები ზეთი,+ სურნელოვანი საკმეველი,+ კარვის შესასვლელის ფარდა,+ 39 სპილენძის სამსხვერპლო+ და მისი სპილენძის ბადე, მისი კეტები+ და მთელი მისი მოწყობილობა,+ აუზი და მისი სადგამი,+ 40 ეზოს ფარდები, მისი სვეტები და საყრდენები,+ ფარდა+ ეზოს შესასვლელისთვის, ბაწრები და პალოები,+ ყველაფერი, რაც შეხვედრის კარავში მსახურებისთვის იყო საჭირო, 41 ნაქსოვი სამოსელი კარავში მომსახურეთათვის, აარონ მღვდლის წმინდა სამოსელი+ და მისი ვაჟების სამღვდელო სამოსელი.
42 ისრაელებმა ყველა საქმე ისე შეასრულეს, როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები.+ 43 შეამოწმა მოსემ მათი ნამუშევარი და ნახა, რომ ყველაფერი იეჰოვას ბრძანებისამებრ გაეკეთებინათ. დალოცა ისინი მოსემ.