დაბადება
38 იუდა ძმებს გაეყარა და კარავი ადულამელი ხირას მეზობლად გაშალა. 2 დაინახა იუდამ ქანაანელი+ შუას ასული, ცოლად შეირთო და დაწვა მასთან. 3 დაორსულდა იგი და ვაჟი გააჩინა. იუდამ მას ერი+ დაარქვა. 4 კიდევ დაორსულდა, გააჩინა ვაჟი და ონანი დაარქვა. 5 კიდევ გააჩინა ვაჟი და შელა დაარქვა. იუდა აქციბში+ იყო, როცა მისმა ცოლმა შელა გააჩინა.
6 მოუყვანა იუდამ თავის პირმშოს, ერს, ცოლი, რომელსაც თამარი+ ერქვა. 7 იეჰოვას არ მოსწონდა ერის, იუდას პირმშოს, საქციელი; ამიტომ აღარ აცოცხლა იგი იეჰოვამ. 8 ამის შემდეგ იუდამ ონანს უთხრა: „დაწექი შენი ძმის ცოლთან, შეასრულე მაზლის ვალდებულება და აღუდგინე შთამომავლობა შენს ძმას“.+ 9 იცოდა ონანმა, რომ შთამომავლობა მისი არ იქნებოდა.+ ამიტომ, როცა წვებოდა ხოლმე თავისი ძმის ცოლთან, თესლს მიწაზე ღვრიდა, რათა ძმისთვის შთამომავლობა არ აღედგინა.+ 10 ბოროტებას სჩადიოდა ონანი იეჰოვას თვალში; ამიტომ არც ის აცოცხლა ღმერთმა.+ 11 იუდამ თამარს, თავის რძალს, უთხრა: „იცხოვრე მამაშენის სახლში როგორც ქვრივმა, სანამ ჩემი ვაჟი შელა გაიზრდება“; თავისთვის ამბობდა, ესეც თავისი ძმებივით არ მოკვდესო.+ თამარიც წავიდა და ცხოვრობდა მამამისის სახლში.
12 გავიდა ხანი. მოკვდა იუდას ცოლი, შუას ასული,+ და გამოიგლოვა იგი იუდამ. ერთხელ იუდა თიმნაში+ ავიდა თავისი ცხვრის მპარსველებთან და წაიყოლა ადულამელი მეგობარი ხირა.+ 13 თამარს უთხრეს, შენი მამამთილი თიმნაში ადის ცხვრის გასაპარსადო. 14 გაიხადა მან ქვრივობის ტანსაცმელი, რიდე ჩამოიფარა, თავშალი მოიხვია და თიმნის გზაზე მდებარე ენაიმის შესასვლელთან დაჯდა, რადგან გაიზარდა შელა და მამამისმა მას თამარი არ მოუყვანა ცოლად.+
15 დაინახა იგი იუდამ; მეძავი ეგონა, რადგან სახე დაფარული ჰქონდა. 16 გზიდან გადავიდა და სთხოვა: „დავწვები შენთან“. არ იცოდა, რომ მისი რძალი+ იყო. თამარმა ჰკითხა: „სანაცვლოდ რას მომცემ?“ 17 მან მიუგო: „თიკანს გამოგიგზავნი ჩემი ფარიდან“. ქალმა ჰკითხა: „გირაოდ რას მომცემ, სანამ თიკანს გამომიგზავნი?“ 18 მანაც ჰკითხა: „რა მოგცე?“ ქალმა მიუგო: „შენი ბეჭედი*,+ ზონარი და ჯოხი, ხელში რომ გიჭირავს“. იუდამაც მისცა, დაწვა მასთან და დაორსულდა იგი. 19 ადგა ქალი და წავიდა. მოიხსნა თავშალი და ისევ ქვრივობის ტანსაცმელი ჩაიცვა.
20 იუდამ თავისი ადულამელი მეგობრის+ ხელით თიკანი გაუგზავნა იმ ქალს, რომ გირაო გამოერთმია, მაგრამ მან ვერ იპოვა იგი. 21 იქაურებს მისი ადგილსამყოფელი ჰკითხა: „სად არის ტაძრის მეძავი, ენაიმში გზაზე რომ იჯდა?“ მათ მიუგეს: „აქ ტაძრის მეძავი არასოდეს ყოფილა“. 22 ბოლოს დაბრუნდა იუდასთან და უთხრა: „ვერ ვიპოვე; იქაურებმაც მითხრეს, აქ ტაძრის მეძავი არასოდეს ყოფილაო“. 23 იუდამ უთხრა: „ჰქონდეს რაცა აქვს, ნუღარ მოვძებნით, რომ არ შევრცხვეთ. მე ხომ გავუგზავნე თიკანი, მაგრამ შენ ვერ იპოვე“.
24 სამი თვის შემდეგ იუდას შეუთვალეს, უმეძავია შენს რძალს, თამარს, და დაორსულებულაო. იუდამ თქვა: „გამოიყვანეთ და დაწვით“.+ 25 როცა გამოჰყავდათ, მან თავის მამამთილს შეუთვალა: „იმ კაცისგანა ვარ ორსულად, ვისაც ესენი ეკუთვნის. ნახე, ვისია ეს ბეჭედი, ზონარი და ჯოხი“.+ 26 იცნო იუდამ თავისი ნივთები და თქვა: „ის ჩემზე მართალია, რადგან არ მოვუყვანე ცოლად იგი ჩემს ვაჟს, შელას“.+ მას შემდეგ აღარ დაწოლილა მასთან.
27 მშობიარობის დროს აღმოჩნდა, რომ თამარს ტყუპები ჰყავდა მუცელში. 28 როცა მშობიარობდა, ერთმა ხელი გამოყო; ბებიაქალმა მაშინვე აიღო ალისფერი ძაფი და ხელზე შეაბა, თქვა, ეს პირველი გამოვიდაო. 29 როგორც კი ბავშვმა ხელი უკან წაიღო, მისი ძმა გამოვიდა. ბებიაქალმა წამოიძახა: „ზღუდე გამოარღვია“. ამიტომ მას ფერეცი*+ დაარქვეს. 30 შემდეგ მისი ძმა გამოვიდა, რომელსაც ხელზე ალისფერი ძაფი ჰქონდა შებმული. მას ზერახი+ დაარქვეს.