დაბადება
26 იმ შიმშილობის შემდეგ, აბრაამის დროს რომ იყო, კიდევ ერთხელ ჩამოვარდა შიმშილობა იმ მიწაზე;+ ამიტომ ისაკი გერარში ფილისტიმელთა მეფე აბიმელექთან ჩავიდა. 2 გამოეცხადა იეჰოვა მას და უთხრა: «არ წახვიდე ეგვიპტეში. იმ მიწაზე იცხოვრე, რომელსაც გიჩვენებ. 3 შეეხიზნე ამ მიწას,+ მე ვიქნები შენთან და გაკურთხებ; შენ და შენს შთამომავალს მოგცემთ მთელ ამ მიწას+ და შევასრულებ მამაშენისთვის, აბრაამისთვის, მიცემულ ფიცს:+ 4 „ცის ვარსკვლავებივით გავამრავლებ შენს შთამომავალს,+ მას მივცემ მთელ ამ მიწას+ და დედამიწის ყველა ერი შენი შთამომავლის მეშვეობით იკურთხება“,+ 5 რადგან აბრაამი მემორჩილებოდა და ასრულებდა ჩემს მოთხოვნებს, ბრძანებებს, წესებსა და კანონებს».+ 6 ისაკი გერარში+ დასახლდა.
7 იქაური კაცები ეკითხებოდნენ მას რებეკაზე, ვინ არისო, ის კი პასუხობდა, ჩემი დააო,+ რადგან ეშინოდა, ეთქვა, ჩემი ცოლიაო; ამბობდა, მომკლავენო აქაურები რებეკას გამო, ვინაიდან ლამაზი იყო იგი.+ 8 გავიდა დრო. ერთხელ, როცა ფილისტიმელთა მეფე აბიმელექი სარკმლიდან იყურებოდა, დაინახა, რომ ისაკი რებეკას, თავის ცოლს, ეალერსებოდა.+ 9 მაშინვე მოუხმო აბიმელექმა ისაკს და უთხრა: „ეგ ქალი შენი ცოლი ყოფილა და რატომ თქვი, ჩემი დააო?“ ისაკმა მიუგო: „მეშინოდა, არ მომკლან-მეთქი მისი გულისთვის“.+ 10 აბიმელექმა უთხრა: „ეს რა გვიყავი?!+ ხომ შეიძლებოდა, ჩემი ხალხიდან ვიღაცა დაწოლილიყო მასთან! ხომ გაგვხვევდი ცოდვაში!“+ 11 ამის შემდეგ აბიმელექმა ხალხი გააფრთხილა, ამ კაცს და მის ცოლს ხელი არ ახლოთ, თორემ სიკვდილი არ აგცდებათო.
12 დაიწყო ისაკმა თესვა იმ მიწაზე და იმ წელს მოსავალი ერთი ასად აიღო, რადგან იეჰოვა კურთხევას არ აკლებდა.+ 13 გამდიდრდა ისაკი. უფრო და უფრო მეტ ქონებას აგროვებდა; დიდი სიმდიდრე დააგროვა. 14 ჰყავდა ცხვრის ფარა, საქონელი და მსახურები.+ შეშურდათ მისი ფილისტიმელებს.
15 ფილისტიმელებმა მამამისის, აბრაამის, მსახურთა მიერ ამოთხრილი ჭები მიწით ამოავსეს.+ 16 აბიმელექმა ისაკს უთხრა: „გაეცალე აქაურობას, რადგან მეტისმეტად გაძლიერდი“. 17 წავიდა ისაკი, დაბანაკდა გერარის+ ხევში და იქ ცხოვრობდა. 18 ხელახლა დაიწყო მან იმ ჭების ამოთხრა, რომლებიც აბრაამის დროს იყო ამოთხრილი და რომლებიც აბრაამის სიკვდილის შემდეგ ფილისტიმელებმა ამოავსეს.+ ისაკმა ჭებს კვლავ ის სახელები უწოდა, თავის დროზე აბრაამმა რომ დაარქვა.+
19 ერთხელ ისაკის მსახურები ხევში ჭას თხრიდნენ და სუფთა წყლის ჭას მიაგნეს. 20 გერარელმა მწყემსებმა დავა დაუწყეს ისაკის მწყემსებს: „ჩვენი წყალია!“ ამიტომ ისაკმა იმ ჭას ესეკი* უწოდა, რადგან იქ ეკამათებოდნენ მას. 21 მსახურებმა კიდევ ერთი ჭის ამოთხრა დაიწყეს, მაგრამ მასზეც დაუწყეს დავა; ამიტომ ისაკმა მას სიტნა* უწოდა. 22 წავიდა იქიდან და კიდევ ერთი ჭა ამოთხარა; ამ ჭაზე აღარ შედავებიან; ამიტომ იმ ჭას რეხობოთი* უწოდა და თქვა: „ვრცელი ადგილი მოგვცა იეჰოვამ და გაგვამრავლა ამ მიწაზე“.+
23 იქიდან იგი ბეერ-შებაში+ წავიდა. 24 იმ ღამით იეჰოვა გამოეცხადა ისაკს და უთხრა: „მე მამაშენის, აბრაამის, ღმერთი ვარ.+ ნუ გეშინია,+ რადგან შენთანა ვარ; გაკურთხებ და გავამრავლებ შენს შთამომავალს ჩემი მსახურის, აბრაამის გამო“.+ 25 ააგო ისაკმა სამსხვერპლო და მოუხმო იეჰოვას სახელს.+ გაშალა კარავი+ და მისმა მსახურებმა იქ ჭა ამოთხარეს.
26 ჩავიდა ისაკთან აბიმელექი გერარიდან; მას თან ახლდნენ მრჩეველი ახუზი და ჯარის მხედართმთავარი ფიქოლი.+ 27 ისაკმა უთხრა: „რატომ მოხვედით ჩემთან? თქვენ ხომ შემიძულეთ და გამომაძევეთ?!“ 28 მათ მიუგეს: «დავინახეთ, რომ მართლა შენთანაა იეჰოვა.+ ამიტომ ვთქვით: „დაიდოს ფიცი და შეთანხმება ჩვენ შორის,+ 29 რომ არაფერი დაგვიშავო; ჩვენც ხომ არაფერი დაგვიშავებია შენთვის, კარგად მოგექეცით და მშვიდობითაც გამოგიშვით! კურთხეული ხარ იეჰოვასგან“». 30 გაუმართა ისაკმა მათ ნადიმი და მათაც ჭამეს და სვეს. 31 დილით ადრე ადგნენ და შეჰფიცეს ერთმანეთს.+ გაუშვა ისინი ისაკმა და მშვიდობით წავიდნენ.
32 იმავე დღეს მოვიდნენ ისაკის მსახურები და უთხრეს, ჭა ამოვთხარეთ+ და წყალი ვიპოვეთო. 33 ისაკმა იმ ჭას შიბა დაარქვა. ამიტომაც ჰქვია იმ ქალაქს დღემდე ბეერ-შება.+
34 40 წლისა იყო ესავი, როცა ხეთელი ბეერის ასული იეჰუდითი და ხეთელი ელონის ასული ბასმათი მოიყვანა ცოლად.+ 35 სულს უმწარებდნენ ისინი ისაკსა და რებეკას.+