კანონი
8 „გულდასმით დაიცავით ყველა ის მცნება, რომელსაც დღეს გაძლევთ, რათა იცოცხლოთ,+ გამრავლდეთ და დაიმკვიდროთ ის მიწა, რომლის მიცემაც იეჰოვამ თქვენს მამა-პაპას ფიცით აღუთქვა.+ 2 გახსოვდეთ ის გრძელი გზა, რომელზეც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა, 40 წელი გატარათ უდაბნოში,+ რათა თქვენთვის თავმდაბლობა ესწავლებინა, გამოეცადეთ+ და გაეგო, რა გქონდათ გულში,+ დაიცავდით თუ არა მის მცნებებს. 3 ის თავმდაბლობას გასწავლიდათ იმით, რომ მშივრებს გატარებდათ+ და მერე მანანას გაჭმევდათ,+ რაც მანამდე არც თქვენ და არც თქვენს მამა-პაპას არ გქონდათ ნანახი, რათა გაეგებინებინა თქვენთვის, რომ კაცი მხოლოდ პურით კი არ ცოცხლობს, არამედ იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით.+ 4 მთელი 40 წელი ტანსაცმელი არ გაგცვეთიათ და ფეხები არ დაგსიებიათ.+ 5 კარგად უწყით, რომ როგორც მამა არიგებს თავის შვილს, ისე გარიგებდათ იეჰოვა, თქვენი ღმერთი.+
6 დაიცავით იეჰოვას, თქვენი ღვთის, მცნებები, მისი გზით იარეთ და გეშინოდეთ მისი. 7 შეგიყვანთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, მადლიან, წყალუხვ მიწაზე,+ სადაც მთასა თუ ბარში ნაკადულები და წყაროები მოედინება, 8 მიწაზე, სადაც ხორბალი, ქერი, ვაზი, ლეღვი, ბროწეული,+ ზეთისხილის ზეთი და თაფლია,+ 9 მიწაზე, სადაც არც საკვები მოგაკლდებათ და არც სხვა რამ, სადაც რკინანარევი ქვებია და მთებში სპილენძი მოიპოვება.
10 როცა შეჭამთ და გაძღებით, განადიდეთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, იმ მადლიანი მიწის გამო, რომელიც მოგცათ.+ 11 იფრთხილეთ, რომ არ დაივიწყოთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, და არ დაარღვიოთ მისი მცნებები, სამართალი და წესები, რომლებსაც დღეს გიბრძანებთ, 12 რათა, როცა შეჭამთ და გაძღებით, აიშენებთ სახლებს და იცხოვრებთ,+ 13 გაგიმრავლდებათ ცხვარ-ძროხა, ოქრო-ვერცხლი და ყველაფერი უხვად გექნებათ, 14 არ გადიდგულდეთ+ და არ დაივიწყოთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანათ ეგვიპტიდან, სადაც მონები იყავით,+ 15 რომელმაც გამოგატარათ დიდი და შიშის მომგვრელი უდაბნო,+ ხრიოკი და უწყლო მიწა, შხამიან გველებსა და მორიელებს შორის, რომელმაც გადმოგიჩქეფათ წყალი კაჟივით მაგარი კლდიდან,+ 16 რომელიც გკვებავდათ უდაბნოში მანანით,+ რაც თქვენს მამა-პაპას არ ჰქონდა ნანახი, რათა თავმდაბლობა ესწავლებინა თქვენთვის+ და გამოეცადეთ თქვენსავე საკეთილდღეოდ.+ 17 თუ გულში იტყვით, ეს სიმდიდრე ჩვენი ძალითა და ჩვენი მარჯვენით მოვიპოვეთო,+ 18 არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი ღმერთი იეჰოვა გაძლევთ ძალას სიმდიდრის მოსაპოვებლად,+ რათა დაიცვას თავისი შეთანხმება, რომელიც თქვენს მამა-პაპას ფიცით აღუთქვა, რაც ასეცაა.+
19 გაფრთხილებთ, რომ, თუ დაივიწყებთ იეჰოვას, თქვენს ღმერთს, სხვა ღმერთებს სცემთ თაყვანს და პირქვე დაემხობით მათ წინაშე, მოისპობით.+ 20 თუ არ დაემორჩილებით იეჰოვას, თქვენს ღმერთს, იეჰოვა თქვენც ისევე მოგიღებთ ბოლოს, როგორც იმ ხალხებს, რომელთაც თქვენ თვალწინ ანადგურებს“.+