კანონი
11 „გიყვარდეთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი,+ ყოველთვის შეასრულეთ თქვენი ვალდებულება მის წინაშე და დაიცავით მისი წესები, სამართალი და მცნებები. 2 თქვენ მოგმართავთ და არა თქვენს ვაჟებს, რომელთაც არ იციან და არ უნახავთ იეჰოვას, თქვენი ღვთის, სიდიადე,+ ძლიერი ხელი+ და გაწვდილი მკლავი და ის, თუ როგორ გარიგებდათ;+ 3 არც ის სასწაულები და საქმეები უნახავთ, რაც მან ეგვიპტის მეფის, ფარაონის წინაშე მთელ მის მიწაზე მოიმოქმედა;+ 4 არც ის უნახავთ, რა დამართა ეგვიპტის ჯარს, ფარაონის ცხენებსა და საომარ ეტლებს; როგორ შთაინთქნენ წითელ ზღვაში, როცა მოგდევდნენ; იეჰოვამ მოუღო მათ ბოლო.+ 5 არც ის უხილავთ, როგორ გეპყრობოდათ უდაბნოში, ვიდრე აქ მოგიყვანდათ, 6 არც ის, რაც დათანსა და აბირამს დამართა, რეუბენის შთამომავლის, ელიაბის, ვაჟებს, როცა მიწამ პირი დააღო და ისრაელთა თვალწინ ჩაყლაპა ისინი, მათი სახლეულობა, კარვები და ყველა სულდგმული.+ 7 თქვენ საკუთარი თვალით ნახეთ ის დიდებული საქმეები, რაც იეჰოვამ მოიმოქმედა.
8 დაიცავით მცნებები, რომლებსაც დღეს გიბრძანებთ, რათა გაძლიერდეთ, შეხვიდეთ იმ მიწაზე და დაეპატრონოთ მას, 9 დღეგრძელნი იყოთ იმ მიწაზე,+ სადაც რძე და თაფლი მოედინება,+ რომლის მიცემაც იეჰოვამ თქვენს მამა-პაპასა და მათ შთამომავლებს ფიცით აღუთქვა.+
10 ის მიწა, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ, ეგვიპტის მიწას არ ჰგავს, საიდანაც გამოხვედით, სადაც თესავდით თესლს და მძიმედ შრომობდით, რომ მთელი მიწა ისე მოგერწყოთ*, როგორც ბოსტნები ირწყვება. 11 ის ქვეყანა, რომლის დასაპატრონებლადაც მიდიხართ, მთაგორიანია,+ ციდან წამოსული წვიმის წყლით საზრდოობს.+ 12 ამ მიწაზე იეჰოვა, შენი ღმერთი, ზრუნავს. იეჰოვას, შენს ღმერთს, წლიდან წლამდე უჭირავს თვალი მასზე.
13 თუ გულისყურით დაიცავთ ჩემს მცნებებს, რომლებსაც დღეს გიბრძანებთ, გეყვარებათ იეჰოვა, თქვენი ღმერთი და ემსახურებით მას მთელი სულითა და გულით,+ 14 დროულად მოგივლენთ წვიმას თქვენი მიწისთვის, შემოდგომისა და გაზაფხულის წვიმებს, მოიწევთ მარცვლეულს, გექნებათ ღვინო და ზეთი.+ 15 აღმოვაცენებ მცენარეულობას მინდორში თქვენი პირუტყვისთვის. საკვები თქვენც უხვად გექნებათ.+ 16 იფრთხილეთ, რომ არ ცდუნდეთ, არ გადაუხვიოთ გზიდან, თაყვანი არ სცეთ სხვა ღმერთებს და პირქვე არ დაემხოთ მათ წინაშე,+ 17 თორემ განგირისხდებათ იეჰოვა, ცას დაგიხშობთ და აღარ გაწვიმდება,+ მოსავალს ვერ მოიწევთ და მალევე დაიხოცებით იმ მადლიან მიწაზე, რომელსაც იეჰოვა გაძლევთ.+
18 სულსა და გულში ჩაიბეჭდეთ ჩემი სიტყვები, ხელზე შეიბით და შუბლზე გაიკეთეთ, რომ გახსოვდეთ.+ 19 ასწავლეთ თქვენს შვილებს და ელაპარაკეთ მათზე სახლში ყოფნისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას.+ 20 დააწერეთ სახლის კარის წირთხლებსა და ჭიშკრებს, 21 რათა თქვენ და თქვენმა შთამომავლებმა იმ მიწაზე, რომლის მიცემაც იეჰოვამ თქვენს მამა-პაპას ფიცით აღუთქვა,+ იმდენ ხანს იცოცხლოთ, რამდენ ხანსაც ცა იარსებებს დედამიწის ზემოთ.+
22 თუ გულმოდგინედ დაიცავთ მცნებებს, რომელსაც გიბრძანებთ, გეყვარებათ იეჰოვა, თქვენი ღმერთი,+ ივლით მისი გზით და უერთგულებთ მას,+ 23 იეჰოვა მოგაშორებთ ყველა ერს;+ თქვენ გააძევებთ თქვენზე ძლიერ და მრავალრიცხოვან ერებს.+ 24 ყველა ადგილი, სადაც ფეხს დადგამთ, თქვენი იქნება.+ თქვენი საზღვარი იქნება უდაბნოდან ლიბანამდე, მდინარე ევფრატიდან დასავლეთის ზღვამდე*.+ 25 წინ ვერავინ აღგიდგებათ.+ თქვენდამი შიშს მოჰგვრის იეჰოვა, თქვენი ღმერთი, მთელ იმ მიწას, რომელზეც გაივლით,+ როგორც დაგპირდათ.
26 აირჩიეთ ან კურთხევა ან წყევლა.+ 27 კურთხეულნი იქნებით, თუ დაემორჩილებით იეჰოვას, თქვენი ღვთის, მცნებებს, რომელთაც დღეს გიბრძანებთ,+ 28 და — დაწყევლილნი, თუ არ დაემორჩილებით იეჰოვას, თქვენი ღვთის, მცნებებს,+ გადაუხვევთ იმ გზიდან, რომელზე სიარულსაც დღეს გიბრძანებთ, და თაყვანს სცემთ სხვა ღმერთებს, რომლებსაც არ იცნობთ.
29 როცა შეგიყვანთ იეჰოვა იმ მიწაზე და დაეპატრონებით მას, კურთხევა გერიზიმის მთაზე წარმოთქვით, ხოლო წყევლა — ებალის მთაზე.+ 30 ეს მთები იორდანის დასავლეთითაა, ქანაანელთა მიწაზე, რომლებიც არაბაში ცხოვრობენ, გილგალის მოპირდაპირედ, მორეს დიდ ხეებთან.+ 31 გადაკვეთთ იორდანეს, შეხვალთ იმ მიწაზე, რომელსაც თქვენი ღმერთი იეჰოვა გაძლევთ, და დაეპატრონებით მას.+ როდესაც დაიმკვიდრებთ იმ მიწას და იქ იცხოვრებთ, 32 გულდასმით შეასრულეთ ის წესები და სამართალი, რასაც დღეს გაძლევთ“.+