რიცხვები
20 მივიდა მთელი ისრაელი პირველ თვეს ცინის უდაბნოში და კადეშში+ გაჩერდა. მოკვდა იქ მირიამი+ და დამარხეს.
2 წყალი არ ჰქონდათ ისრაელებს;+ შეიკრიბნენ ისინი მოსესა და აარონის წინააღმდეგ. 3 მათ დავა დაუწყეს მოსეს:+ „ნეტავ ჩვენს ძმებთან ერთად დავხოცილიყავით იეჰოვას წინაშე! 4 იმიტომ მოგვიყვანე უდაბნოში იეჰოვას ხალხი, რომ დაგვხოცო ჩვენც და ჩვენი პირუტყვიც?!+ 5 რატომ გამოგვიყვანე ეგვიპტიდან და რატომ მოგვიყვანე ამ უვარგის მიწაზე?!+ აქ არც სათესი ადგილია, არც ლეღვი, არც ვაზი, არც ბროწეული და არც სასმელი წყალი“.+ 6 მოსცილდნენ ხალხს მოსე და აარონი, მივიდნენ შეხვედრის კარვის შესასვლელთან და პირქვე დაემხვნენ. გამოეცხადა მათ იეჰოვას სიდიადე.+
7 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 8 „აიღე ჯოხი და შენ და შენმა ძმამ აარონმა ხალხს მოუხმეთ. მათ თვალწინ უთხარით კლდეს, რომ წყალი მოგცეთ; გადმოვა კლდიდან წყალი და ხალხიც დალევს და პირუტყვიც“.+
9 აიღო მოსემ ჯოხი იეჰოვას წინაშე,+ როგორც ნაბრძანები ჰქონდა. 10 კლდესთან მოიხმეს ხალხი მოსემ და აარონმა. მოსემ მათ მიმართა: „მომისმინეთ, თქვე ურჩებო! გინდათ, გადმოგიდინოთ კლდიდან წყალი?“+ 11 აღმართა მოსემ ხელი, ჯოხი კლდეს ორჯერ დაჰკრა და გადმოსკდა იქიდან წყალი; წყალი ხალხმაც დალია და პირუტყვმაც.+
12 იეჰოვამ მოსესა და აარონს უთხრა: „რადგან არ მერწმუნეთ და არ განმწმინდეთ ისრაელთა თვალში, ვეღარ შეიყვანთ ამ ხალხს იმ ქვეყანაში, რომელსაც მათ მივცემ“.+ 13 ეს არის მერიბას* წყალი;+ ამ ადგილას ედავებოდნენ ისრაელები იეჰოვას, და განიწმინდა იგი მათ შორის.
14 შემდეგ მოსემ კადეშიდან ედომის მეფეს+ მაცნეები გაუგზავნა და დააბარა: «აი, რას გითვლის შენი ძმა ისრაელი:+ „კარგად იცი, რა გადავიტანეთ. 15 ჩვენი მამა-პაპა ეგვიპტეში ჩავიდა+ და იქ მრავალი წელი ცხოვრობდა.+ ეგვიპტელები ცუდად გვეპყრობოდნენ ჩვენც და ჩვენს მამა-პაპასაც.+ 16 ბოლოს შევღაღადეთ იეჰოვას+ და მანაც შეისმინა ჩვენი ვედრება; ანგელოზი+ გამოგვიგზავნა და ეგვიპტიდან გამოგვიყვანა. ახლა კადეშში ვართ, შენი ქვეყნის საზღვართან მდებარე ქალაქში. 17 გაგვატარე შენს მიწაზე; არც ყანებზე გავივლით და არც ვენახებზე, არცერთი ჭიდან არ დავლევთ წყალს. სამეფო გზით წავალთ, არც მარჯვნივ გადავუხვევთ და არც მარცხნივ, სანამ შენი ქვეყნიდან არ გავალთ“».+
18 ედომმა მოსეს შემოუთვალა: „არ გაიარო ჩემს მიწაზე, თორემ მახვილით დაგხვდები!“ 19 ისრაელებმა შეუთვალეს: „მთავარი გზით წავალთ და, თუ შენს წყალს დავლევთ ჩვენ ან ჩვენი პირუტყვი, აგინაზღაურებთ.+ მხოლოდ გაგვატარე, მეტი არაფერი გვინდა“.+ 20 მან კი შემოუთვალა: „არ გაგატარებთ!“+ გაემართა ედომი მათთან დასახვედრად დიდი და ძლიერი ლაშქრით. 21 არ გაატარა ედომმა ისრაელი თავის მიწაზე და გაბრუნდა ისრაელი.+
22 დაიძრა კადეშიდან მთელი ისრაელი და მიადგა ჰორის მთას.+ 23 იეჰოვამ მოსესა და აარონს ჰორის მთასთან, ედომის მიწის საზღვართან, უთხრა: 24 „აარონი თავის ხალხს შეუერთდება*+ და ვერ შევა იმ ქვეყანაში, რომელსაც ისრაელებს მივცემ, ვინაიდან არ დაემორჩილეთ ჩემს ბრძანებას მერიბას წყალთან.+ 25 აიყვანე აარონი და მისი ვაჟი ელეაზარი ჰორის მთაზე. 26 გახადე აარონს სამოსელი+ და ჩააცვი მის ვაჟს, ელეაზარს,+ აარონი კი იქ მოკვდება“.
27 მოსეც იეჰოვას ბრძანებისამებრ მოიქცა; მთელი ხალხის თვალწინ ავიდნენ ისინი ჰორის მთაზე. 28 გახადა მოსემ აარონს სამოსელი და მის ვაჟს, ელეაზარს, ჩააცვა. მოკვდა აარონი იქ, მთის წვერზე.+ ჩამოვიდნენ მთიდან მოსე და ელეაზარი. 29 მიხვდა ხალხი, რომ მომკვდარიყო აარონი. 30 დღე გლოვობდა აარონს ისრაელის მთელი კრებული.+