მატიანე — წიგნი მეორე
17 ასას შემდეგ მისი ვაჟი იეჰოშაფატი+ გამეფდა. განიმტკიცა მან მეფობა ისრაელში. 2 ჯარი ჩააყენა იუდას გამაგრებულ ქალაქებში და საგუშაგოები განალაგა მთელ იუდაში, აგრეთვე მამამისის, ასას მიერ დაპყრობილ ეფრემის ქალაქებში.+ 3 იეჰოვა იყო იეჰოშაფატთან, რადგან თავისი წინაპარი დავითივით იქცეოდა+ და არ ემსახურებოდა ბაალის კერპებს. 4 მამამისის ღმერთს ემსახურებოდა ის,+ ღვთის მცნებებს იცავდა და არ იქცეოდა ისრაელის მსგავსად.+ 5 იეჰოვა განამტკიცებდა მის სამეფოს;+ მთელ იუდას მიჰქონდა იეჰოშაფატთან ძღვენი, ისიც მდიდრდებოდა და დიდებას იხვეჭდა.+ 6 იგი გაბედულად დადიოდა იეჰოვას გზით; სათაყვანო მაღლობებიცა და სათაყვანო ბოძებიც კი მოსპო იუდაში.+
7 თავისი მეფობის მე-3 წელს მოიხმო მან მთავრები — ბენ-ხაილი, ობადია, ზაქარია, ნეთანელი და მიქაია, რათა ესწავლებინათ მათ იუდას ქალაქებში. 8 მათ თან ახლდნენ ლევიანები: შემაია, ნეთანია, ზებადია, ასაჰელი, შემირამოთი, იეჰონათანი, ადონია, ტობია და ტობ-ადონია, აგრეთვე მღვდლები — ელიშამა და იეჰორამი.+ 9 დაიწყეს მათ ხალხის განსწავლა, თან დაჰქონდათ იეჰოვას კანონის წიგნი+ და ასწავლიდნენ ხალხს იუდას ქალაქებში.
10 იეჰოვას შიშს შეეპყრო ყველა სამეფო იუდას მეზობლად და არ ებრძოდნენ იეჰოშაფატს. 11 ფილისტიმელებმა იეჰოშაფატს ძღვენი და ხარკი მიართვეს, არაბებმაც 7 700 ვერძი და 7 700 ვაცი მიუყვანეს.
12 სულ უფრო და უფრო მეტ ძალაუფლებას იხვეჭდა იეჰოშაფატი;+ აშენებდა ციხესიმაგრეებსა+ და სამარაგო ქალაქებს+ იუდაში. 13 იგი დიდ საქმეებს იყო შეჭიდებული იუდას ქალაქებში; იერუსალიმში მას მეომრები, მამაცი მებრძოლები, ჰყავდა. 14 ისინი საგვარეულოების მიხედვით იყვნენ დაყოფილნი: იუდადან ათასისთავები — მეთაური ადნაჰი, რომელთან ერთადაც იყო 300 000 მამაცი მეომარი;+ 15 მას ემორჩილებოდა მეთაური იეჰოხანანი, რომელთან ერთადაც იყო 280 000 კაცი; 16 მას ემორჩილებოდა ამასიაც, ზიქრის ძე, რომელიც საკუთარი სურვილით ემსახურებოდა იეჰოვას და რომელთანაც 200 000 მამაცი მეომარი იყო; 17 ბენიამინიდან+ იყო ელიადა, მამაცი მეომარი, რომელთან ერთადაც მშვილდებითა და ფარებით აღჭურვილი 200 000 კაცი იყო;+ 18 მას ემორჩილებოდა იეჰოზაბადი, რომელთან ერთადაც 180 000 საომრად აღჭურვილი მეომარი იყო. 19 ესენიც მეფის სამსახურში იყვნენ მათთან ერთად, ვინც მეფეს მთელ იუდაში, გამაგრებულ ქალაქებში დაეყენებინა.+