33 სიხარულით იყიჟინეთ, მართლებო, იეჰოვას გამო!+
მართლებს შეჰფერით მისი ქება.
2 მადლობა უძღვენით იეჰოვას ქნარით,
ათსიმიანი საკრავით უგალობეთ.
3 უმღერეთ მას ახალი საგალობელი,+
მარჯვედ ჩამოჰკარით სიმებს და სიხარულით შესძახეთ,
4 ვინაიდან მართალია იეჰოვას სიტყვა+
და ყველა მისი საქმე საიმედოა.
5 სიმართლისა და სამართლიანობის მოყვარულია იგი.+
სავსეა დედამიწა იეჰოვას სიკეთით.+
6 იეჰოვას სიტყვით შეიქმნა ზეცა+
და მისი ბაგის მონაბერით — ყოველივე მასში არსებული.
7 შეაკავა ზღვის წყლები, თითქოს ჯებირებით,+
საცავებში მოათავსა აზვირთებული წყალი.
8 მთელ დედამიწას ეშინოდეს იეჰოვასი,+
მისი შიში ჰქონდეთ მიწის მკვიდრთ.
9 მან თქვა და გაჩნდა,+
ბრძანა და შესრულდა.+
10 იეჰოვამ ჩაუშალა ერებს ზრახვები,+
მან ჩაუფუშა ხალხებს ჩანაფიქრი.+
11 იეჰოვას განზრახვა კი მარადიულია,+
მისი გულის ზრახვები უცვლელია თაობიდან თაობაში.
12 ბედნიერია ერი, რომლის ღმერთიც იეჰოვაა,+
ხალხი, რომელიც მან თავის საკუთრებად ამოირჩია.+
13 ზეციდან იყურება იეჰოვა,
ხედავს ყველა ადამიანს.+
14 თავისი სამყოფლიდან აკვირდება დედამიწის მკვიდრთ.
15 ის აწრთობს ყოველი მათგანის გულს,
უკვირდება მათ ყოველ საქმეს.+
16 მეფეს ვერ იხსნის დიდი ჯარი+
და ვერც ვაჟკაცს იხსნის თავისი ძლიერება.+
17 გამარჯვების იმედს გაუმტყუნებს კაცს ცხენი,+
ვერ გადაარჩენს მას მისი სიძლიერე.
18 იეჰოვა თვალყურს ადევნებს თავის მოშიშებს,+
მათ, ვინც მისგან სიკეთეს მოელის,
19 რათა სიკვდილისგან იხსნას ისინი
და შიმშილობისას სიცოცხლე შეუნარჩუნოს მათ.+
20 იეჰოვას მოველით,
ის არის ჩვენი შემწე და ფარი.+
21 მისით ხარობს ჩვენი გული,
რადგან მის წმინდა სახელზე ვართ მინდობილი.+
22 ნუ მოგვაკლდება შენი სიკეთე, იეჰოვა,+
შენს მოლოდინში.+