ლევიანები
11 იეჰოვამ მოსესა და აარონს უთხრა: 2 «გადაეცით ისრაელებს: „აი, ხმელეთის ბინადართაგან რომელი ცოცხალი არსებები გეჭმებათ:+ 3 ყველა ცხოველი, რომელსაც ჩლიქი გაყოფილი აქვს და იცოხნის, გეჭმებათ.
4 მაგრამ ის ცხოველები, რომლებიც მხოლოდ იცოხნიან ან მხოლოდ გაყოფილი ჩლიქი აქვთ, არ გეჭმებათ. აქლემი იცოხნის, თუმცა ჩლიქი გაყოფილი არა აქვს; ის უწმინდური იქნება თქვენთვის.+ 5 დამანი+ იცოხნის, თუმცა ჩლიქი გაყოფილი არა აქვს; ის უწმინდური იქნება თქვენთვის. 6 კურდღელი იცოხნის, თუმცა ჩლიქი გაყოფილი არა აქვს; ის უწმინდური იქნება თქვენთვის. 7 ღორი+ არ იცოხნის, თუმცა ჩლიქი გაყოფილი აქვს; ის უწმინდური იქნება თქვენთვის. 8 არ ჭამოთ მათი ხორცი და არ შეეხოთ მათ ლეშს. ისინი უწმინდურნი იქნებიან თქვენთვის.+
9 წყლების — ზღვებისა და მდინარეების — ბინადართაგან ყველაფერი გეჭმებათ, რომლებსაც ფარფლი და ქერცლი აქვთ.+ 10 ზღვებისა და მდინარეების ყველა ბინადარი — დიდი თუ პატარა ცოცხალი არსებები — რომლებსაც ფარფლი და ქერცლი არა აქვთ, უწმინდური იქნება თქვენთვის. 11 შეიზიზღეთ ისინი, არ ჭამოთ მათი ხორცი+ და შეიზიზღეთ მათი ლეში. 12 წყლის ყველა ბინადარი, რომელსაც ფარფლი და ქერცლი არა აქვს, საზიზღარი იქნება თქვენთვის.
13 აი, ეს ფრინველები შეიზიზღეთ და არ ჭამოთ: არწივი,+ ფსოვი და შავი სვავი,+ 14 წითელი და შავი ძერა, 15 არცერთი სახეობის ყორანი, 16 სირაქლემა, ბუ, თოლია და არცერთი სახეობის შევარდენი, 17 ჭოტი, ჩვამა, ბუკიოტი, 18 გედი, ვარხვი, სვავი, 19 ყარყატი, არცერთი სახეობის ყანჩა, ოფოფი და ღამურა. 20 ნებისმიერი სახეობის ოთხზე მოსიარულე მწერი უწმინდური იქნება თქვენთვის.
21 ოთხზე მოსიარულე მწერებიდან მხოლოდ ისინი გეჭმებათ, რომლებსაც სხვა ფეხებიც აქვთ მიწაზე სახტომად. 22 მათგან გეჭმებათ: სხვადასხვა სახეობის გადამფრენი კალია, საჭმელად ვარგისი სხვა კალიები,+ მათ შორის კუტკალია, და ჭრიჭინა. 23 დანარჩენი ოთხფეხა მწერები უწმინდური იქნება თქვენთვის; 24 ისინი გაგაუწმინდურებენ. ვინც ამ მკვდარ მწერებს შეეხება, საღამომდე გაუწმინდურებული იქნება;+ 25 ვინც ამ მკვდარ მწერებს წაიღებს, ტანსაცმელი გაირეცხოს;+ ის საღამომდე გაუწმინდურებული იქნება.
26 ყველა ცხოველი, რომელსაც ჩლიქი გაყოფილი აქვს, მაგრამ არ იცოხნის, უწმინდური იქნება თქვენთვის; ვინც მათ შეეხება, გაუწმინდურდება.+ 27 ყოველი ოთხფეხა ცოცხალი არსება, რომელიც თათებზე დადის, უწმინდური იქნება თქვენთვის; ვინც მათ ლეშს შეეხება, საღამომდე გაუწმინდურებული იქნება. 28 ვინც მათ ლეშს წაიღებს, ტანსაცმელი გაირეცხოს;+ ის საღამომდე გაუწმინდურებული იქნება.+ ისინი თქვენთვის უწმინდურნი იქნებიან.
29 ხმელეთის პატარა არსებებიდან თქვენთვის უწმინდურია: ბრუცა, თაგვი,+ ნებისმიერი სახეობის ხვლიკი: 30 გეკონი, ვარანი, ტრიტონი, უდაბნოს ხვლიკი და ქამელეონი. 31 პატარა არსებებიდან ესენი არიან თქვენთვის უწმინდურნი.+ ვინც მათ ლეშს შეეხება, საღამომდე გაუწმინდურებული იქნება.+
32 თუ ამათგან რომელიმეს ლეში შეეხება ხის ჭურჭელს, ტანსაცმელს, ტყავსა თუ ჯვალოს, გაუწმინდურდება. ჭურჭელი უნდა გაირეცხოს; ის საღამომდე გაუწმინდურებული იქნება, შემდეგ კი განიწმინდება. 33 თუ რომელიმე მათგანი თიხის ჭურჭელში ჩავარდება, ჭურჭელი უნდა დაიმსხვრეს. ყველაფერი, რაც ჭურჭელში იქნება, გაუწმინდურდება.+ 34 თუ ამ ჭურჭლიდან წყალი საკვებს დაესხმება, გაუწმინდურდება; ნებისმიერი სასმელი, რაც ამ ჭურჭელში იქნება, გაუწმინდურდება. 35 ყველაფერი, რასაც მათი ლეში შეეხება, გაუწმინდურდება; ღუმელი იქნება თუ ქურა უნდა დაიმსხვრეს; ისინი გაუწმინდურებულია და თქვენთვისაც უწმინდური იქნება. 36 არ გაუწმინდურდება მხოლოდ წყარო და წყალსატევი, მაგრამ ვინც ლეშს შეეხება, გაუწმინდურდება. 37 თუ ლეში დასათესად გამზადებულ თესლს შეეხება, თესლი სუფთა დარჩება. 38 თუ ლეში დამბალ თესლს შეეხება, თესლი უწმინდური იქნება თქვენთვის.
39 თუ საჭმელად ვარგისი პირუტყვი მოკვდება და ვინმე მის ლეშს შეეხება, საღამომდე გაუწმინდურებული იქნება.+ 40 ვინც მის ხორცს შეჭამს, ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს და საღამომდე გაუწმინდურებული იქნება.+ ვინც მის ლეშს წაიღებს, ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს; ის საღამომდე გაუწმინდურებული იქნება. 41 ხმელეთის ყველა პატარა არსება უწმინდურია;+ არ ჭამოთ. 42 მუცელზე მხოხავი არცერთი ქმნილება, არცერთი ოთხფეხა და ხმელეთის არცერთი პატარა მრავალფეხა ქმნილება არ გეჭმებათ, რადგან უწმინდური არსებები არიან.+ 43 არ წაიბილწოთ თავი პატარა არსებებით და არ გაუწმინდურდეთ.+ 44 მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი.+ განიწმინდეთ, წმინდები იყავით,+ რადგან წმინდა ვარ მე.+ თავი არ გაიუწმინდუროთ ხმელეთის პატარა ქმნილებებით. 45 მე ვარ იეჰოვა, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან, რომ თქვენი ღმერთი ვყოფილიყავი.+ იყავით წმინდები,+ რადგან წმინდა ვარ მე.+
46 ეს არის კანონი ცხოველებზე, ფრინველებზე და წყლის ბინადრებსა თუ ხმელეთის ყველა პატარა ცოცხალ არსებაზე, 47 რათა განასხვაოთ წმინდა უწმინდურისგან და საჭმელად ვარგისი ცოცხალი ქმნილება საჭმელად უვარგისი ქმნილებისგან“».+