რიცხვები
31 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 2 „შური იძიე+ მიდიანელებზე+ ისრაელების გამო; ამის შემდეგ შეუერთდები შენს ხალხს*“.+
3 მოსემ ხალხს მიმართა: „აღჭურვეთ კაცები საბრძოლველად, რათა შეასრულოთ იეჰოვას მითითება და შური იძიოთ მიდიანზე. 4 ისრაელის თითოეული ტომიდან 1 000 კაცი გაუშვით საომრად“. 5 ისრაელის თითოეული ტომიდან+ საბრძოლველად 1 000 კაცი აღიჭურვა, სულ — 12 000 კაცი.
6 გაგზავნა ისინი მოსემ საომრად, თითოეული ტომიდან 1 000 კაცი; მათ გააყოლა ფინხასი,+ ელეაზარ მღვდლის ვაჟი, რომელსაც ხელში წმინდა ჭურჭელი და საყვირები+ ეჭირა. 7 შეებრძოლნენ მიდიანს, როგორც იეჰოვას მოსესთვის ჰქონდა ნაბრძანები, და დახოცეს ყველა კაცი. 8 დახოცეს მიდიანის ხუთი მეფეც: ევი, რეკემი, ცური, ხური და რება. მახვილით მოკლეს ბალაამიც,+ ბეორის ძე. 9 ისრაელებმა ტყვედ წაასხეს მიდიანელი ქალები და ბავშვები, წაასხეს მთელი მათი პირუტყვიც, ცხვარ-ძროხა, და დაიტაცეს მათი ქონება. 10 გადაწვეს მათი საცხოვრებელი ქალაქები და ბანაკები. 11 წაიღეს მთელი ნადავლი და წაასხეს ხალხიცა და პირუტყვიც. 12 წაიყვანეს ტყვეები მოსესთან, ელეაზარ მღვდელთან და ისრაელებთან, რომლებიც იერიხონის მახლობლად, იორდანესთან, მოაბის ხრიოკ ველზე+ იყვნენ დაბანაკებულნი, და წაიღეს მთელი ნადავლი.
13 წავიდნენ მოსე, ელეაზარ მღვდელი და ისრაელის თავკაცები და ბანაკის გარეთ შეხვდნენ მათ. 14 განურისხდა მოსე ბრძოლიდან დაბრუნებულ ლაშქრის ათასისთავებსა და ასისთავებს 15 და უსაყვედურა: „რატომ დატოვეთ ყველა ქალი ცოცხალი?! 16 ამ ქალებმა ბალაამის სიტყვისამებრ ისრაელები ფეორის+ თაყვანისმცემლობაში ჩააბეს და იეჰოვას ჩამოაშორეს,+ რის გამოც იეჰოვას ხალხს უბედურება დაატყდა.+ 17 დახოცეთ ყველა ბიჭი და ის ქალები, რომლებიც კაცთან წოლილან. 18 მაგრამ ის გოგოები, რომლებიც კაცთან არ წოლილან, ცოცხალი დატოვეთ.+ 19 შვიდი დღე ბანაკის გარეთ დარჩით. ვინც კაცი მოკალით ან მოკლულს შეეხეთ,+ მესამე და მეშვიდე დღეს ყველანი განიწმინდეთ,+ თქვენც და თქვენი ტყვეებიც. 20 განწმინდეთ ცოდვისგან ტანსაცმელი, ტყავის ნივთები, ყველაფერი, რაც თხისურისგან არის დამზადებული, და ხის ნივთები“.
21 ელეაზარ მღვდელმა ბრძოლიდან დაბრუნებულ მეომრებს მიმართა: „აი, რა უბრძანა იეჰოვამ მოსეს: 22 ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, რკინა, კალა და ტყვია, 23 ყველაფერი, რაც ცეცხლით მუშავდება, ცეცხლში უნდა გაატაროთ და გასუფთავდება; ეს ყოველივე განმწმენდი წყლითაც უნდა განიწმინდოს.+ ის, რაც ცეცხლით არ მუშავდება, უნდა გაირეცხოს. 24 მეშვიდე დღეს გაირეცხეთ ტანსაცმელი და განიწმინდებით; ამის შემდეგ შეძლებთ ბანაკში შესვლას“.+
25 შემდეგ იეჰოვამ მოსეს უთხრა: 26 „შენ, ელეაზარ მღვდელმა და ისრაელის თავკაცებმა აღრიცხეთ ნადავლი, ტყვეები და წამოყვანილი პირუტყვი. 27 ნადავლი ორად გაყავი. ნაწილი იმათ მიეცი, ვინც საბრძოლველად იყო წასული, ნაწილი კი — დანარჩენ ისრაელებს.+ 28 იეჰოვასი იქნება საბრძოლველად წასული მეომრების წილიდან ყოველი მე-500 სული — ადამიანთაგან, ცხვარ-ძროხიდან და ვირებიდან. 29 აიღეთ ის მათი წილიდან და ელეაზარ მღვდელს მიეცით, როგორც შესაწირავი იეჰოვასთვის.+ 30 ისრაელების წილიდან კი გამოყავით ყოველი 50-ე სული — ადამიანთაგან, ცხვარ-ძროხიდან, ვირებიდან და ყოველი პირუტყვიდან — და გადაეცით ლევიანებს,+ რომლებიც იეჰოვასთვის კარვის მსახურებას ასრულებენ“.+
31 მოსემ და ელეაზარმა ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც იეჰოვას მოსესთვის ჰქონდა ნაბრძანები. 32 მებრძოლთა მიერ დატაცებული ნადავლიდან დარჩა 675 000 სული ცხვარი, 33 72 000 სული საქონელი 34 და 61 000 სული ვირი. 35 ტყვედ წამოყვანილი გოგოების რაოდენობამ, რომლებიც კაცთან არ წოლილან,+ 32 000 შეადგინა. 36 მეომრების წილი იყო 337 500 სული ცხვარი. 37 ამ ცხვრებიდან იეჰოვას წილი იყო 675 სული. 38 მათი წილი იყო 36 000 სული საქონელი, ხოლო აქედან იეჰოვას წილი — 72 სული. 39 მათი წილი იყო 30 500 სული ვირი, ხოლო აქედან იეჰოვას წილი — 61 სული. 40 მათი წილი იყო 16 000 ადამიანი, ხოლო ამათგან იეჰოვას წილი — 32 სული. 41 მისცა მოსემ იეჰოვას წილი ელეაზარ მღვდელს,+ როგორც იეჰოვას მოსესთვის ჰქონდა ნაბრძანები.
42 გამოაცალკევა მოსემ მებრძოლთა მიერ მოპოვებული ნადავლიდან ისრაელების კუთვნილი წილი. 43 მათი წილი იყო 337 500 სული ცხვარი, 44 36 000 სული საქონელი, 45 30 500 სული ვირი 46 და 16 000 ადამიანი. 47 მოსემ იეჰოვას ბრძანებისამებრ ისრაელის კუთვნილი წილიდან გამოყო ყოველი 50-ე სული — ადამიანთაგან და პირუტყვთაგან — და მიუყვანა ლევიანებს,+ რომლებიც იეჰოვასთვის კარვის მსახურებას ასრულებდნენ.+
48 მივიდნენ მოსესთან ლაშქრის ათასისთავები+ და ასისთავები 49 და უთხრეს: „აღვრიცხეთ შენმა მსახურებმა მეომრები, რომლებიც გვებარა, და არავინ აკლია.+ 50 მოდი, ვინც რა ვიპოვეთ, იეჰოვასთვის შესაწირავად მოვიტანოთ: ოქროს ნაკეთობანი, საკოჭე ძეწკვები, სამაჯურები, ბეჭდები*, საყურეები და სხვა სამკაულები იეჰოვას წინაშე ჩვენი დანაშაულის გამოსასყიდად“.
51 აიღეს მოსემ და ელეაზარ მღვდელმა მათგან ოქროს ნაკეთობანი, ყველა სამკაული. 52 ათასისთავებისა და ასისთავების მიერ იეჰოვასთვის შეწირული ოქრო 16 750 შეკელი* იყო. 53 თითოეულ მებრძოლს ნადავლი თავისთვისაც ჰქონდა წამოღებული. 54 გამოართვეს მოსემ და ელეაზარ მღვდელმა ოქრო ათასისთავებსა და ასისთავებს და შეხვედრის კარავში შეიტანეს ისრაელისთვის იეჰოვას წინაშე სამახსოვროდ.