გამოსვლა
25 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 2 „გადაეცი ისრაელებს, რომ შესაწირავი გაიღონ ჩემთვის; თითოეულმა ადამიანმა, ვინც გულით მოისურვებს, გაიღოს შესაწირავი.+ 3 აი, რა უნდა გაიღოთ შესაწირავად: ოქრო,+ ვერცხლი,+ სპილენძი,+ 4 ლურჯი ძაფი, იისფერი მატყლის ძაფი, ალისფერი ნართი, ძვირფასი სელის ძაფი, თხისური, 5 წითლად შეღებილი ვერძის ტყავი, სელაპის ტყავი, აკაციის ხე,+ 6 ზეთი ლამპრებისთვის,+ ბალზამი საცხები ზეთისა+ და სურნელოვანი საკმევლისთვის,+ 7 ონიქსის ქვები და სხვა ქვები ეფოდისა+ და სამკერდის+ გასაწყობად. 8 გამიკეთონ კარავი და მათ შორის დავივანებ.+ 9 ზუსტად იმ ნიმუშის მიხედვით გააკეთეთ კარავი და მთელი მისი მოწყობილობა, რომელსაც გიჩვენებ.+
10 აკაციის ხისგან გააკეთონ კიდობანი, სიგრძით ორწყრთა-ნახევარი*, სიგანით წყრთა-ნახევარი და სიმაღლითაც წყრთა-ნახევარი.+ 11 ხალასი ოქროთი მოავარაყე+ შიგნიდან და გარედან და ოქროს არშია შემოავლე.+ 12 ჩამოასხი 4 ოქროს რგოლი და დაამაგრე ოთხივე ფეხის ზემოთ, 2 რგოლი ერთ მხარეს დაამაგრე, 2 — მეორე მხარეს. 13 გააკეთე კეტები აკაციის ხისგან და ოქროთი მოავარაყე.+ 14 გაუყარე კეტები კიდობნის გვერდებზე მიმაგრებულ რგოლებში მის სატარებლად. 15 კეტები კიდობნის რგოლებში უნდა იყოს გაყრილი; არ გამოაძროთ.+ 16 ჩადე კიდობანში მოწმობის ფილები, რომლებსაც მოგცემ.+
17 გაუკეთე ხალასი ოქროს სახურავი, სიგრძით ორწყრთა-ნახევარი და სიგანით წყრთა-ნახევარი.+ 18 გამოჭედე 2 ოქროს ქერუბიმი სახურავის ორივე ბოლოზე დასამაგრებლად.+ 19 ქერუბიმები სახურავის ორივე ბოლოზე დაამაგრე. ერთი ქერუბიმი ერთ ბოლოზე დაამაგრე, მეორე — მეორე ბოლოზე. 20 ორივე ფრთა ზემოთ ჰქონდეთ აწვდილი და ფრთებით სახურავს ფარავდნენ;+ სახეები ერთმანეთისკენ ჰქონდეთ მიმართული და სახურავს დაჰყურებდნენ. 21 ჩადე კიდობანში მოწმობის ფილები, რომლებსაც მოგცემ, და სახურავი დააფარე.+ 22 იქ გამოგეცხადები ხოლმე და დაგელაპარაკები სახურავის ზემოთ,+ ორ ქერუბიმს შორის, რომლებიც მოწმობის კიდობანზე არიან დამაგრებულნი, და გეტყვი ყველაფერს, რაც ისრაელებს უნდა გადასცე.
23 გააკეთე აკაციის ხისგან მაგიდა,+ სიგრძით 2 წყრთა, სიგანით 1 წყრთა და სიმაღლით წყრთა-ნახევარი.+ 24 მოავარაყე ხალასი ოქროთი და ოქროს არშია შემოავლე. 25 შემოავლე ხელისგულის სიგანის სარტყელი, სარტყელს კი — ოქროს არშია. 26 გააკეთე 4 ოქროს რგოლი და მიამაგრე ოთხივე კუთხეზე ოთხივე ფეხთან. 27 კეტების გასაყრელი რგოლები სარტყელთან ახლოს უნდა იყოს მაგიდის სატარებლად. 28 კეტები აკაციის ხისგან გააკეთე და ოქროთი მოავარაყე. მაგიდა კეტებით ატარონ.
29 გააკეთე მაგიდისთვის ლანგრები, თასები, დოქები და ჯამები, საიდანაც დასაღვრელი შესაწირავი უნდა გადმოღვარონ. ეს ყველაფერი ხალასი ოქროსგან გააკეთე.+ 30 მაგიდაზე ყოველთვის ეწყოს ჩემ წინაშე წარსადგენი პური.+
31 გააკეთე ხალასი ოქროს სალამპრე.+ სალამპრე უნდა გამოჭედო. მისი ძირი, ღერო, რტოები, ჯამები, კვირტები და ყვავილები ერთიან ნაკეთობად გამოჭედე.+ 32 სალამპრის ღეროდან 6 რტო უნდა გამოდიოდეს, 3 რტო ერთი მხრიდან უნდა გამოდიოდეს, 3 — მეორე მხრიდან. 33 ერთ რტოზე უნდა იყოს ნუშის ყვავილის მსგავსი 3 ჯამი, კვირტები და ყვავილები მონაცვლეობით, მეორე რტოზეც ნუშის ყვავილის მსგავსი 3 ჯამი, კვირტები და ყვავილები მონაცვლეობით. ასე უნდა გამოდიოდეს სალამპრის ღეროდან 6 რტო. 34 სალამპრის ღეროზე უნდა იყოს ნუშის ყვავილის მსგავსი 4 ჯამი, კვირტები და ყვავილები მონაცვლეობით. 35 კვირტი უნდა იყოს ღეროდან გამოსული პირველი ორი რტოს ქვეშ, კვირტი უნდა იყოს მომდევნო ორი რტოს ქვეშ და კვირტი უნდა იყოს დარჩენილი ორი რტოს ქვეშაც, რადგან 6 რტო გამოდის ღეროდან. 36 კვირტები, რტოები და მთლიანად სალამპრე ხალასი ოქროს ერთიან ნაკეთობად უნდა გამოჭედო.+ 37 შვიდი ლამპარი გაუკეთე მას; როცა ლამპრები აინთება, წინა მხარე განათდება.+ 38 მისი მაშები და საცეცხლურები ხალასი ოქროსი უნდა იყოს.+ 39 სალამპრე და მთელი მისი მოწყობილობა 1 ტალანტი* ხალასი ოქროთი გაკეთდეს. 40 ყველაფერი იმ ნიმუშის მიხედვით გააკეთე, რომელიც მთაზე გიჩვენე“.+