სამუელი — წიგნი პირველი
9 ბენიამინის ტომში იყო ერთი კაცი, სახელად კიში.+ იგი იყო აბიელის ვაჟი, ცერორის ვაჟი, ბექორათის ვაჟი, აფიახის ვაჟი. ამ ბენიამინელ+ კაცს დიდძალი სიმდიდრე ჰქონდა. 2 ჰყავდა ვაჟი, სახელად საული,+ თვალტანადი ყმაწვილი; ისრაელებს შორის არავინ იყო მასავით თვალტანადი. იგი ერთი თავით მაღალი იყო ყველაზე.
3 ერთხელ საულის მამას, კიშს, ჭაკი ვირები დაეკარგა. მან თავის ვაჟს, საულს, სთხოვა, წაეყვანა რომელიმე მსახური და ვირები მოეძებნა. 4 ეძებეს ეფრემის მთიან მხარეში და შალიშის მიწაზე, მაგრამ ვირები ვერსად იპოვეს; შაალიმის მიწაზეც ეძებეს, მაგრამ ვირებს ვერც იქ მიაკვლიეს; ბენიამინელთა მიწაზეც მივიდნენ, მაგრამ ვერც იქ იპოვეს.
5 მივიდნენ ცუფის მიწაზე და უთხრა საულმა მსახურს, რომელიც თან ახლდა: „მოდი დავბრუნდეთ, თორემ მამაჩემი ჩვენზე იდარდებს და ვირები ვიღას ეხსომება“.+ 6 მან კი მიუგო: „ამ ქალაქში ერთი ღვთის კაცია, დიდად პატივდებული. რასაც ამბობს, ყველაფერი სრულდება.+ მოდი იქ წავიდეთ, იქნებ გვითხრას, რა გზას დავადგეთ“. 7 საულმა თავის მსახურს უთხრა: „წავიდეთ, მაგრამ რა მივუტანოთ? გუდაში პური გამოგველია, ძღვენიც არაფერი გვაქვს, რომ იმ ღვთის კაცს მივართვათ. გვაქვს რამე, რომ წავუღოთ?“ 8 მსახურმა საულს მიუგო: „მეოთხედი შეკელი* ვერცხლი მაქვს და ამას მივცემ იმ ღვთის კაცს, ის კი გვეტყვის, როგორ მოვიქცეთ“ 9 (ძველად ისრაელში, როცა სურდათ, ღმერთს დაჰკითხვოდნენ, ამბობდნენ, წამო, წინასწარმხილველთან+ წავიდეთო. ვისაც დღეს წინასწარმეტყველს ეძახიან, ადრე წინასწარმხილველს ეძახდნენ). 10 საულმა თავის მსახურს უთხრა: „კარგი, წავიდეთ“. წავიდნენ ისინი იმ ქალაქში, სადაც ღვთის კაცი იყო.
11 აღმართს რომ მიუყვებოდნენ ქალაქისკენ, წყლის მოსატანად მომავალი გოგონები დაინახეს და ჰკითხეს: „არის აქ სადმე წინასწარმხილველი?“+ 12 მათ მიუგეს: „კი, აი იქ არის. იჩქარეთ, დღეს ჩამოვიდა ქალაქში, რადგან ხალხი დღეს მსხვერპლს სწირავს+ სათაყვანო მაღლობზე.+ 13 ქალაქში შესვლისთანავე იპოვით მას; ჯერ არ იქნება მაღლობზე ასული საჭმელად. ხალხი მანამ არ შეჭამს, სანამ ის არ მივა და არ აკურთხებს მსხვერპლს; მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლიათ მიწვეულებს ჭამა. ამიტომ ახლავე წადით და იპოვით მას“. 14 ისინიც ჩავიდნენ ქალაქში. ქალაქში შესულებმა დაინახეს სამუელი, რომელიც მათთან შესახვედრად გამოსულიყო, ერთად რომ ასულიყვნენ მაღლობზე.
15 საულის მისვლამდე ერთი დღით ადრე იეჰოვამ სამუელს გამოუცხადა: 16 „ხვალ ამ დროს ბენიამინელ+ კაცს გამოგიგზავნი. ის უნდა სცხო ჩემი ხალხის, ისრაელის, წინამძღოლად.+ ის იხსნის ჩემს ხალხს ფილისტიმელთა ხელიდან, რადგან დავინახე ჩემი ხალხის გაჭირვება და მათმა ღაღადმა ჩემამდე მოაღწია“.+ 17 როცა სამუელმა საული დაინახა, უთხრა მას იეჰოვამ: „აი ის კაცი, რომელზეც გითხარი, ჩემი ხალხის მმართველი გახდება-მეთქი“.+
18 მიუახლოვდა საული სამუელს კარიბჭესთან და ჰკითხა, წინასწარმხილველის სახლს ხომ ვერ მიმასწავლიო. 19 მიუგო სამუელმა საულს: „მე ვარ წინასწარმხილველი. მოდი წინ წამიძეხი და ავიდეთ მაღლობზე; დღეს ერთად ვჭამოთ,+ დილით კი გაგიშვებ და ყველაფერს გეტყვი, რისი გაგებაც გსურს. 20 ნუ გადარდებს სამი დღის წინ დაკარგული ვირები,+ რადგან უკვე იპოვეს. ვისია ისრაელის მთელი საუნჯე, თუ არა შენი და მამაშენის მთელი სახლეულობის?!“+ 21 საულმა მიუგო: „მე ხომ ბენიამინელი ვარ, ისრაელის უმცირესი ტომიდან,+ ბენიამინის ტომის შტოთა შორის კი ჩემი შტო ყველაზე უმნიშვნელოა. რატომ მეუბნები ამას?“
22 შეიყვანა სამუელმა საული და მისი მსახური სასადილო დარბაზში და მოწვეულთა თავში დასხა; 30-მდე კაცი იქნებოდა იქ. 23 უთხრა სამუელმა მზარეულს: „გამოიტანე ხორცის ის ნაჭერი, რომელიც ჩაგაბარე და გითხარი, გადაინახე-მეთქი!“ 24 გამოიტანა მზარეულმა ბარკალი და წინ დაუდო საულს. სამუელმა უთხრა: „ეს შენთვის გადანახული ნაჭერია. ჭამე, რადგან ამ დროისთვის გადაგინახეს. ნათქვამი მქონდა მათთვის, რომ სტუმრები მეყოლებოდა“. ჭამა საულმა იმ დღეს სამუელთან ერთად. 25 ჩამოვიდნენ სათაყვანო მაღლობიდან+ ქალაქში და სახლის ბანზე განაგრძო მან საულთან საუბარი. 26 გამთენიისას ადგნენ; ბანზე გაიხმო სამუელმა საული და უთხრა: „გაემზადე, რომ გაგამგზავრო“. როცა გაემზადა საული, ორივენი, ისიც და სამუელიც, გარეთ გავიდნენ. 27 როცა ქალაქიდან მომავალნი დაღმართზე ეშვებოდნენ, უთხრა სამუელმა საულს, შენს მსახურს+ უთხარი, წინ წადი-თქო, ისიც წავიდა წინ. შემდეგ კი უთხრა: „გაჩერდი, ღვთის სიტყვა უნდა გაგიცხადო!“