მატიანე — წიგნი მეორე
21 განისვენა იეჰოშაფატმა და დამარხეს ის თავისი მამა-პაპის გვერდით, დავითის ქალაქში. მის შემდეგ მისი ვაჟი იეჰორამი გამეფდა.+ 2 მას ჰყავდა ძმები: აზარია, იეხიელი, ზაქარია, აზარია, მიქაელი და შეფატია. ყველანი ისრაელის მეფე იეჰოშაფატის ვაჟები იყვნენ. 3 მამამისმა მათ დიდძალი ოქრო-ვერცხლი უბოძა, აგრეთვე ძვირფასეულობა იუდას გამაგრებულ ქალაქებთან ერთად,+ სამეფო კი იეჰორამს გადასცა,+ რადგან პირმშო იყო იგი.
4 მას შემდეგ, რაც იეჰორამი მამამისის სამეფოში გამეფდა, მახვილით დახოცა თავისი ძმები+ და ისრაელის რამდენიმე მთავარი და ასე განიმტკიცა მეფობა. 5 იეჰორამი 32 წლისა გამეფდა და 8 წელი იმეფა იერუსალიმში.+ 6 ისიც ისრაელის მეფეების მსგავსად იქცეოდა,+ როგორც ახაბის სახლეულობა, რადგან ცოლად ახაბის ასული ჰყავდა;+ ბოროტებას სჩადიოდა იეჰოვას თვალში, 7 მაგრამ არ სურდა იეჰოვას დავითის შთამომავლობის მოსპობა დავითთან დადებული შეთანხმების გამო,+ რადგან დაჰპირდა, რომ დავითისა და მისი ვაჟების ლამპარი არასდროს ჩაქრებოდა.+
8 მის დროს აუჯანყდა ედომი იუდას+ და საკუთარი მეფე დაისვა.+ 9 მაშინ გაემართა იეჰორამი ედომისკენ თავისი ჯარის მეთაურებთან ერთად ეტლებითურთ. ღამით შეუტია გარშემოხვეულ ედომელებს და ეტლების მეთაურებს, და დაამარცხა ისინი. 10 მაგრამ დღემდე არ ემორჩილება ედომი იუდას. იმ დროს ლიბნაც+ აუჯანყდა იეჰორამს, რადგან მან ზურგი აქცია იეჰოვას, თავისი მამა-პაპის ღმერთს;+ 11 იეჰორამს სათაყვანო მაღლობები+ ჰქონდა მოწყობილი იუდას მთებზე, რომ იერუსალიმის მკვიდრთ სხვა ღმერთებისთვის ეცათ თაყვანი*, და გზას ააცდინა იუდა.
12 მან წერილი მიიღო ელია+ წინასწარმეტყველისგან: «აი, რას ამბობს იეჰოვა, შენი წინაპრის, დავითის, ღმერთი: „მამაშენ იეჰოშაფატისა+ და იუდას მეფე ასას+ მსგავსად კი არა, 13 ისრაელის მეფეების მსგავსად იქცევი,+ და სხვა ღმერთების თაყვანისცემაში ხვევ იუდასა და იერუსალიმის მკვიდრთ,+ როგორც ახაბის სახლეულობამ გახვია სხვა ღმერთების თაყვანისცემაში ხალხი.+ შენ შენი ძმები, მამაშენის ვაჟებიც კი დახოცე,+ რომლებიც შენ გჯობდნენ; 14 ამიტომ სასტიკად გაუსწორდება იეჰოვა შენს ხალხს, შენს ვაჟებსა და შენს ცოლებს, წაგართმევს ქონებას, 15 შენ კი მრავალ სნეულებას შეგყრის, დღითი დღე ისე დაგისნეულებს ნაწლავებს, რომ გარეთ გადმოგეყრება“».
16 იეჰოვამ იეჰორამის წინააღმდეგ აღძრა+ ფილისტიმელები+ და ეთიოპთა მეზობლად მცხოვრები არაბები.+ 17 შეიჭრნენ ისინი იუდაში და ხელთ იგდეს მთელი ქონება, რაც კი რამ ნახეს მეფის სასახლეში,+ ტყვედ წაასხეს მეფის ვაჟები და ცოლები; უმცროსი ვაჟის, იეჰოახაზის*+ გარდა ვაჟი არ დარჩენია მას. 18 ამის შემდეგ ნაწლავების უკურნებელი სენი შეჰყარა მას იეჰოვამ.+ 19 ორი წლის შემდეგ სნეულებისგან ნაწლავები გარეთ გადმოეყარა და მოკვდა ტკივილებით გატანჯული. ხალხს მისთვის პატივის მისაგებად საკმეველი არ უკმევია, როგორც მის მამა-პაპას უკმევდნენ ხოლმე.+ 20 იეჰორამი 32 წლისა გამეფდა და 8 წელი იმეფა იერუსალიმში. ისე მოკვდა, რომ არავის დანანებია. დამარხეს იგი დავითის ქალაქში,+ მაგრამ არა მეფეთა სამარხში.+